პოლიტიკასაქართველო

შამბა: ქართველები მტრად არ მიმაჩნია და დროა, საქართველოსთან დიალოგი დავიწყოთ (ვიდეო)

დე ფაქტო აფხაზეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა სერგეი შამბამ „ეხო მასკვისთან“ ვრცელ ინტერვიუში საქართველოსა და ოკუპირებული აფხაზეთის ურთიერთობებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კონფლიქტი ეთნიკურზე მეტად პოლიტიკური იყო.

ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილმა ე.წ. პრემიერ-მინისტრმა სერგეი შამბამ გამოცემა „ეხო მასკვისთან“ ვრცელ ინტერვიუში საქართველოსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის ურთიერთობებზე ისაუბრა. ყოფილმა ე.წ. პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ქართველები მტრად არ მიაჩნია და საქართველოში მეგობრებიც ჰყავს.

„საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლაში, შეიძლება ითქვას, ლიდერი მე ვიყავი. თუმცა, ასევე პირველმა დავიწყე საუბარი იმაზე, რომ დროა, როგორმე დიალოგი დავიწყოთ. ჩვენ უნდა ვიფიქროთ ერთობლივ მომავალზე, რადგან მეზობელი ხალხები ვართ და ბედმა ერთმანეთის გვერდით არსებობა გვარგუნა. მეზობელ ხალხებს  შორის ვგულისხმობ არა მხოლოდ საქართველოს, ევროპელ ხალხებს შორისაც ყოფილა კონფლიქტები. ისინი ერთმანეთს ეომებოდნენ, მაგრამ ყოველთვის დგება ურთიერთობის დარეგულირების დრო. ვფიქრობ, ახლა საქართველოსთან სწორედ ასეთი დიალოგის დაწყება შეიძლება“, – განაცხადა სერგეი შამბამ „ეხო მასკვისთან“ ინტერვიუს დროს.

რუსულ გამოცემასთან ინტერვიუში სერგეი შამბამ 1992-1993 წლებში მიმდინარე მოვლენებზეც ისაუბრა და საქართველოსთან მოლაპარაკებები გაიხსენა. „იმედი გვქონდა, რომ ურთიერთობის რაღაც ფორმატზე მაინც შევთანხმდებოდით. თანახმა ვიყავით ფედერაციულ ურთიერთობაზე. შემდეგ საუბარი იყო კონფედერაციულ შეთანხმებაზე. პრიმაკოვის შუამავლობით განვიხილეთ ვარიანტი, რომელსაც „ერთობლივი სახელმწიფო“ ეწოდებოდა, თუმცა ყველა ჩამოთვლილ შეთავაზებაზე საქართველო უარს ამბობდა. ძალიან ხშირად ახლოს ვიყავით კონსენსუსთან, თუმცა, საბოლოო ჯამში, აღმოჩნდა, რომ ქართულმა მხარემ ყველა პროექტზე უარი თქვა“, – განაცხადა შამბამ.

ამ ინტერვიუში შამბა, ასევე, ამბობს: „აფხაზეთში ბევრი ჩამოდის. ბათუმი უფრო მდიდრულია და სხვა დონეა. ჩვენთან უფრო მოკრძალებული სიტუაციაა, ზღვა კი უფრო კარგი გვაქვს, ვიდრე ბათუმში. საქართველოს მთელი სამყარო ეხმარება და ინვესტიციებს დებს, აფხაზეთს კი – მხოლოდ რუსეთი“.

ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის განცხადებებს თბილისში აფასებენ. „TV პირველი“ იმ პოლიტიკოსებს ესაუბრა, რომლებსაც უშუალოდ ჰქონიათ კომუნიკაცია შამბასთან. ნაწილმა მას თბილისშიც უმასპინძლა.

შამბა ე. წ. პრემიერ-მინისტრის თანამდებობას აფხაზეთში ერთი წლის განმავლობაში იკავებდა. ახლა კი ის ოპოზიციური პარტია „ამცახარას“ ერთ-ერთი ლიდერია.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close