fbpx
ტექნოლოგიებიჯანმრთელობა

ახალი მოწყობილობა ფეხზე მოგიღიტინებთ და სტრესთან გამკლავებაში დაგეხმარებათ (ვიდეო)

ფსიქოლოგები გამუდმებით ცდილობენ ადამიანებს სტრესის დონის შემცირებასა და სხვადასხვა სირთულესთან გამკლავებაში დაეხმარონ. ახლა კი საქმეში მეცნიერები, ცოტა არ იყოს, უჩვეულო და სასაცილო მოწყობილობით ჩაერთნენ – მათ შექმნეს ტექნოლოგია, რომელიც მომხმარებელს ფეხზე უღიტინებს და შედეგად „უკონტროლო სიცილს“ იწვევს.

ელემენტებზე მომუშავე მოწყობილობა, სახელწოდებით TickleFoot, ფეხსაცმელში მაგრდება. სამი აქტიური წერტილი ფეხის გულზე ყველაზე სენსიტიურ ადგილებშია განლაგებული, რათა ღიტინს შესაბამისი ეფექტი ჰქონდეს.

მეცნიერებმა, მათ შორის, ახალი ზელანდიის ოკლენდის უნივერსიტეტის თანამშრომლებმა, განაცხადეს, რომ მოწყობილობა მაგნიტიანი ფუნჯების საშუალებით ღიტინის შეგრძნებებს აჩენს და შესაძლოა „უკონტროლო სიცილის“ გამოწვევით სტრესის შემსუბუქებაში დაგვეხმაროს.

კვლევაში, რომელიც ცოტა ხნის წინ ჟურნალ Transactions on Computer-Human Interaction-ში გამოქვეყნდა, მეცნიერებმა ფეხის გულზე ღიტინისთვის ყველაზე სენსიტიური ადგილები და სტიმულაციის ის ნიმუშები გამოკვეთეს, რომლებიც სიცილს იწვევს. მიღებული ნიმუშები კი უკვე რამდენიმე ექსპერიმენტით დადასტურდა, რომლის ფარგლებშიც მონაწილეებმა ღიტინის დონე შვიდქულიანი სისტემით შეაფასეს.

„მონაწილეების შეფასებებიდან რამდენიმე განაცხადი მივიღეთ, რომელთა მიხედვითაც ასეთი სიმულაციები შესაძლოა სასარგებლო იყოს“, – წერენ მეცნიერები.

გარდა ამისა, კვლევამ, რომელშიც 13 ადამიანი, მათ შორის, შვიდი ქალი და ექვსი კაცი მონაწილეობდა, გენდერული ვარიაციების მნიშვნელობაც გამოკვეთა. უფრო კონკრეტულად, მეცნიერების თქმით, ქალების შემთხვევაში ღიტინის ყველაზე დიდი ქულა ფეხის თაღის ცენტრმა მიიღო, კაცების შემთხვევაში კი – ფეხის თითებთან ახლოს მდებარე ადგილმა.

სწორედ მიღებული მონაცემების საფუძველზე ჩასვეს მეცნიერებმა მასტიმულირებლები დრეკად ღაბაშში. მოწყობილობის ბატარეები დაახლოებით ერთ საათს ძლებს, მისი ჩართვა და გამორთვა კი დისტანციურადაა შესაძლებელი.

მიუხედავად ტექნოლოგიის წარმატებული განვითარებისა, ჯერ კიდევ გასარკვევია, რამდენად გამოიღებს ის სასურველ შედეგს. ეჭვის საფუძველს ადრეული კვლევა ბადებს, რომლის მიხედვითაც, ღიტინისგან სიცილის გამოსაწვევად ადამიანი უკვე პოზიტიურ განწყობაზე უნდა იყოს.

marketer.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close