შეიარაღებული თავდაცვის უფლება დაკანონდა – იტალიის სენატმა კანონპროექტი ხმათა დიდი უმრავლესობით დაამტკიცა

ფოტო: ANSA/GIUSEPPE LAMI
იტალიის სენატმა მესამე, საბოლოო მოსმენით დაამტკიცა კანონპროექტი შეიარაღებული თავდაცვის შესახებ. ის, პრატიკულად, უკვე კანონია. ამის თაობაზე ANSA.IT იტყობინება.

კანონის თანახმად, ქურდებისა და მძარცველების წინააღმდეგ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება ნებადართულია მოქალაქის კუთვნილი სივრცის (სახლის, ბარის, რესტორნის) ფარგლებში. ამ კანონის მიღება მმართველ კოალიციაში შემავალი პარტიის, მატეო სალვინის „ჩრდილოეთის ლიგის“ წინასაარჩევნო პროგრამაში შედიოდა და, შესაბამისად, კოალიციური მთავრობის პროგრამაშიც შევიდა, თუმცა კანონის მიღებას მეორე სახელისუფლებო პარტიის – „5 ვარსკვლავის მოძრაობის“ ლიდერები არ ესწრებოდნენ.

იტალიის პარლამენტის სენატმა კანონპროექტი ხმათა დიდი უმრავლესობით მიიღო – 201 ხმა 38-ის წინააღმდეგ (6-მა პარლამენტარმა თავი შეიკავა).

ფოტო: ANSA/GIUSEPPE LAMI

„28 მარტი – შესანიშნავი დღეა არა „ლიგისთვის“, არამედ იტალიელებისთვის, – განაცხადა სალვინიმ კენჭისყრის შემდეგ, – მრავალი წლის ფუჭი ლაპარაკის და კამათის შემდეგ თავდაცვის უფლება დაკანონდა მათთვის, ვისაც საკუთარ სახლში, საკუთარ ბარში ან საკუთარ რესტორანში თავს დაესხნენ. ველური დასავლეთი არ არის ლეგიტიმური, მაგრამ თქვენ კეთილსინდისიერ მოქალაქეებთან გაქვთ საქმე“ („Non si legittima il Far West ma si sta con i cittadini perbene“; სავარაუდოდ, სალვინი ამ ფრაზით იმ ოპონენტებს მიმართავს, რომლებიც ამტკიცებენ, რომ შეიარაღებული თავდაცვის უფლების დაკანონება იტალიას „ველურ დასავლეთად“ აქცევს – რედ.).

მოსამართლეთა ეროვნული ასოციაცია ამ კანონის კონსტიტუციურობას ეჭვქვეშ აყენებს. ANM-ის პრეზიდენტი ფრანჩესკო მინისკი (Francesco Minisci) ამბობს, რომ ახალი კანონი უფრო მეტად ვერ დაიცავს მოქალაქეებს, ვიდრე ისინი აქამდე იყვნენ დაცულნი; პირიქით, მას „შემოაქვს კონცეფციები, რომლებსაც ცოტა რამ აქვს საერთო კანონთან; უზრუნველყოფს საშიშ ავტომატიზმს და მოსამართლეებს უზღუდავს შეფასების არეალს; აგრეთვე, მასში არის დიდი სირთულეები ინტერპრეტაციის მხრივ, ეს ყველაფერი კი ნიშნავს, რომ ყველანი ნაკლებად გარანტირებულები იქნებიან“, – აცხადებს ANM-ის პრეზიდენტი.

წყარო: http://www.ansa.it/sito/notizie/politica/2019/03/28/legittima-difesa-al-via-in-aula-senato-esame-testo-la-diretta_ba4c485b-58fe-4158-b215-bc34ddfbf96c.html

კომენტარები