კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის (27 მაისი – 2 ივნისი)

27 მაისიდან 2 ივნისამდე კლებადი მთვარეა. მნიშვნელოვანი შეხვედრები და ღონისძიებები ამ პერიოდში უმჯობესია არ გამართოთ, რადგან ყველა შეხვედრა და ღონისძიება ისე არ დამთავრდება, როგორც თქვენთვის იქნებოდა სასურველი. თუ რამე უკვე დაგეგმილი გაქვთ, ჯობია შემდეგი კვირისთვის გადაიტანოთ. თუ ეს შეუძლებელია, მაშინ შეეცადეთ წინასწარ გაითვალისწინოთ მოვლენათა ნებისმიერი განვითარება.

 

ვერძი

ეს პერიოდი თქვენს ცხოვრებაში მთელი ძალით „შემოიჭრება“: ამაღელვებელი და საინტერესო მოვლენები გელოდებათ, ასე რომ, მთელი თქვენი გონიერება მოიკრიბეთ და ისე მართეთ ეს დრო და მოვლენები, რომ კარიერულ კიბეზე სწრაფად წაიწიოთ წინ. კარგი შესაძლებლობები გეძლევათ და გამოიყენეთ, ნუ დაკარგავთ რეალურ შანსებს. დაივიწყეთ ჩვეული დაურწმუნებლობა საკუთარ თავში, მით უმეტეს, რომ შესანიშნავი ორგანიზატორული ნიჭით გამოირჩევით და ბევრი საქმის გაძღოლა ნამდვილად სხვებზე უკეთ შეგიძლიათ. მოგზაურობის მოულოდნელი შემოთავაზება გაგახარებთ.

 

კურო

ამ კვირაში ნამდვილი დიდი სიყვარული გელოდებათ. შესაძლებელია, წვეულებაზე გაიცანით ერთმანეთი და მაშინვე მიხვდით, რომ ის „თქვენი ცხოვრების ადამიანია“; ან შესაძლებელია ეს ურთიერთობები საკმაოდ ძველია, თუმცა სიახლოვის და ღრმა გრძნობების არსებობა მხოლოდ ახლაღა გაიაზრეთ. ასეთი ურთიერთობები, როგორც წესი, ძალიან მყარი და ღრმაა ხოლმე და ძალიან ფასეული, კარგად დავარგებული ღვინოსავით.

 

ტყუპი

ახალი რომანი სულ უფრო მკაფიო მოხაზულობებს იღებს, მოვლენები ძალიან სწრაფად განვითარდება. აუცილებლად ყველაფერი საიდუმლოდ შეინახეთ გარკვეულ დრომდე, რომ თქვენი ბედნიერება არ დააფრთხოთ. ჭორები ნამდვილად არაფერში გჭირდებათ. საქმესაც მიაქციეთ ყურადღება, მით უმეტეს, რომ ახალი პროექტი ან სამსახური გამოგიჩნდებათ და არჩევანის გაკეთება მოგიწევთ – გრძელვადიანი პერსპექტივა გაიაზრეთ და ისე მიიღეთ გადაწყვეტილება, მცირედ განსხვავებას ანაზღაურებაში ყურადღება არ მიაქციოთ.

 

კირჩხიბი

ღრმად გაიხლართებით საწინააღმდეგო სქესის კოლეგის პრობლემებში. შესაძლოა, ამის მიზეზი ის იყოს, რომ ეს ადამიანი დიდი ხანია მოგწონთ. ნებისმიერ შემთხვევაში, თქვენი მონდომება დაფასდება და სასარგებლო საქმესთან ერთად სასიამოვნო დასასრულიც გელოდებათ. უფრო გაბედულად იმოქმედეთ. ამ კვირაში კარგი იქნება ახალი სამსახურის ძებნა დაიწყოთ, აუცილებლად იპოვით შესაფერისს და დიდი შანსიც გაქვთ, რომ აგიყვანონ. ახალდაწყებულ საქმეში წარმატების კონტურები იკვეთება და  სამომავლოდ ის თქვენი დამატებითი შემოსავლის კარგი წყარო გახდება.

 

ლომი

პლანეტების განლაგება ამ პერიოდში თქვენთვის ყველაზე წინ მეუღლესთან ურთიერთობას წამოწევს. ამ სფეროში სრული ურთიერთგაგება, ჰარმონია და მეორე, მესამე… მეათე თაფლობის თვე გელოდებათ. ნამდვილად სანატრელი ურთიერთობა გაქვთ. რაც შეეხება სამსახურის ატმოსფეროს, თქვენთვის მეორეხარისხოვანია იქ დატრიალებული წვრილმანი ინტრიგები და არც გაღელვებთ. ფინანსური კუთხითაც ყველაფერი კარგად არის და შეგიძლიათ ზაფხულის დასვენებაც დაგეგმოთ, თუ ჯერ კიდევ არ დაგიგეგმავთ.

 

ქალწული

ამ კვირაში დატვირთული იქნებით და კვირას დაძაბული დაიწყებთ, თუმცა მოეშვით, მაინც ყველაფერს უმაღლეს დონეზე შეასრულებთ. კვირის ბოლოს მნიშვნელოვანი შეხვედრა გელოდებათ, რომელიც თქვენს საქმეს, ბიზნესს, წამოწყებას ეხება. უფრო მეტად პრინციპული, მკაცრი და მომთხოვნი იყავით. სანამ გადაწყვეტილებას მიიღებთ, კარგად გააანალიზეთ მეორე მხარის პირობები და მათგან გამომდინარე სავარაუდო მოსალოდნელი შედეგები. იმაზე მეტ პასუხისმგებლობას ნუ აიღებთ საკუთარ თავზე, ვიდრე საჭიროა. კვირის ბოლოს მოულოდნელი ფინანსური შემოსავალი გამოგიჩნდებათ.

 

სასწორი

რთული პერიოდია სასწორებისთვის, სავარაუდოა გაუმართლებელი რისკი ფინანსურ საქმეებში – ნუ აიღებთ გაუაზრებლად კრედიტს, რომლის გადახდა გაგიჭირდებათ… ძველი მევალეც მოგაკითხავთ, რომელსაც თურმე არც დავიწყებია და არც უპატიებია თქვენთვის ვალი. საკმაოდ რთული მოლაპარაკებები, ურთიერთობების გარკვევა გელოდებათ. დროა, კუდაბზიკობაში გადაზრდილი თქვენი სიამაყე დაივიწყოთ და ნორმალურად მიიღოთ ახლობლების მიერ შემოთავაზებული დახმარება – მათ ამით საკუთარი უპირატესობის დამტკიცება კი არ უნდათ, არამედ თქვენთვის ტვირთის შემსუბუქება, იმიტომ რომ უყვარხართ და გული შესტკივათ თქვენზე.

 

მორიელი

ამ კვირაში ფულის გამო ჩხუბის (და სკანდალისაც კი) დიდი ალბათობა არსებობს. რაღაც ყურადღებიდან გამოგეპარათ, რის გამოც მიმდინარე ამბების სურათს მთლიანობაში ვერ ხედავთ. თქვენ გარშემო ვიღაც-ვიღაცები ჩუმჩუმალაობენ, რაც გაღიზიანებთ, თუმცა მოთმინება იქონიეთ – მალე ყველაფერი დღესავით ნათელი გახდება. ფულის საკითხს რაც შეეხება, ჯერჯერობით ისევ გადაუწყვეტელი დარჩება, მაგრამ თუ საკუთარი თანხის დაბრუნებაზეა საუბარი, გარეშე ადამიანის დახმარებით დაიბრუნებთ, რომელსაც საკმაო გავლენა და სახელი აქვს, თუმცა ცოტა მოცდა მოგიწევთ.

 

მშვილდოსანი

თქვენი აქტიური მოღვაწეობა და ახლობლებისთვის გაწეული დახმარება შესანიშნავ შედეგს მოიტანს. ამ პერიოდში რასაც არ უნდა მოჰკიდოთ ხელი, ყველა წამოწყებას დიდი წარმატება ელოდება. თუმცა საბოლოო ტრიუმფამდე ჯერჯერობით ყველაფერი საიდუმლოდ შეინახეთ, დაქალ-ძმაკაცებსაც ნუ მოუყვებით. ერთადერთი, ამ კვირაში მოუფრთხილდით ფინანსებს, ნუ გაასესხებთ სოლიდურ თანხას, ვეღარ დაიბრუნებთ; მიეცით იმდენი, რამდენსაც საჩუქრად გაიმეტებდით და დაივიწყეთ. კვირის ბოლოს ქალაქგარეთ მცირე ექსკურსია დაგეგმეთ, ან სოფლად წადით და სუფთა ჰაერზე „განიავდით“.

 

თხის რქა

უფროსთან არცთუ მარტივი მოლაპარაკებები, სავარაუდოდ, თქვენთვის სასურველ შედეგთან ვერ მიგიყვანთ. იგი დაპირებებით „გკვებავთ“ და თქვენთვის უმნიშვნელოვანესი საკითხების გადაწყვეტა მუდმივად სამომავლოდ გადააქვს. მოთმინების მეტი არაფერი დაგრჩენიათ, ნერვები გაიმაგრეთ და დაელოდეთ, თან საქმეც ყურადღებით და პასუხისმგებლობით შეასრულეთ. ამასობაში თვალი ადევნეთ ვაკანსიებს, შესაძლებელია კარგი შემოთავაზება ნახოთ, თუმცა ამის თაობაზე ჯერჯერობით უახლოეს ადამიანსაც არ უთხრათ – ხომ იცით, კედლებსაც ყურები აქვთ. მოსალოდნელ თანხაზე მეტს მიიღებთ და ეს გაგახარებთ.

 

მერწყული

თქვენს კარიერაში ბევრი რამ უფროსობასთან თქვენს პირად ურთიერთობებზეა დამოკიდებული. შესანიშნავია, თუ თქვენს ურთიერთობებს „ნაპერწკლები“ ახლავს და, საერთოდაც, შეფს მოსწონხართ – ეს თქვენს კარიერაზე დადებითად აისახება, მაგრამ შორს ნუ შეტოპავთ ამ ურთიერთობაში, კარგს არაფერს მოიტანს. შეიძლება ითქვას, რომ თქვენი შესაძლებლობები და უნარები უამისოდაც შორს წაგიყვანთ კარიერულ კიბეზე და აჩქარება არც არის საჭირო. რაც შეეხება ფინანსებს, ამ კვირაში დაგეგმილ შემოსავალთან ერთად სოლიდურ ბონუსსაც მიიღებთ და სასიამოვნოდ გაოცდებით.

 

თევზები

სტრესებმა და მღელვარებებმა შეიძლება მეტისმეტად დაგთრგუნოთ. ეცადეთ, ყველა საშუალება გამოიყენოთ იმისთვის, რომ თქვენი შფოთვა დააცხროთ. მიიღეთ მომადუნებელი და სტრესის მომხსნელი აბაზანები (მაგ., წიწვის), სვით ბალახეული ნაყენები; ივარჯიშეთ დილით სუფთა ჰაერზე, ადრე დაიძინეთ და ადრე ადექით; კარგია იოგა. ეს კვირა მართალია თქვენთვის იდეალური არ არის, მაგრამ „უარესიც გვინახავს“. კვირის ბოლოს ფინანსური შემოსავალი გუნებას გამოგიკეთებთ. დასვენების დღეებში დიდი ხნის უნახავ მეგობრებთან ურთიერთობა მოგიწევთ, რაც გაგახარებთ და გაგახალისებთ. თუ ძვირადღირებულ შენაძენზე ფიქრობთ, ამ კვირის ბოლოდან დაიწყეთ ამაზე სერიოზულად მუშაობა.

თამთა გურული

თუ მოგეწონათ ჰოროსკოპი, მოიწონეთ და გააზიარეთ

მსგავს თემაზე: პითაგორას ჰოროსკოპი – რას განსაზღვრავს თქვენი დაბადების თარიღი? 

რას გვეუბნება ადამიანზე კვირის დღე, როცა ის დაიბადა?

კომენტარები