ქართველთა განმანათლებლის, წმინდა ნინოს ხსენების დღე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს მოციქულთა სწორის, წმინდა ნინოს მიძინებას აღნიშნავს.
წმიდა ნინო წარმოშობით კაბადოკიის ქალაქ კოლასედან იყო. სრულიად ახალგაზრდა ქალწული ნინო ქრისტიანობის საქადაგებლად საქართველოში დაახლოებით 323 წელს შემოვიდა ჯავახეთიდან. მას თან ჰქონდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ვაზის ჯვარი.
ეს ჯვარი, როგორც წმინდა ნინოსთან დაკავშირებული ერთ-ერთი მთავარი სიწმინდე, ამჟამად სიონის საკათედრო ტაძარში ინახება და ყოველ ნინოობას მორწმუნეების წინაშე გამოაბრძანებენ ხოლმე. ამ სიწმინდის მოლოცვა მორწმუნეებს მთელი დღის განმავლობაში შეუძლიათ.

ქართველთა განმანათლებლისა და მოციქულთა სწორის, წმინდა ნინოს მეოხებით საქართველოში სახელმწიფო რელიგიად ქრისტიანობა 326 წელს გამოცხადდა, მეფე მირიანის და დედოფალ ნანას დროს.
წმინდა ნინოს ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წელიწადში ორჯერ აღნიშნავს: პირველ ივნისს, მისი საქართველოში შემოსვლის დღეს და 27 იანვარს – მისი მიძინების (გარდაცვალების) დღეს.

სადაც დაკრძალულია წმიდა ნინო
წმინდა ნინოს ტროპარ-კონდაკი
ტროპარი
სიტყვისა ღმრთისა მსახურთა თანამოსაგრეო და ანდრიას ქადაგებისა წარმართებაო, ქართველთა განმანათლებელო და სულისა წმიდისა ქნარო ნინო, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის. ამინ.
კონდაკი
მოციქული ქრისტეისგან გამორჩეული, ქადაგი სიტყვისა ღმრთისა განსწავლული, მახარებელი ცხოვრებისა, წინამძღვარი ქართველთა ერისა გზათა მშვიდობისათა, დედისა ღმრთისა საკუთარი მოწაფე ნინო შევამკოთ დღეს ყოველთა გრძნობითა საღმრთოითა, მეოხი მხურვალე, მცველი დაუძინებელი.