მარიამ ბართიშვილი: „გერმანიაში სწავლა სულაც არ არის აუხდენელი ოცნება“

„მიუხედავად იმისა, რომ გერმანიაში ბევრი მეგობარი მყავს სხვადასხვა ქვეყნიდან და ძალიან მომწონს მათთან ერთად ყოფნა, ჩემთვის მაინც სხვანაირია ქართული გულიანი მეგობრობა. ყველაზე მეტად, ბუნებრივია, ჩემი ოჯახი და ახლო მეგობრები მენატრებიან, თუმცა ძალიან მენატრება ასევე თუშეთსა და ხევსურეთში ხეტიალი, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით“.

მარიამ ბართიშვილი გერმანიაში, მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტში (Ludwig-Maximilians-Universität München) ფსიქოლოგიის პროგრამის – M.Sc. in Psychology: Learmimg Sciences-ის სამაგისტრო კურსს გადის. იგი სამი წელია სრულიად დამოუკიდებლად ცხოვრობს უცხო ქვეყანაში. „ჩემი მთავარი მიზანი ახალი გამოცდილების მიღება და ჩემი შესაძლებლობების განვითარებაა“, – ამბობს მარიამი ჩვენს კორესპონდენტთან ინტერვიუში და საკუთარ გამოცდილებასთან ერთად გერმანიაში ქართველი სტუდენტების სწავლის შესაძლებლობებზე გვესაუბრება.

მარიამ, როდის და როგორ მიიღე საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების გადაწყვეტილება?

სწავლის საზღვარგარეთ გაგრძელების სურვილი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფსიქოლოგიის საბაკალავრო კურსზე სწავლისას გამიჩნდა. ახალი გამოცდილებების მიღება და ჩემი შესაძლებლობების განვითარება იყო ის მთავარი მიზანი, რის გამოც ეს გადაწყვეტილება მივიღე. ძალიან მინდოდა გამომეცადა, როგორია უცხო ენაზე სწავლა, უცხო კულტურაში ცხოვრება და ახალი დაბრკოლებების გადალახვა; მინდოდა სრულიად დამოუკიდებლად გამეგრძელებინა ცხოვრება უცხო ქვეყანაში.

რა პრინციპით აირჩიე ქვეყანა და უნივერსიტეტი სწავლის გასაგრძელებლად და დაგეხმარა თუ არა ამაში ვინმე? ენა თუ იცოდი? 

სანამ გერმანიაში წამოვიდოდი, რამდენიმე წლის განმავლობაში ვცდილობდი ამერიკასა და დიდ ბრიტანეთში სტიპენდიების მოპოვებას, რაც ჩემს შემთხვევაში შეუძლებელი აღმოჩნდა, სტიპენდიის გარეშე კი სწავლის საფასურის გადახდა არ შემეძლო; ამიტომ ავირჩიე გერმანია, რომელიც, ერთი მხრივ, ისედაც „ფსიქოლოგიის სამშობლოა“ და, მეორე მხრივ, უცხოელ სტუდენტებს უფასოდ სწავლის შესაძლებლობას აძლევს. შემდეგ ვეძებდი პროგრამებს პროფესიული ინტერესის მიხედვით და აღმოვაჩინე მაგისტრატურის ეს არაჩვეულებრივი პროგრამა (M.Sc. in Psychology: Learmimg Sciences) მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტში. ყველა ინფორმაცია თავად მოვიპოვე და უნივერსიტეტსაც მე ვეკონტაქტებოდი. ენები უკვე ვიცოდი – ცოტა გერმანული, რომელიც გერმანიაში ყოფნის დროს საკმაოდ გავაუმჯობესე და ინგლისური, რომელიც ჩემი პროგრამის სასწავლო ენაა.

რა გულისხმობს და რატომ გადაწყვიტე M.Sc. in Psychology: Learmimg Sciencesის პროგრამის შესწავლა?

ყოველთვის მაინტერესებდა განათლების, სკოლის და განვითარების ფსიქოლოგია, სწავლა-სწავლების პროცესები ჩემთვის ყოველთვის მიმზიდველი თემები იყო ფსიქოლოგიაში. მაგისტრატურის პროგრამების ძებნისას კი აღმოვაჩინე მულტიდისციპლინური სფერო Learning Sciences, რომელიც იკვლევს, როგორ და რა პირობებში სწავლობს ადამიანი.

Learning Sciences-ი, რომლის ჩამოყალიბება 90-იანი წლებიდან დაიწყო ჩრდილოეთ ამერიკაში, აერთიანებს სხვადასხვა დისციპლინას, როგორიცაა: განათლების მეცნიერებები, კომპიუტერული მეცნიერებები, კოგნიტური მეცნიერებები, ანთროპოლოგია და გამოყენებითი ლინგვისტიკა. ჩვენი პროგრამა კი ძირითად აქცენტს ფსიქოლოგიურ პერსპექტივებზე აკეთებს.

რით არის შენი უნივერსიტეტი გამორჩეული სხვებისგან?

მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტი გერმანიის მასშტაბით რიგით პირველი უმაღლესი სასწავლო დაწესებულებაა და აღიარებულია, როგორც ერთ-ერთი წამყვანი აკადემიური და კვლევითი ინსტიტუტი ევროპაში; გამორჩეულია იმით, რომ გერმანიაში ერთადერთი უნივერსიტეტია, რომელსაც სასწავლო პროგრამა Learning Sciences-ის მიმართულებით აქვს.

უცხო ქვეყანაში გაგიჭირდა ცხოვრება? რა იყო ყველაზე დიდი სირთულე შენთვის და რა დაგეხმარა სიძნელეების გადალახვაში? 

უცხო ქვეყანაში ცხოვრება და სწავლა ნებისმიერ ეტაპზე „მიჭირს“, ასე ვთქვათ, თუმცა ყოველ ეტაპზე განსხვავებული „გასაჭირი“ მხვდება: თავდაპირველად რთული იყო სრულიად უცხო გარემოში გზის გაკვლევა და სრულიად უცხო კულტურის მქონე ადამიანებთან კომუნიკაცია, ზოგჯერ ვერაფერს ვიგებდი… ამ ეტაპის შემდეგ ყველაზე დიდი სირთულეა თვითდამკვიდრება და ინტეგრაცია, განსაკუთრებით ბავარიულ კონსერვატიულ საზოგადოებაში, და ეს პროცესი საკმაოდ დიდხანს გრძელდება. თუმცა ვაცნობიერებ, რომ ეს ის სირთულეებია, რისთვისაც წამოვედი და ჩემი თავი გამოვცადე. სწორედ ეს მაძლებინებს და მეხმარება. მაგრამ, რა თქმა უნდა, არსებობენ მეგობრები, რომლებთან ურთიერთობაც მამხნევებს და ძალას მაძლევს, ბოლომდე მივიყვანო დაწყებული საქმე. ასევე მაქვს კონტაქტი აქ მყოფ ქართველ სტუდენტებთან, ხშირად ვიკრიბებით, ვსაუბრობთ და რჩევებს ვცვლით. ძალიან გვეხმარება ის ფაქტი, რომ მშობლიურ ენაზე ვესაუბრებით ერთმანეთს. თავიდან საქართველოს მონატრებამ გაგვაერთიანა და ახლა უკვე აქ მიღებულ გამოცდილებას ვუზიარებთ ერთმანეთს.

თუ აცნობ შენს უცხოელ კურსელებს საქართველოს?

პროგრამა ინტერნაციონალურია და, აქედან გამომდინარე, ერთმანეთის კულტურებისადმი ინტერესი დიდია. ძირითადად, გვაინტერესებს, როგორია სწავლების სისტემა სხვადასხვა ქვეყანაში. საქართველოზე საუბარს ყოველთვის ღვინით ვიწყებ, მისი წარდგენით: ვეუბნები, რომ საქართველო ღვინის სამშობლოა. ყველაზე მეტად ჩვენი დამწერლობა მოსწონთ, თუმცა ენა ძალიან ერთულებათ და მხოლოდ „გამარჯობის“ სწავლით შემოიფარგლებიან.

საქართველოში თუ ჩამოდიხარ ხოლმე და რა გენატრება ყველაზე მეტად?

საქართველოში წელიწადში ერთხელ მაინც ჩამოვდივარ, თუმცა ცოტა ხნით. ყველაზე მეტად მენატრება ქართული ურთიერთობები და მეგობრობა. მიუხედავად იმისა, რომ გერმანიაში ბევრი მეგობარი მყავს სხვადასხვა ქვეყნიდან და ძალიან მომწონს მათთან ერთად ყოფნა, ჩემთვის მაინც სხვანაირია ქართული გულიანი მეგობრობა. ყველაზე მეტად, ბუნებრივია, ჩემი ოჯახი და ახლო მეგობრები მენატრებიან, თუმცა ძალიან მენატრება, ასევე, თუშეთსა და ხევსურეთში ხეტიალი, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით.

როგორც ვიცი, უცხოელ სტუდენტებს მუშაობის უფლებაც აქვთ; თუ მუშაობ და რამდენად უწყობ ერთმანეთს სწავლასა და მუშაობას?

კი, ვმუშაობ, ამჟამად ტანსაცმელების მაღაზიაში, თუმცა ახლა უკვე ჩემი პროფესიით პრაქტიკის ძებნა გადავწყვიტე. სწავლა და მუშაობა ერთად საკმაოდ რთულია და დიდ ენერგიას მოითხოვს, მაგრამ ნამდვილად შესაძლებელია. არსებობს სტუდენტური დასაქმება გარკვეული საათებით და ამით ძალიან გვიწყობენ ხელს დამსაქმებლები. სტუდენტს კვირაში 20 საათი შეუძლია იმუშაოს სწავლის პერიოდში, ხოლო არდადეგების დროს – 40 საათი.

რა განსხვავებაა ქართულ და გერმანულ უმაღლესი განათლების სისტემებს შორის?

დიდი განსხვავება არ არის, იმ გაგებით, რომ უმრავლეს შემთხვევაში ორივეს აქვს ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტურანტურის პროგრამები, თუმცა ბაკალავრიატი აქ 3 წელს გრძელდება, გარდა ხელოვნების მიმართულებებისა, რომლებსაც 4-წლიანი პროგრამები აქვთ. დიდი განსხვავება ნამდვილად არის იურიდიული და სამედიცინო მეცნიერებების პროგრამებში, რომლებიც სახელმწიფო გამოცდებს გულისხმობს და არა – მაგისტრატურის ან დოქტურანტურის ხარისხის მინიჭებას.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება გერმანიის განათლების სისტემაში არის დუალური სწავლება. რა ინფორმაცია გაქვს ამის თაობაზე და უცხოელ სტუდენტებს თუ აქვთ დუალური მეთოდით სწავლის საშუალება?

ეს სასწავლო პრგრამები, Duales Studium – გერმანული ზუსტი შესატყვისით, მიმართულებების მიხედვით ძალიან მრავალფეროვანია, მაგრამ არა ყველა უცხოელი სტუდენტისთვის. ჩვენთვის, ქართველებისთვის, ნებადართულია მხოლოდ რამდენიმე მიმართულება, სადაც გერმანია კადრების სიმცირეს განიცდის, მაგალითად, როგორიცაა: კბილის ექიმის ასისტენტი, მედდა, სასტუმროს პერსონალი და ა. შ. აღსანიშნავია, რომ ამ მიმართულებით სწავლის გაგრძელებისას ზუსტად უნდა გაირკვეს, არის თუ არა ქართველი სტუდენტისთვის პროგრამა ღია. ეს დაკავშირებულია ვიზის მიღების სირთულესთან. რეალურად, შეიძლება სტუდენტი სასწავლებელში ჩაირიცხოს და კომპანიამაც მიიღოს, მაგრამ ვიზას ვერ მიიღებს, იმიტომ რომ ეს პროგრამა ჩვენთვის არ არის ნებადართული. ეს საყურადღებოა, რადგან პრაქტიკაში ბევრი იმედგაცრუებული სტუდენტი ვიცით და მომავალმა სტუდენტმა ინფორმაცია წინასწარ უნდა გაარკვიოს.

ზოგადად კი, Duales Studium განათლების სისტემაში ერთ-ერთი საკმაოდ მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რომელიც თეორიას და პრაქტიკას ერთმანეთთან მჭიდროდ აკავშირებს. უნდა აღინიშნოს, რომ ეს არ არის უმაღლესი განათლების ნაწილი და ქართული განათლების სისტემის მიხედვით, უფრო პროფესიული სასწავლებლების ეკვივალენტად შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, მაგრამ არც ასე მარტივად! გერმანული სისტემის მიხედვით, ამ სასწავლო პროგრამებში არსებობს 2 ქვემიმართულება:

1. პროფესიულ განათლებასთან ინტეგრირებული პროგრამები, რომლის დროსაც სტუდენტი ბაკალავრიატის პროგრამის პარალელურად შესამაბის კომპანიაშია დასაქმებული და ბოლოს ერთდროულად იღებს როგორც აკადემიურ ხარისხს, ისე პროფესიულ განათლებას (Ausbildung – გერმანული ორიგინალური ტერმინი). ეს დაახლოებით 4 ან 5 წელს გრძელდება.

2. პრაქტიკასთან ინტერგრირებული პროგრამები, როდესაც სტუდენტი სასწავლებელში (Hochschule) სწავლის პარალელურად პარტნიორ კომპანიაში მუშაობს. ეს დაახლოებით 3 ან 4 წელს გრძელდება.

ზოგადად, რამდენად ხელმისაწვდომია უცხოელი, კერძოდ, ქართველი ახალგაზრდებისთვის გერმანიაში სწავლა?

ძალიან ხელმისაწვდომია და სულაც არ არის ეს აუხდენელი ოცნება, როგორც შეიძლება ვინმეს ეგონოს. ნებისმიერ ქართველ სტუდენტს შეუძლია მარტივად შეიტანოს საბუთები ნებისმიერ გერმანულ უნივერსიტეტში, თუმცა არსებობს გარკვეული დაბრკოლებები ზოგიერთი ქართული უნივერსიტეტის მიერ გაცემული დიპლომების აღიარებასთან დაკავშირებით, რაც სტუდენტმა, პირადი კომუნიკაციით, წინასწარ უნდა გაარკვიოს უნივერსიტეტთან. გერმანიაში ძალიან ბევრი ქართველი სტუდენტი სწავლობს სხვადასხვა მიმართულებით, რაც ძალიან მახარებს და მათში დიდ ძალას ვხედავ საქართველოს მომავლისთვის.

რა რჩევებს სცემდი სტუდენტებს, რომლებსაც გერმანიაში უნდათ სწავლის გაგრძელება –  რა პირობებია საჭირო და რა ეტაპები უნდა გაიარონ?

ზუსტად ამ კითხვაზე პასუხი არის ჩვენი ახლად დაარსებული სტუდენტური გაერთიანების – „ქართველი სტუდენტები ბავარიაში“ ერთ-ერთი პროექტის მიზანი, რომელსაც უახლოეს მომავალში განვახორციელებთ და იქ უფრო დაწვრილებით მივცემთ რჩევებს სტუდენტებს. აქ კი მოკლედ ვეტყოდი მათ, რომ მთავარი მაინც გამბედაობა და სურვილია; შემდეგ მოდის მზადყოფნა, რომ გაუძლო გერმანულ ბიუროკრატიას, რაც ხშირად საკმაოდ გამაღიზიანებელია, მაგრამ ამ ეტაპის გავლა ნებისმიერ სტუდენტს უწევს. დიპლომის აღიარება, ფინანსური უზრუნველყოფის ცნობები, ენის სერტიფიკატები, ვიზის მიღება, საცხოვრებელი ადგილის მოძიება და ა. შ. – ეს არის იმ პირობების მოკლე ჩამონათვალი, რომლებზეც სტუდენტს უწევს იზრუნოს. თუმცა არსებობს სხვადასხვა სტიპენდია, მაგალითად, DAAD-ის სტიპენდია, რომელიც, ბუნებრივია, უფრო ამარტივებს გერმანიაში სწავლასა და ცხოვრებას.

სწავლის გარდა თუ ხარ დაკავებული სხვა რამით?

როგორც ვახსენე, უნივერსიტეტის გარეთ, ჩემი მეგობრებისგან მაქვს პატივი ვუხელმძღვანელო სტუდენტურ გაერთიანებას „ქართველი სტუდენტები ბავარიაში“, რომელიც გერმანიაში ჩვენი ახალგაზრდა ელჩის, ირინე ჩიხლაძის, ინიციატივით ახლახან დაარსდა და მიზნად ისახავს დაეხმაროს გერმანიაში სწავლის გაგრძელების მსურველ ქართველ სტუდენტებს, აგრეთვე, განახორციელოს კულტურული და საგანმანათლებლო გაცვლითი პროექტები საქართველოსა და გერმანიას შორის.

თავისუფალ დროს კი ხელნაკეთ ნივთებს ვქმნი – დეკორაციებს საწერი მაგიდისთვის: პატარა ხალიჩებს, სასანთლეებს, საყვავილეებს, მიყვარს ყავის ჭიქების, ჭურჭლის მოხატვა, რომლებსაც ზოგჯერ მეგობრებს ვჩუქნი. ეს ჩემი ჰობია.

რა გეგმები გაქვს მაგისტრატურის დამთავრების შემდეგ?

მაგისტრატურის დამთავრების შემდეგ ვგეგმავ ცოტა ხნით კიდევ დავრჩე გერმანიაში და მივიღო სამუშაო გამოცდილება, თუმცა ქართული და გერმანული კომპანიების თუ საგანმანათლებლო დაწესებულებების ერთობლივ პროექტებზეც სიამოვნებით ვიმუშავებდი აქედან. უფრო შორეული გეგმების დასახვა ჯერჯერობით მიჭირს; საქართველოში დაბრუნება ნამდვილად შედის ჩემს გეგმებში, თუმცა არ ვიცი, როდის.

ესაუბრა ნათია მიხელიძე

ამავე თემაზე: სწავლა და მუშაობა გერმანიაში

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა – ფაქტები და ციფრები

კომენტარები