fbpx
ქართველები უცხოეთშიიტალია

ქართველმა ემიგრანტმა მზარეულმა რომში პიცის პრესტიჟულ ეროვნულ კონკურსში გაიმარჯვა

იტალიაში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტმა ვალერი სახიაშვილმა რომში გამართულ პიცის ეროვნულ ჩემპიონატზე პირველი ადგილი დაიკავა. ამის შესახებ terremarsicane.it წერს. „პიცების ოსტატმა ვალერი სახიაშვილმა ავეცანო დატოვა და რომის დასაპყრობად გაემგზავრა“, – წერს გამოცემა. და დაიპყრო კიდეც.

პიცის ეროვნულ ჩემპიონატზე, სახელწოდებით Pizza Capitale Trophy, რომლის ორგანიზატორია მაესტრო მასიმო დელ მესტრე, უამრავი ნიჭიერი პიცაიოლო მონაწილეობდა მთელი იტალიიდან. მათ მიერ დამზადებულ პიცებს 13 ექსპერტისგან შემდგარი ჟიური აფასებდა.

ჩემპიონატი 5 კატეგორიად იყო დაყოფილი: „ნეაპოლური პიცა“, „კლასიკური პიცა“, „დახვეწილი პიცა“, „სცენოგრაფიული პიცა“ და „პიცა-დესერტი“. კონკურსანტებს მხოლოდ ერთ კატეგორიაში შეეძლოთ მონაწილეობა და ვალერი სახიაშვილმა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, პირველი ადგილი დაიკავა თავისი დელიკატესით გურმანებისთვის. მის მიერ დამზადებულმა დახვეწილმა პიცამ არტიშოკის კრემის, სტრაჩატელას (ყველი), ბეკონის გარსიანი ხამანწკების და თეთრი სოკოს ფხვნილის საფუძველზე ჟიურის დიდი მოწონება დაიმსახურა და მას გამარჯვება მოუტანა.

გამოცემა წერს, რომ ავეცანოში ყველა იცნობს ნიჭიერ ოსტატს – ვალერი სახიაშვილს, პიცერია Arte bianca-ს მფლობელს და პიცერია Il ristorante-ს თანამფლობელს, სადაც იგი  სასტუმრო „ოლიმპიას“ შეფ-მზარეულ იური კურსისთან ერთად მუშაობს.

ნინო ხოშტარია

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close