კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის 29 ივლისიდან ოთხი აგვისტოს ჩათვლით

29-იდან 31 ივლისამდე კლებადი მთვარეა. ამ დღეებში თავი უნდა შეიკავოთ უფროსობასა და კოლეგებთან კამათისგან, მწვავე დისკუსიებისგან და ისეთ საქმეებს მიაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება, რომლებიც სწრაფად მოგიტანენ შედეგს. პროექტები, რომლებსაც მარტო ვერ უმკლავდებით, უმჯობესია ჯერჯერობით გადადოთ. პირველ აგვისტოს ახალი მთვარეა. ამ დღეს თავი შეიკავეთ ახალი წამოწყებებისგან, დიდი ფიზიკური და ემოციური დატვირთვებისგან. შეგიძლიათ დაგეგმოთ, იოცნებოთ და ფიქრებში წარმოიდგინოთ სასურველი მომავალი. 2-იდან 4 აგვისტომდე მზარდი მთვარეა – წარმატებული დღეებია ოჯახური უთანხმოებების მოსაგვარებლად. 4 აგვისტოს კარგი იქნება, თუ სილამაზის სალონს მიაკითხავთ და იმიჯს შეიცვლით ზაფხულის მზიანი დღეების შესაბამისად.

 

ვერძი

ეს კვირა ემოციურად და ფსიქოლოგიურად რთული იქნება. დიდი ძალისხმევა დაგჭირდებათ, რომ შრომისუნარიანობა შეინარჩუნოთ. არავითარ შემთხვევაში არ დანებდეთ და ხელები არ ჩამოუშვათ, თუნდაც გეჩვენებოდეთ, რომ მთელი სამყარო აგიმხედრდათ. დინების საწინააღმდეგოდ იცურეთ და აუცილებლად მიაღწევთ წარმატებას.

 

კურო

შესანიშნავი განწყობა და წარმოუდგენელი სულიერი აღმაფრენა გელოდებათ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. შესაძლოა სწორედ ახლა გადაწყდეს თქვენი ბედი პირადი ცხოვრებისა და სიყვარულის მხრივ. საუკეთესოდ წარიმართება საქმეები პროფესიულ ასპარეზზეც, განსაკუთრებით – თუ თქვენი პროფესია შემოქმედებით სფეროს უკავშირდება. მთავარია საკუთარი თავის რწმენა გქონდეთ.

 

ტყუპი

სამწუხაროდ, სიტუაცია ცხოვრების არცერთ სფეროში თქვენს სასარგებლოდ არ დალაგდება. სასურველის მიღწევის მცდელობას აზრი არ ექნება მანამ, სანამ მკაფიოდ არ განსაზღვრავთ, რა გინდათ სინამდვილეში. გონივრული იქნება, თუ ზოგიერთ შეხედულებას გადახედავთ, რომლებიც ადამიანებთან ურთიერთობას ეხება. იქნებ ცვლილებებია საჭირო?

 

კირჩხიბი

შეგიძლიათ ცოტა განიტვირთოთ. თქვენს ყველა საქმეში წამყვანი როლი საყვარელ ადამიანს, ახლობლებს და ნათესავებს დაუთმეთ, ნუ შეუშლით მათ ხელს თქვენი რჩევებით და მითითებებით. და საერთოდ, ამ პერიოდში თქვენთვის ყველაზე მომგებიანი იქნება, თუ გარეშე დამკვირვებლის როლს მოირგებთ, კეთილგანწყობით მოუსმენთ სხვებს და მათ შესაძლებლობებს და ნიჭს დააფასებთ.

 

ლომი

ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას. ამ კვირაში ვარსკვლავები არ გირჩევენ თავგამოდებულ შრომას – არც გონებრივად და არც ფიზიკურად. ქვეყანა არ დაიქცევა, თუ ამ პერიოდში ნახევარი ძალით იმუშავებთ. სასურველია, აგრეთვე, ფინანსური საკითხების გადადებაც, განსაკუთრებით – თუ ისინი სხვა ადამიანებს და პარტნიორებს უკავშირდება.

 

ქალწული

თუ საყოფაცხოვრებო საკითხებში წვრილმან უთანხმოებებს არ ჩავთვლით, პრაქტიკულად, კვირის მთელი მეორე ნახევრის განმავლობაში თავს აბსოლუტურად ბედნიერად იგრძნობთ. არსებობს წინაპირობები თქვენი სანუკვარი სურვილების ასასრულებლად, რომლებიც სიყვარულს და ოჯახურ ცხოვრებას უკავშირდება. მოსალოდნელია კარიერული წარმატებებიც.

 

სასწორი

ხლაფორთის და ფაციფუცის კვირა გელოდებათ. შესაძლოა ცხოვრების ყველა ფრონტზე ცაიტნოტის რეჟიმში მოგიწიოთ საქმიანობა, დრო კატასტროფულად არ გეყოფათ. ამ მდგომარეობას რომ აარიდოთ თავი, კარგი იქნება, თუ სწორად გაანაწილებთ პრიორიტეტებს და ყველაფრის ერთბაშად მოგვარებას არ დაიწყებთ. მაგალითად, სამუშაოსთან დაკავშირებული საკითხები შეგიძლიათ გადადოთ.

 

მორიელი

დიდი ალბათობა არსებობს, რომ არა მარტო სამუშაოსთან დაკავშირებული ყველა საქმე დამუხრუჭდება, არამედ პირადის ადგილიდან დაძვრასაც ვერ შეძლებთ. პანიკა საჭირო არ არის, ეს პაუზაც აუცილებელია. საკუთარ თავთან მარტო დარჩენა გჭირდებათ. კარგი იქნება, თუ შვებულებას აიღებთ, დაკავდებით საკუთარი გარეგნობით და ჯანმრთელობასაც დაუთმობთ ყურადღებას. შეეცადეთ ცოტა ხნით მაინც დააღწიოთ ქალაქს თავი და ბუნებაში გახვიდეთ.

 

მშვილდოსანი

ამ პერიოდში თქვენი მიმზიდველობა შესამჩნევად გაიზრდება და მიზიდულობაც გაძლიერდება. არ შეიძლება ამ შესაძლებლობების ხელიდან გაშვება. ადვილად შეძლებთ ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტას და სწრაფად მოგვარდება რთული, მიტოვებული საქმეები. ასე რომ, ჩართეთ თქვენი მომხიბვლელობის „შუქი“ და ვერავინ შეძლებს რამეზე უარი გითხრათ.

 

თხის რქა

ბევრი სიურპრიზი და საჩუქარი გელოდებათ, რომლებიც გულს გაგიხარებენ. 2 აგვისტოდან მოყოლებული, მუდმივად ყურადღების ცენტრში იქნებით, ამიტომ გამონახეთ დრო, რომ თავის მოიწესრიგოთ, როგორც საჭიროა. კარგად მოიფიქრეთ და განაახლეთ თქვენი გარდერობი, არც მაკიაჟი დაივიწყოთ. შესაძლოა საბედოსაც შეხვდეთ.

 

მერწყული

დრო მოვიდა, რომ ფინანსურ საქმეებში გაერკვეთ და თქვენს ოჯახურ ბიუჯეტს გადახედოთ. მოგეცემათ შესანიშნავი შესაძლებლობები თქვენი შემოსავლების გასაზრდელად. შეიძლება მოვალეები გამოჩნდნენ, რომლებისგან თანხის დაბრუნებაზე დიდი ხანია ხელი გაქვთ ჩაქნეული. იმის ალბათობაც არსებობს, რომ თქვენს ძველ დავიწყებულ ვალს მოგთხოვენ.

 

თევზები

ეს კვირა ახალ საინტერესო ნაცნობებს და შეხვედრებს, სამსახურის და პირად საკითხებთან დაკავშირებით სასიამოვნო მოგზაურობებს, ბევრ სასარგებლო და სასიამოვნო ურთიერთობას გპირდებათ. მოვლენები უსწრაფესად და მოულოდნელად განვითარდება. იღბალი რომ არ დააფრთხოთ, არაფერი დაგეგმოთ, ამოცანების გადაჭრა მაშინ დაიწყეთ, როცა ისინი წამოიჭრება – დინებას მიჰყევით და წარმატება გელოდებათ.

თამთა გურული

კომენტარები