საზოგადოებასაქართველო

ტრაგედია აჭარაში – სოციალურ ქსელში მეწყრის ქვეშ მოყოლილი ოჯახის ფოტო ვრცელდება (ვიდეო)

ხელვაჩაურში, სოფელ ქვედა ჯოჭოში მეწყერმა სახლი წაიღო, მიმდინარეობს მოქალაქეთა ძებნის სამუშაოები, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი.

მეზობლები ამბობენ, რომ სახლში ოჯახის სამი წევრი იმყოფებოდა, მათ შორის, ერთი – არასრულწლოვანი.

მათივე თქმით, ასევე, გზაზე მდგომ მანქანაში, რომელიც მეწყერმა ჩაიტანა, სტუმრად მყოფი ორი ახალგაზრდა იჯდა.

„მიწა რომ ჩამოწვა, იყო დიდი ხმაური, სახლი იყო ბეტონის და მთლიანად ჩაიყოლა. სამი ადამიანია მოყოლილი მეწყერში, ვინც სახლში იყო. 200 მეტრი სიმაღლიდან ჩამოწვა მასა, უცებ ჩაიტანა. ასევე გზაზე იყო „პრიუსი“ და ისიც ჩაიყოლა. ორი ბიჭი იჯდა, სტუმრად იყვნენ“, – ამბობს ერთ-ერთი მეზობელი.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, აჭარაში მოსული უხვი ნალექის გამო, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში შესულია 400-მდე შეტყობინება.

შეტყობინებების უმრავლესობა ეხება დატბორილ ქუჩებს, საცხოვრებელი სახლების პირველ სართულებს, ეზოებსა და სარდაფებს. რამდენიმე ადგილას, გზაზე, ჩამოწოლილია მიწის მასა და ჩახერგილია გზა, ადიდებულია მდინარეები და ღელეები.

მაშველებმა ავტოამწის დახმარებით მდინარე სატეხიიდან ამოიტანეს ერთი ავტომობილი. მასში ადამიანები არ იმყოფებოდნენ“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

მათივე ცნობით, სახანძრო-სამაშველო ჯგუფები მთელი აჭარის მასშტაბით უწევენ მოსახლეობას სხვადასხვა სახის დახმარებას.

„სამუშაოებში ჩართულია აჭარის 17 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი, 60-კაციანი შემადგენლობით.

აჭარაში დამატებით ჩავიდა: იმერეთიდან – სპეციალური საშუალებებით აღჭურვილი ხუთი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი 18-კაციანი შემადგენლობით, სამეგრელოს ოთხი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი 19-კაციანი შემადგენლობით და თბილისის სამი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი 20-კაციანი შემადგენლობით.

ყველა შეტყობინებაზე მომხდარია რეაგირება“, – ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.

მეწყერში მოყოლილი ოჯახის ფოტოს სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მომხმარებელი აქვეყნებს.

ამ დროისთვის ოჯახის წევრების მხოლოდ პირადი ნივთებია ნაპოვნი.

აჭარაში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, 120 მეხანძრე-მაშველი და მძიმე ტექნიკა დაახლოებით 40 000 ტონა მეწყრულ მასაში მოყოლილ მოქალაქეებს 24-საათიან რეჟიმში, უწყვეტად ეძებს. ადგილზე დამატებით მობილიზებული არიან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამნაღმველები, რომლებიც მეწყრულ მასაში მოყოლილ ავტომობილს ეძებენ. საძიებო სამუშაოები, ასევე, მიმდინარეობს მდინარე სატეხიაში, საიდანაც გადავარდნილი ავტომობილი უკვე ამოღებულია, ხოლო მისი მძღოლი დაკარგულია.

1tv.ge-ს მიხედვით

სტატია განახლებულია 13:25 სთ-ზე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close