მსოფლიოარტისტი

ჩარლი ჩაპლინის ცხოვრების წესები

წელს გენიალური კომიკოსისა და რეჟისორის, ჩარლზ სპენსერ ჩაპლინის დაბადებიდან 133 წელი გავიდა – 16 აპრილი (1889) მისი დაბადების დღეა.

აი მისი ფრაზები, რომლებშიც ჩანს დიდი ხელოვანის ცხოვრებისეული კრედო:

სიცოცხლე მშვენიერი რამ არის, მედუზისთვისაც კი.

კლიშეების არ მეშინია. მთელი ცხოვრება უსასრულო კლიშეს წარმოადგენს. ყველანი ვცოცხლობთ და ვკვდებით, დღეში სამჯერ ვიკვებებით, გვიყვარდება და აღარ გვიყვარს.

ვინც ბავშვი არასოდეს ყოფილა, ვერასოდეს გახდება დიდი.

დედა ისეთი მხიარული და უდარდელი იყო, როგორ შეიძლებოდა გაგიჟებულიყო? ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ის განგებ შეიშალა, რათა ჩვენზე არ ეფიქრა.

საკმაო დრო გავატარე ცირკში. და ყოველთვის ძალიან ვღელავდი ბაგირზე მოსიარულეთა გამო.

ყველაფერი შემთხვევით მოხდა. ოპერატორმა რამე გრიმის გაკეთება მთხოვა. მეც კოსტიუმერებისკენ მივდიოდი და გზადაგზა ვფიქრობდი: ისეთი რამ უნდა მოვიფიქრო, რომ ერთი მეორის საპირისპირო იყოს: ფართხუნა შარვალი და ვიწრო პიჯაკი, დიდი თავი და პატარა ქუდი, ერთიანად მორღვეული კაცი, მაგრამ მაინც ჯენტლმენი.

სისადავე იოლი საქმე არ არის.

მთელი საიდუმლოება გულწრფელობაშია. მოხუცს ბანანის ქერქზე გაუცურდა ფეხი და წაიქცა – არ გვეცინება. მაგრამ თუკი იგივე მდიდარ გაბღენძილ ჯენტლმენს შეემთხვევა – ვხარხარებთ.

ფროიდისგან განსხვავებით, არ მჯერა, რომ სექსი ადამიანის საქციელის განმსაზღვრელ ფაქტორს წარმოადგენს. ჩემი აზრით, სიცივე, შიმშილი და სიღატაკე ბევრად ღრმად განსაზღვრავს მის ფსიქოლოგიას.

ჩემი ტკივილი შეიძლება ვინმეს სიცილის მიზეზი იყოს, მაგრამ ჩემი სიცილი არასოდეს უნდა გახდეს ვინმეს ტკივილის მიზეზი.

როდესაც ხმოვანი კინოს ერა დადგა, ჩემს გმირ ჩარლის ბოლო მოეღო. წარმოდგენაც არ მქონდა, როგორი ხმა  უნდა ჰქონოდა.

მინდოდა, რომ ჩემს მაყურებელს კიდეც ეტირა და კიდეც ეცინა, და ვინც რა უნდა იფიქროს, საწადელს მივაღწიე.

საღამო მარტოობის დროა კალიფორნიაში, განსაკუთრებით მაინც ჰოლივუდში.

ადამიანის ნამდვილი ხასიათი სიმთვრალეში ვლინდება.

სარკე ჩემი ნამდვილი მეგობარია, რადგან როდესაც ვტირი, ის არასოდეს იცინის.

ფიქრის უნარი როიალზე ანდა ვიოლინოზე დაკვრის ტოლფასია, მასაც ყოველდღიური პრაქტიკა სჭირდება.

შთამომავლობის წარმოშობა ბუნების მთავარი კანონია და ნებისმიერი მამაკაცი, ახალგაზრდა თუ მოხუცი ქალთან შეხვედრისა, მასთან სექსის შესაძლებლობას განიხილავს.

ბევრ ხელმარჯვე ოსტატს შეცდომით გენიოსად მიიჩნევდნენ.

ამერიკა მეტად აღარაფერში მჭირდება და იმ შემთხვევაშიც არ დავბრუნდებოდი იქ, პრეზიდენტად იესო ქრისტე რომ აერჩიათ.

პატრიოტიზმი ყველაზე დიდი სიგიჟეა, რის გამოც ზიანი მიყენებია სამყაროს.

ცხოვრება პიესაა, რომლის რეპეტიციასაც ვერ გაივლი. ამიტომაც იმღერეთ, იტირეთ, იცეკვეთ, იცინეთ და სრულფასოვნად იცხოვრეთ იქამდე, ვიდრე ფარდა არ დაეშვება და სცენა არ დასრულდება ყოველგვარი აპლოდისმენტების გარეშე.

არაფერი მარადიული არ არის ჩვენს ცოდვილ დედამიწაზე, ჩვენი უსიამოვნებებიც კი.

საკუთარი თავის უნდა გწამდეს – ესაა საიდუმლო. მაშინაც კი, როცა ობოლთა თავშესაფარში ვცხოვრობდი და ქუჩაში საკვებს ვეძებდი, ვფიქრობდი საკუთარ თავზე, როგორც უდიდეს მსახიობზე მსოფლიოში. მე უნდა მქონდეს აბსოლუტური თავდაჯერებულობა, მის გარეშე დავმარცხდებოდი.

***

როგორც ცნობილია, ოფიციალურად ჩარლზ სპენსერ ჩაპლინს ოთხი ცოლი და 11 კანონიერი შვილი ჰყავდა, რომელთაგან ბოლო (ქალიშვილი) მაშინ მოევლინა ქვეყანას, როდესაც კომიკოსს 72 წელი შეუსრულდა. ჩაპლინის მეოთხე მეუღლე უნა ნილი მთელი 36 წლით იყო ქმარზე უმცროსი. ეს ქორწინება ბედნიერი აღმოჩნდა ჩარლისთვის – წყვილს სამი ვაჟი (ევგენი, მაიკლი და კრისტოფერი) და ხუთი ქალიშვილი (ანა-ემილი, ჯოზეფინი, ჯერალდინი, ვიქტორია და ჯოანი) შეეძინათ.

ჩარლი ჩაპლინი 88 წლის ასაკში საკუთარ სახლში გარდაიცვალა. წელს, 25 დეკემბერს მსოფლიო ვარსკვლავის გარდაცვალებიდან 45 წელი სრულდება.

თამთა გურული

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close