კვირის ასტროლოგიური პროგნოზი 18 მარტიდან 24 მარტის ჩათვლით

18-იდან 20 მარტის ჩათვლით მზარდი მთვარის პერიოდია. ამ დღეებში ერიდეთ შეცდომების დაშვებას, რომელთა მიზეზი შესაძლოა დაბნეულობა და უყურადღებობა იყოს. ადამიანებმა, რომლებსაც ნევროზების, შფოთვებისა და მსგავსი ფსიქიკური მდგომარეობებისკენ აქვთ მიდრეკილება, შეიძლება საკმაოდ მძაფრად შეიგრძნონ ამ პერიოდისთვის დამახასიათებელი დაძაბული ენერგეტიკული ატმოსფერო. 21 მარტს სავსემთვარეობაა. ამ დღეს შეიძლება იფიქროთ, რომ ურთიერთობებში მუხტი გაკლიათ, მაგრამ ფრთხილად იყავით, ემოციების ზემოქმედებით წინდაუხედავი ნაბიჯები არ გადადგათ. 22 მარტიდან 24 მარტამდე კლებადი მთვარეა. ამ პერიოდში ყოფით კონფლიქტებს ვერ გაექცევით, თუმცა ეცადეთ, ძალიან არ დაძაბოთ სიტუაცია, თავშეკავება ყველაზე სწორი საქციელია. ესეც მალე გაივლის.
ვერძი

ამ პერიოდში, წინა პერიოდისგან განსხვავებით, ვერძები ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ. თქვენი ორგანიზმი სასიცოცხლო ძალებით ივსება. მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდება, რომლებიც თქვენთვის ხელსაყრელი იქნება. თქვენც არ ჩამორჩეთ მოვლენებს. კვირის ბოლოს გამონახეთ დრო და იმოგზაურეთ, ისეირნეთ, დაისვენეთ.

კურო

ამ კვირაში დარწმუნდებით, რომ მეგობრები ყოველთვის აუცილებლად დაგეხმარებიან ნებისმიერ რთულ სიტუაციაში. სხვათა შორის, სწორედ ასეთ ადამიანებთან ურთიერთობა მოგცემთ ძალას, კვლავ იგრძნოთ საკუთარი თავის მიმართ რწმენა, რომელიც ოდნავ შეგერყათ.

ტყუპი

ამ პერიოდში შეძლებთ როგორც მაღლა აფრენას, ისე მკვეთრად დაცემას. უფრთხილდით ნებისმიერ მაცდურ წინადადებას – მხოლოდ საკუთარ თავს დაეყრდენით და გახსოვდეთ, რომ უფასო ყველი მხოლოდ სათაგურშია. დაცემის ნუ შეგეშინდებათ – გახსოვდეთ, რომ დაღმართს აღმართი მოსდევს და როდესაც ფიქრობ, რომ ეს დასასრულია, სწორედ მაშინ იწყება ყველაზე დიდი და სასიამოვნო სიახლე.

კირჩხიბი

შეიძლება ნაჩქარევად მიღებული რაიმე გადაწყვეტილების გამო ინანოთ. გააცნობიერებთ, რომ ნაბიჯი უკვე გადადგით, უკან დასახევი გზა აღარ გაქვთ, ხოლო შედეგი იმ სასიკეთო შედეგს არ მოგიტანთ, რომელსაც ელოდით. ეცადეთ, ზედმეტ ფიქრებს შეეშვათ და იქიდან გამომდინარე იმოქმედოთ, რაც უკვე მოხდა. გამოსავალი არსებობს და თქვენ მას აუცილებლად იპოვით.

ლომი

ამ პერიოდში თქვენთვის ბევრი რამ შეიძლება მოხდეს – ეჭვიანობა, ყოფილ შეყვარებულთან ურთიერთობაში ცვლილებები, ახალი ადამიანის გაცნობა. იგივე ეხება საქმიან პარტნიორებთან ურთიერთობას – ძალიან დიდია საქმიანი მოლაპარაკებების ჩაშლის, კომპანიონთა მხრიდან მოულოდნელი არასასიამოვნო გადაწყვეტილებების ალბათობა. მთელი თქვენი დიპლომატია და დარწმუნების უნარი დაგჭირდებათ, რომ საქმე ისევ სასიკეთოდ მოატრიალოთ.

ქალწული

ამ პერიოდში იზრდება მოულოდნელი ტრამვებისა და ავად გახდომის ალბათობა. ფრთხილად იყავით, სერიოზულად მიუდექით ყველაფერს, რაც თქვენს ჯანმრთელობას ეხება – ეს ახლა ყველაზე მთავარია. სიფრთხილე და პრევენცია თქვენი მთავარი გამოწვევაა ამ პერიოდში და, პრინციპში, როგორც ქალწულს, ეს არც უნდა გაგიჭირდეთ – თქვენ ხომ ისედაც „პრევენციის დედა“ ხართ.

სასწორი

კვირის პირველ ნახევარში კარგი პერსპექტივები გელოდებათ, თუ გადაწყვეტილი გაქვთ ახლობლებთან რაიმე სადავო საკითხზე დალაპარაკება. მეორე ნახევრიდან კი მოსალოდნელია პირადი ურთიერთობების აქტიური განვითარება, რომანტიკული შეხვედრები და პაემნები. მოკლედ, თქვენთვის მთელი კვირა პოზიტიურია.

მორიელი

ოჯახში ურთიერთობები დაიძაბება, შეიძლება გაშორების გადაწყვეტილებაც კი მიიღოთ – პარტნიორის გამო ან მისგან დამოუკიდებლად. ამაში შეიძლება ახლობლებმა და ნათესავებმა კატეგორიულად არ დაგიჭირონ მხარი. ერთადერთი, რაც შეიძლება ასეთ სიტუაციაში გონივრული იყოს – არ აჩქარდეთ, გასროლილ ისარს უკან ვერ დააბრუნებ, ნაჩქარევი გადაწყვეტილების გამო კი შესაძლოა მომავალში ინანოთ.

მშვილდოსანი

მეგობრების კომპანიაში სასიამოვნო მოგზაურობა შესაძლებელია ფულთან დაკავშირებულმა პრობლემამ დაამძიმოს. თქვენ შეიძლება სხვა ადამიანების ფინანსებზე დამოკიდებული გახდეთ, მსგავს სიტუაციებს კი ყოველთვის მწყობრიდან გამოყავხართ, თუმცა, მართალი რომ ითქვას, თქვენი რეაქცია მეტისმეტია – ცოტა უფრო მშვიდად შეხედეთ ყველაფერს, ბოლოს მაინც ყველაფერი თქვენ რომ გინდათ, ისე  გვარდება.

თხის რქა

საკითხის ფინანსური მხარე ახლა არც თუ ისე ძალიან გადარდებთ, უბრალოდ იმას აკეთებთ, რასაც უნდა აკეთებდეთ. და მაინც, საქმის წარმატებით დასრულების შემთხვევაში ფულის ნაკადი თქვენსკენ მდინარესავით წამოვა, ხოლო წარუმატებლობის შემთხვევაში საფულეში და საბანკო ანგარიშზე არსებული ფული დიდ დახმარებას ვერ გაგიწევთ. საქმისადმი თქვენი დამოკიდებულება წარმატების დიდ შანსს გაძლევთ.

მერწყული

ეს პერიოდი თქვენი და თქვენი პარტნიორის ურთიერთობაში საბედისწერო შეიძლება აღმოჩნდეს – სავსემთვარეობისას შეიძლება შეხვდეთ ადამიანს, რომელიც თქვენს ცხოვრებას, თქვენ კი – მისას თავდაყირა დააყენებთ. თუ ასეთი პერსპექტივა არ გხიბლავთ, მაშინ ახალ ნაცნობობას ერიდეთ და მშვიდად გააგრძელეთ ცხოვრება, მით უმეტეს, რომ შესაძლებელია სამსახურში კარგი პოზიცია შემოგთავაზონ.

თევზები

უმჯობესია, თუ თევზები ამ კვირას მშვიდად გაატარებენ. დაისვენეთ, კარგად გამოიძინეთ – მართალია, ახლა თქვენი ენერგეტიკა ძალიან დაბალ დონეზე არ არის, მაგრამ ორგანიზმი ინფექციებისკენაა მიდრეკილი. ყურადღება მიაქციეთ საკუთარ გუნება-განწყობას და მაშინვე, როგორც კი თავს შეუძლოდ იგრძნობთ, ექიმს მიმართეთ, რათა დროულად მოაგვაროთ ჯანმრთელობის პრობლემა და გართულება თავიდან აიცილოთ.

თამთა გურული

კომენტარები