კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის (13-19 მაისი)

13-იდან 18 მაისამდე მზარდი მთვარის პერიოდია. ეს დრო საუკეთესოა ნებისმიერი წამოწყებისთვის. თუ რაიმე მიზნები და გეგმები გაქვთ, ნუღარ დააყოვნებთ, გაბედულად დაიწყეთ! ვარსკვლავები გვირჩევენ, სწორედ ამ პერიოდში დავიწყოთ საქმე და შედეგად კარგ ფინანსურ დივიდენდებსაც მოგვიტანს. 19 მაისს სავსემთვარეობაა. ამ დღეს მინიმუმამდე დაიყვანეთ ნებისმიერი ურთიერთობა, განსაკუთრებით იმ ადამიანებთან, რომლებთანაც არცთუ კარგი ურთიერთობა გაქვთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ძალებს და ენერგიას დაკარგავთ. ყველაზე გონივრული გადაწყვეტილება იქნება, თუ ამ დღეს შინ გაატარებთ.

 

ვერძი

პარტნიორებსა და კოლეგებთან ურთიერთობაში ერთგვარი დაძაბულობა წარმოიქმნება, რაც დიდი ხნის განმავლობაში დაგროვილი წინააღმდეგობებით იქნება გამოწვეული. ხელშესახებად იგრძნობთ, რომ სურვილი აღარ გაქვთ მათ ნებაზე იაროთ, მათაც მოეძებნებათ თქვენდამი სასაყვედურო. სიმშვიდე შეინარჩუნეთ, თუმცა პრინციპულობას ნუ დაკარგავთ.

 

კურო

საქმიან პარტნიორებთან აქტიური მოლაპარაკებები და თანამშრომლობის სხვადასხვა ვარიანტის განხილვა დადებით შედეგებს მოგიტანთ. საკუთარი მყარად განსაზღვრული პოზიცია, დარწმუნების უნარი და იუმორის გრძნობა – ეს ფასეული თვისებები მოლაპარაკებებში ძალიან გამოგადგებათ. ეს კვირა თქვენთვის კარგი პერიოდის დასაწყისია და სტაბილურ ფინანსურ შემოსავალს გპირდებათ.

 

ტყუპი

კოლეგებთან დაძაბული ურთიერთობა, ერთი მხრივ, და მცირე ფლირტი სამსახურში, მეორე მხრივ – ასეთია თქვენთვის ამ კვირის პერსპექტივა. შეიძლება ჭორაობის და გაკილვის ობიექტად იქცეთ, განსაკუთრებით, თუ სამსახურებრივ რომანს წამოიწყებთ. ეცადეთ, საკუთარი „ცელქობები“ საიდუმლოდ შეინახოთ და საქმესაც სათანადო ყურადღება დაუთმოთ, სერიოზული შეცდომა რომ არ დაუშვათ.

 

კირჩხიბი

ამ კვირაში შეიძლება ძალიან სასიხარულო ამბავი შეიტყოთ. აგიხდებათ ოცნება, რომელსაც დიდი ხანია, გულით ატარებთ და რომლის ასრულებასაც ასე ელოდებით. არ არის საჭირო ბევრი ლაპარაკი, საიდუმლო თქვენთვის შეინახეთ მანამ, სანამ ბოლომდე არ დარწმუნდებით, რომ ყველაფერი ისეა, როგორც თქვენ გინდოდათ. ადამიანთა საკმაოდ დიდ ნაწილს სხვების წარმატება, სამწუხაროდ, სულაც არ ახარებს.

 

ლომი

კარგი პერიოდია იმ ლომებისთვის, რომლებსაც განზრახული აქვთ თავიანთ საოჯახო ცხოვრებაში ცვლილებები შეიტანონ – ავეჯი გადააადგილონ ან განაახლონ, საცხოვრებელი შეიცვალონ, ბებია ნათესავებთან გადაიყვანონ საცხოვრებლად. ნათესავებთან აქტიური და არც თუ იოლი ურთიერთობა გელით, თუმცა  დაგეგმილი ცვლილებების განხორციელება ერთგვარ შვებას და ტვირთისგან გათავისუფლების შეგრძნებას მოგიტანთ.

 

ქალწული

ნუ იტყვით უარს საინტერესო წინადადებაზე – გაემგზავროთ სადმე დასასვენებლად. შესაძლოა სამსახურებრივ მივლინებაში წახვიდეთ, რომლის დროსაც თავისუფლად შეძლებთ სასიამოვნო სასარგებლოს (საქმე – დასვენებას) შეუთავსოთ. ამ მოკლე მოგზაურობიდან შესანიშნავი შთაბეჭდილებებით დაბრუნდებით და სამუშაოს განახლებული ენერგიით შეუდგებით. შესაძლოა გაიცნოთ ადამიანი, რომელიც შემდგომში თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი გახდება.

 

სასწორი

ფინანსების მოზიდვა მომავალი საქმეებისა და მიზნებისთვის – სწორედ თქვენი გამორჩეული უნარია, მით უმეტეს, თუ გეგმები, რომლებსაც ისახავთ, დიდ დანახარჯებს მოითხოვს. ახლა სწორედ ფინანსების მოგროვების დროა, მით უმეტეს, რომ გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც თქვენს საქმეში თანხების ჩადებისგან უკან არ დაიხევენ – სასწორებს ნამდვილად გაქვთ დარწმუნების უნარი და ნდობასაც იწვევთ.

 

მორიელი

ბევრი მორიელი ოჯახში სხვადასხვა სახის „რყევებს“ გადაიტანს. პირველ რიგში, ეს მეუღლეების ურთიერთობას ეხება. შესაძლოა მოულოდნელად გაიგოთ ის, რაც არ უნდა გცოდნოდათ და გულდასმით გიმალავდნენ. ეცადეთ, ცივი გონებით გააანალიზოთ რეალობა, იქნებ სწორადაც იქცეოდნენ?! ცხელ გულზე ნუ მიიღებთ გადაწყვეტილებას, გამოუსწორებელი შეცდომა რომ არ დაუშვათ.

 

მშვილდოსანი

ეს კვირა მშვილდოსნებისთვის მარტივი არ იქნება, განსაკუთრებით, თუ ამ პერიოდში ეცდებით თავად იკისროთ იმ მძიმე ტვირთის შეჭიდება, რომელიც თქვენს ნათესავებს და ახლობლებს ხვდათ წილად. ჯანსაღი ეგოიზმი გამოავლინეთ და საკუთარ თავზეც იფიქრეთ – არ ხართ ვალდებული, ყველას მაგივრად თქვენ აიღოთ პასუხისმგებლობა. ეს კარგს არაფერს მოგიტანთ. ეცადეთ, დასვენებისთვისაც გამონახოთ დრო.

 

თხის რქა

თუ მოგწონთ, მეგობრებს რთული სიტუაციებიდან რომ გამოაძვრენთ ხოლმე, მაშინ ეს კვირა ზუსტად სათქვენო ამბებით და მოვლენებით იქნება აღნიშნული. მართალია, მეგობრებს გაჭირვებაში არ ტოვებთ, მაგრამ დაყვედრებას ნუ იჩქარებთ, რადგან მარტო თქვენ როდი წახვალთ საშველად, თქვენც დაგჭირდებათ და დახმარების ხელს თქვენც გამოგიწოდებენ. ამ კვირაში ლატარიის ბილეთს თუ შეიძენთ, შესაძლოა ბედმა გაგიღიმოთ.

 

მერწყული

სამუშაო და კარიერა – ეს არის, რაც ამ პერიოდში ყველაზე მეტად გაღელვებთ. მიჩვეული ხართ, რომ ყველაფერში, რასაც აკეთებთ, მთელ გულს და სულს აქსოვთ და ძალიან გადარდებთ, რა იქნება შედეგი. სამსახურში კოლეგებთან ურთიერთობა სანიმუშო იქნება, რასაც ვერ ვიტყვით უფროსზე, თუმცა დიდად ნუ შეშფოთდებით, მალე თავად მიხვდება, რომ უსამართლოდ მოგექცათ: მართლაცდა, თქვენნაირი თამამამშრომლები სანთლით საძებარია და ეს თვითონაც შესანიშნავად იცის.

 

თევზები

ფინანსებთან დაკავშირებით ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რამდენად კარგი პირადი ურთიერთობები გაქვთ – ეს ეხება როგორც პარტნიორს, ისე კოლეგებს და უფროსს. თუ შეგიძლიათ ყველას „მოარგოთ გასაღები“ (და ნამდვილი თევზებისთვის, ჩვეულებრივ, ეს პრობლემას არ წარმოადგენს), თქვენს ინტერესებს ვერავინ და ვერაფერი დააზარალებს.

თამთა გურული

თუ მოგეწონათ სტატია, მოიწონეთ და გააზიარეთ 

ამავე თემაზე: ვისთვის იქნება მაისი საუკეთესო თვე – ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

რომელი ზოდიაქოს ნიშნები იზიდავენ ფულს?

კომენტარები