კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 25-იდან 31 მარტამდე

25-იდან 31 მარტამდე კლებადი მთვარის პერიოდია და არაფერი ახლის დაწყება რეკომენდებული არაა. პროფესიული სწავლებაც სათანადოდ არ წარიმართება, ხოლო მიღებული ცოდნა შეიძლება არც გამოგადგეთ. დოკუმენტებთან დაკავშირებით შეიძლება ადგილი ჰქონდეს შეცდომებს და გაურკვევლობებს. თითქმის მთელი კვირის განმავლობაში არასასურველია მაღალფასიანი ნივთების ან ტექნიკის შეძენა – მაგ., კომპიუტერების, საოფისე ტექნიკის, ტელეფონების, ტელევიზორების, გადაადგილების საშუალებების. ამ პერიოდში შეძენილი ტექნიკა შეიძლება მალე გამოვიდეს მწყობრიდან, ან ისეთი დეფექტები გამოუვლინდეს, რომელთა გამოცვლასაც დროულად ვერ შეძლებთ. მარტის ბოლო კვირაში ადამიანები უფრო მეტად იქნებიან დაბნეულები და ხშირად დარჩებათ შეუმჩნეველი მნიშვნელოვანი დეტალები.
ვერძი

ეცადეთ, ყველაფერი გააკეთოთ, რათა ძველი ვნების ცეცხლი კვლავ ააგიზგიზოთ. ეს თქვენს არსებულ ურთიერთობებს გამოაცოცხლებს. ახლა სიბრძნისა და მოთმინების გამოვლინების დროა. თუ უკვე დიდი ხანია სიყვარულს ეძებთ, ჯობია, თქვენ არ იაქტიუროთ – განგება უმოკლეს დროში მის მოძებნაში თავად დაგეხმარებათ, რომ იტყვიან, ბედი თავად მოგადგებათ კარზე.

კურო

ურთიერთობების დაკანონებას ნუ იჩქარებთ, ჯერ დრო გჭირდებათ, რათა მათი სიმყარე გამოსცადოთ. ამ ზოდიაქოს ნიშნის ზოგიერთ წარმომადგენელს სასიყვარულო სამკუთხედი დააზარალებს. რაც უფრო ადრე გაერკვევით საქმის ვითარებაში, მით უკეთესი! ახლა კი ჯობს, ნებისმიერი კონფლიქტისგან თავი შეიკავოთ და უფრო მეტი აქცენტი გადაიტანოთ სხვა ასპარეზზე – მაგალითად, სამსახურის მოძებნაზე, თუ არსებული მაინცდამაინც  არ მოგწონთ.

ტყუპები

ძველი ურთიერთობების დასრულების შემდეგ ახლის დაწყებას ნუ იჩქარებთ, რადგან დასვენება და წარსული ურთიერთობების კომპლექსებისგან გათავისუფლება გესაჭიროებათ. იმ ტყუპებს კი, რომლებიც დიდი ხანია სიყვარულში ბედნიერები არიან, ვარსკვლავები ურჩევენ, ამ პერიოდში რაც შეიძლება მეტი დრო დაუთმონ მეორე ნახევარს. თუ მეტ ყურადღებას გამოიჩენთ, თქვენთვის ძვირფას ადამიანში მომხდარი ცვლილებები არ გამოგრჩებათ.

კირჩხიბი

ღალატი გულში არც კი გაივლოთ. ყველაფერი დაფარული აუცილებლად გამჟღავნდება! უმჯობესია, შეეცადეთ არსებული ურთიერთობები გადაარჩინოთ: ეს შესაძლებელია და სასურველიც. თუ რამით ხართ უკმაყოფილო, პარტნიორს ამის შესახებ პირდაპირ უთხარით, იდეალური არავინაა, პატარა პრობლემების მოგვარება და გადალახვა ყველა წყვილს უწევს.

ლომი

ამ პერიოდში ურთიერთობების გამორკვევას ვერ გაექცევით. ეცადეთ, ეს პროცესი მინიმალური დანაკარგებით განვლოთ. უმჯობესია, თუ ახლა ზოგიერთი ლომი პარტნიორისგან დაისვენებს: შესთავაზეთ მას ეს ვარიანტი, ორივესთვის კარგი იქნება, თუ ცოტა ხანს ერთმანეთისგან „შვებულებას“ აიღებთ.  შაბათ-კვირა ოჯახის წევრების ან მეგობრების გვერდით გაატარეთ!

ქალწული

ამ პერიოდში თქვენთვის მთავარი წესი შემდეგია: თუ არჩევანი უკვე გააკეთეთ, ეჭვი ნუღარ შეგეპარებათ, ენდეთ პარტნიორს, მასში ნაკლის ძებნას ნუ დაიწყებთ! თუ პარტნიორი ჯერ არ აგირჩევიათ, კვირის მეორე ნახევარში შეიძლება იმედგაცრუებული დარჩეთ, მაგრამ არ ღირს ნერვების მოშლად, ცხოვრება გრძელდება. შესაძლოა, თქვენი ბედი სადმე სხვაგან გელოდებათ.

სასწორი

თქვენი ძველი ნაცნობები გაიხსენეთ – ეგებ მათ შორის არის ვინმე ისეთი, ვისაც შეიძლება მომავალში საკუთარი ბედი დაუკავშიროთ… მარტოხელა სასწორებს ვარსკვლავები მეგობრულ  კომპანიებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ხშირად ყოფნას ურჩევენ, დაოჯახებულებს კი – თავის მეორე ნახევართან მეტი მოთმინების გამოჩენას. გახსოვდეთ: თქვენს სიბრძნესა და გონიერებაზე ბევრი რამეა დამოკიდებული.

მორიელი

იმისათვის, რომ საბედოს შეხვდეთ, საკუთარი შეხედულებების გადასინჯვა მოგიწევთ. პარტნიორის შერჩევისას სიფრთხილე გამოიჩინეთ, ნამდვილად არ ღირს, პირველივე შემხვედრის შეთავაზებას დასთანხმდეთ: დიდია შეცდომის დაშვების ალბათობა. კვირის მეორე ნახევარში განსაკუთრებული შეხვედრა გელით, რომელიც თქვენს მომავალზე აისახება, ასე რომ, მოემზადეთ!

მშვილდოსანი

კვირის მეორე ნახევრიდან თქვენს პარტნიორთან ერთად რომანტიკულ მოგზაურობაში ხომ არ გაემგზავრებოდით? შეადგინეთ გეგმები! თუ თქვენი მეწყვილე მამაკაცია, უმჯობესია, მართვის სადავეები მას გადასცეთ. როლების ამგვარად განაწილების კიდევ ერთი სარგებელი ის იქნება, რომ პარტნიორი არ მოგაკლებთ ყვავილებს, საჩუქრებსა და თაყვანისცემას.

თხის რქა

ერთი ნახვით სიყვარულის არ გჯეროდათ? სულ ტყუილად – ახლა სწორედ მას შეხვდებით. საოცარი ემოციები და ბობოქარი ვნებები გარანტირებული გაქვთ! უკვე დაოჯახებულ თხის რქებს ვარსკვლავები ოჯახთან ერთად მეტი დროის გატარებას ურჩევენ. ეს ოჯახურ კავშირს კიდევ უფრო მყარს გახდის – რა არის უფრო კარგი ამქვეყნად, ვიდრე შეხმატკბილებული, თბილი და სიყვარულით სავსე ოჯახი?!

მერწყული

თუ გსურთ არსებული ურთიერთობების შენარჩუნება, მოგიწევთ შეეგუოთ თქვენი რჩეულის ნაკლოვან თვისებებს. თუ ახალი რომანის დაწყება გინდათ, თქვენს ცხოვრებაში ახალი ადამიანების შემოშვება უნდა ისწავლოთ. იყავით უფრო გახსნილი, რათა სხვებმა შეგნიშნონ. ახალი ძლიერი გრძნობის და მასთან დაკავშირებული განცდების ნუ შეგეშინდებათ.

თევზები

ახლა სასიყვარულო ურთიერთობებისთვის არც დრო გეყოფათ, არც ძალები, რაც თქვენი მეორე ნახევრის უკმაყოფილებას გამოიწვევს. მარტოხელა თევზებს განგებისგან მოვლენილ საბედოსთან შეხვედრის იმედი ნუ ექნებათ, თუმცა კარგი იქნება, თუ გარშემო მყოფ ადამიანებს კარგად დააკვირდებიან – დიდია ალბათობა, რომ უკვე კარგა ხანია იცნობენ მას, ვინც მათთვის ცხოვრების შესანიშნავი მეგზური იქნებოდა. ამ პერიოდში დაქორწინება არასასურველია.

თამთა გურული

კომენტარები