fbpx
ბლიც-ინტერვიუ

„თუ წვიმს, ვამბობ, აი, რა კარგი ორკესტრია“ – ნინო ქათამაძე

„დაიჯესტის“ ბლიც-ინტერვიუს სტუმარია მომღერალი ნინო ქათამაძე.

შენი საყვარელი ფრაზა

გული.

შენი საყვარელი ფერი

ყველა ფერი მიყვარს.

რა ფერი აქვს მუსიკა?

თავისუფლების ფერი აქვს, ის სხვადასხვა ფერია და სხვადასხვა დროშია.

სიყვარული რა არის ?

სიყვარული არის მუსიკა.

თავისუფლება რა არის?

თავისუფლება არის სიყვარული და კიდევ ის არის თავისუფლება, როდესაც საკუთარი თავის მოძალადე არ ხარ.

მეგობრობა რა არის?

მეგობრობა არის თერაპია.

რა არის სრულყოფილი ბედნიერება?

სრულყოფილი ბედნიერება, ის რაშიც მონაწილეობ და ეთანხმები. ზოგადად, ბედნიერება წამიერია, რომელიც იქვე ხდება, როცა ხედავ და გიხარია.

რისი ხმა გაღიზიანებს?

თმის საშრობის („ფენის“) ხმა არ მიყვარს.

რა იწვევს შენში აღფრთოვანებას?

ძალიან მიყვარს და მაოცებს თვითონ ეს მდგომარეობა – აღფრთოვანება აღმაფრთოვანებს, ვცდილობ ხშირად ვიყო ამ განცდებში.

აგრეთვე, აღმაფრთოვანებს ბუნება, როცა ვუყურებ ბუნებას, როგორ შეუძლია ასე იცვალოს ფერი, ასე ხატავდეს სამყაროს. ვგიჟდები… ყოველწამს სხვადასხვაგვარია და ყოველთვის ინსპირაციის წყაროა.

რისი გშურს?

დროის მშურს, დრო ძალიან თავისუფალია, შემოდგომის მშურს, ძალიან უხვია, შრომისუნარიანი ადამიანებისაც მშურს.

შენი ხასიათის მთავარი შტრიხი…

რისკიანი ვარ.

როდის და სად იყავი ყველაზე ბედნიერი?

რა თქმა უნდა, არსებობს ცხოვრებაში ბედნიერების აფეთქებები, მაგრამ ჩემს ცხოვრებაში სხვანაირად ხდება. ბედნიერებაა, როცა მარტივ რაღაცაში ხედავ ბედნიერებას, შეიძლება ქუჩაში აბსოლუტურად მოწყენილი მივდიოდე, უცნობმა ადამიანმა სიყვარულით გამიღიმოს და უკვე ბედნიერებით სავსე ვარ.

ბედნიერებას მანიჭებს ის ფაქტიც, რომ პურის ცხობა ვისწავლე, რომ გავდივარ და კარგი ამინდია ან თუ წვიმს და ვამბობ, აი, რა კარგი ორკესტრია.

ყველაზე ბედნიერი კი მაშინ ვიყავი, როდესაც მეხუტებოდნენ.

საუკეთესო რამ, რაც წელს თქვენს ცხოვრებაში მოხდა?

ამ პანდემიის დროს ჩემს შვილთან ძალიან ბევრ დროს ვატარებ, იმდენი რამე მასწავლა, იმდენი რამე მომცა, რომ ახლა ბებოსთან სტუმრად არის წასული და უკვე ვეღარ ვძლებ.

რა გენატრებათ ყველაზე მეტად?

სიმღერა…

რას ისურვებდით, რომ ღმერთმა გითხრას?

მინდა მითხრას, რომ მას სჯერა ჩემი სიყვარულის.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close