fbpx
საზოგადოება

არასდროს ისე არ ყოფილა ადამიანი ღმერთს მოკლებული, როგორც დღეს – დღეს წითელი პარასკევია

დღეს წითელი პარასკევია. დღეს უკვე 2021-ჯერ გლოვობს ქრისტიანული სამყარო მაცხოვრის ჯვარცმას.

„არასდროს ისე არ ყოფილა ადამიანი ღმერთს მოკლებული, როგორც დღეს… დღეს ეშმაკებმა, ნადირებმა, ან ტურამგლებმა კი არა, ადამიანებმა შეკრეს ეკლის გვირგვინი და ქრისტეს დაადგეს“ (წმიდა იუსტინე პოპოვიჩი).

წითელი პარასკევი დიდი მარხვის ყველაზე მძიმე დღეა.

დიდ პარასკევს, მაცხოვრის ვნებასთან დაკავშირებით, უსისხლო მსხვერპლშეწირვა – წმიდა წირვა არ აღესრულება, ნიშნად იმისა, რომ თვით უფალი იყო უკანასკნელი სისხლიანი მსხვერპლი ადამიანთა ხსნის საღმრთო განგებულების აღსრულებისას.

დიდი პარასკევის სერობა მაცხოვრის ჯვრიდან გარდამოხსნასა და დასაფლავებას ეძღვნება.

ეკლესიებში მსახურების დაწყებამდე ტაძრის შუაგულში მზადდება ყვავილებით მორთული ამაღლებული სადგამი – „საფლავი“, საკურთხეველში კი, წმინდა ტრაპეზზე, დააბრძანებენ გარდამოხსნას, საგანგებოდ მოხატულ დიდ ქსოვილს, რომელზეც საფლავში ჩასვენებული მაცხოვარია ამოქარგული. საგალობლები, რომლებიც ამ დროს იგალობება, იესო ქრისტეს ვნებასა და ჯვარცმას ასახავს.

ამის შემდეგ სამღვდელოება და მლოცველები გარდამოხსნის წინაშე დიდ მეტანიას ასრულებენ და მას ეამბორებიან. გარდამოხსნა ტაძრის შუაგულში  სამი დღის განმავლობაში რჩება, რაც იმის სიმბოლოა, რომ მაცხოვარი აღდგომამდე სწორედ სამი დღე იყო საფლავში.

წითელ პარასკევს ქრისტიანები სიმბოლურად კვერცხს წითლად ღებავენ. გადმოცემის თანახმად,  ამაღლებამდე იესო ქრისტემ თავისი მოწაფეები სხვადასხვა ადგილას გაგზავნა, რათა ხალხისთვის მისი აღდგომის შესახებ ეხარებინათ. საქადაგებლად გაეშურა მარიამ მაგდალინელიც, რომელმაც ღვთისმშობლის შემდეგ პირველმა იხილა მკვდრეთით აღმდგარი უფალი.

მარიამ მაგდალინელი რომში ჩავიდა და პირდაპირ იმპერატორის სასახლეს მიაშურა. იგი ცნობილი პიროვნება იყო და ამიტომ დაუბრკოლებლად გაატარეს სასახლეში. მან იმპერატორ ტიბერიუსს საჩუქრად კვერცხი გაუწოდა და ახარა: „ქრისტე აღდგა“. იმპერატორმა ქალს ეჭვით შეხედა და წამოიძახა: „როგორ შეეძლო, მკვდარს აღმდგარიყო?!  ეს ისევე დაუჯერებელია, როგორც ის, რომ ახლა ეს კვერცხი გაწითლდეს“. სიტყვები ჯერ არ ჰქონდა დამთავრებული, რომ კვერცხი მართლაც გაწითლდა. ამ დღიდან მოყოლებული, ქრისტიანები წითელი კვერცხებით ეგებებიან აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს.

primetime.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close