მედიცინაჯანმრთელობა

ბრუქსიზმი – რის ბრალია ძილში კბილების კრაჭუნი და როგორ ვუმკურნალოთ?

კბილების კრაჭუნი – ბრუქსიზმი საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა. ის უპირატესად ღამით ვლინდება, რადგან დღისით ადამიანი თავის მოქმედებას აკონტროლებს. ბრუქსიზმის გამომწვევი ზუსტი მიზეზები დღეისათვის უცნობია, მისი საფუძველია სხვადასხვა მიზეზთა კომპლექსი, რომელთა შორის უნდა გამოვყოთ: ფსიქოლოგიური, ნევროლოგიური, სტომატოლოგიური, ოსტეოპათიური და სხვ. ადრე ფიქრობდნენ, რომ ბრუქსიზმს ჭიები იწვევდა, თუმცა ეს მეცნიერულად დადასტურებული არ არის.

კბილების კრაჭუნი ხშირად გვხვდება ბავშვებში და 7-8 წლის ასაკში თავისით გაივლის ხოლმე; შედარებით იშვიათად, მაგრამ ეს პრობლემა მაინც აღინიშნება უფროსებშიც. თანამედროვე მედიცინა ბრუქსიზმის გამომწვევ ძირითად მიზეზად თანკბილვის დარღვევას და ნევროლოგიურ პათოლოგიებს მიიჩნევს. თანკბილვის დარღვევის შემთხვევაში საჭიროა სტომატოლოგის კონსულტაცია, ხოლო ნევროლოგიური პრობლემების გადასაჭრელად ნევროლოგს უნდა მიმართოთ.

მედიკოსები თანხმდებიან, რომ ბრუქსიზმი ყველაზე ხშირად ახასიათებთ იმ ადამიანებს, რომლებიც მუდმივად განიცდიან სტრესს, შინაგან დაძაბულობას, ეუფლებათ შფოთვა, ნერვული აღგზნება ძილის წინ. კბილების კრაჭუნის ინტენსივობა მატულობს სტრესულ სიტუაციაში, ამიტომ ასეთ სიტუაციებს უნდა მოერიდოთ. ეს თანაბრად ეხება როგორც მოზრდილებს, ისე ბავშვებს. ხანმოკლე (10 წამამდე) ბრუქსიზმის ეპიზოდები ძილის დროს პრაქტიკულად ჯანმრთელ, დადებითი ემოციებით დამუხტულ ადამიანებშიც გვხვდება.

ბრუქსიზმის შემთხვევაში სპეციალისტები პაციენტებს, ასევე, ურჩევენ „დაღალონ“ ძილის წინ საღეჭი კუნთები – შეჭამონ, მაგალითად, ვაშლი, სტაფილო. ასეთი მეთოდით დატვირთული კუნთები ძილისას ნაკლებადაა მიდრეკილი თვითნებური შეკუმშვისკენ. კუნთების დაძაბულობას კარგად ხსნის თბილი კომპრესი, რომელიც ძილის წინ საღეჭ კუნთებზე თავსდება.

იმის გათვალისწინებით, რომ ხშირად ბრუქსიზმის მიზეზი სტრესია, ეფექტიანია ზოგადი ანტისტრესული მეთოდები: რაციონალური და რეგულარული კვება ნახშირწყლებისა და კოფეინის შეზღუდვით; სუფთა ჰაერზე სეირნობა და თბილი აბაზანა ძილის წინ; სწორი სამუშაო გრაფიკი. პარალელურად, სტომატოლოგი ეხმარება პაციენტს კბილების დაცვაში სპეციალური მეთოდებით, თუმცა ეს მეთოდები ინდივიდუალურად ინიშნება და ამიტომ თვითნებურად, ექიმის კონსულტაციის გარეშე მათი გამოყენება მართებული არ არის.

კირა კარიაული

დაგაინტერესებთ: ქოლესტერინის დონის შემცირება კიტრის წვენით

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close