საქართველო ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საფრთხის წინაშე – რას ამბობს საფრანგეთის ელჩი საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა მკვეთრ ზრდასთან დაკავშირებით?

საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, პასკალ მენიე აცხადებს, რომ ევროპის ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებელ საქართველოს მოქალაქეთა რიცხვი ვიზალიბერალიზაციის შემდეგ საგანგაშო მაჩვენებელს აღწევს. ეს საკითხი განსაკუთრებით აწუხებს რამდენიმე ქვეყანას, მათ შორის, უპირველესად, საფრანგეთს, გერმანიას, შვედეთს, შვეიცარიას და საბერძნეთს და ამ ქვეყნების ელჩები უახლოეს მომავალში აპირებენ საქართველოს შს მინისტრ გახარიასთან შეხვედრას, რათა სიტუაციიდან გამოსავალი მოძებნონ. ამ საკითხზე პასკალ მენიემ (Pascal Meunier) ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში ისაუბრა.

ელჩი განმარტავს, რომ 2017 წელს საფრანგეთში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვმა 6000-ს მიაღწია, მაშინ როდესაც ვიზალიბერალიზაციამდე მათი რაოდენობა 2000-მდე იყო.
საქმე ის არის, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყნად მიიჩნევა, ამიტომ საქართველოს მოქალაქეებს თავშესაფრის მინიჭებაზე უმეტეს შემთხვევაში უარს ეუბნებიან, რის შემდეგაც, პასკალ მენიეს აზრით, ისინი ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფების გავლენის ქვეშ ექცევიან და დანაშაულს ჩადიან, ამიტომ გაზრდილია, აგრეთვე, დანაშაულში მონაწილე საქართველოს მოქალაქე მიგრანტების რიცხვი.

„ჩემმა შვედმა კოლეგამ, მაგალითად, მითხრა, რომ შვედეთში იმიგრანტების მიერ ჩადენილი დანაშაულების 50%-ში საქართველოს მოქალაქეები მონაწილეობენ“, – აღნიშნა ელჩმა. მისი თქმით, თუ გამოსავალი არ მოიძებნა, შესაძლოა ვიზალიბერალიზაციას საფრთხე შეექმნას. თეორიულად ეს შესაძლებელია, უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმი არსებობს, თუმცა „პოლიტიკურად ჩვენ ეს არ გვინდა, რადგან არ გვინდა მათ გამო, ვინც ცუდად იქცევა, ისინი დაისაჯონ, ვინც კარგად იქცევა. რაც შევამჩნიეთ, ეს ხალხი დაკავშირებულია ორგანიზებულ დანაშაულთან. ვფიქრობ, რომელიღაც ქსელი ხელმძღვანელობს მათ. ისინი ფიქრობენ, რომ სამუშაოს იშოვიან, მაგრამ რადგან ვერ პოულობენ, იოლად იწყებენ ქურდობას მაღაზიებში და ხდებიან კრიმინალები“, – აცხადებს დიპლომატი.

პასკალ მენიე ამბობს, რომ საფრანგეთის მთავრობა საქართველოს მოქალაქეებს თავშესაფარს არ აძლევს, რადგან საქართველოდან ადამიანები საზღვარგარეთ მიდიან არა დევნის ან შევიწროების, არამედ ეკონომიკური მდგომარეობის გამო.

„…საფრანგეთის მაგალითს თუ ავიღებთ, ვიზალიბერალიზაციამდე დაახლოებით 2000 ქართველი ჩამოდიოდა საფრანგეთში და პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვდა. აქედან საშუალოდ 7%-ს ვაკმაყოფილებდით. … რადგან საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა, მიზეზი იმისა, რომ პოლიტიკურ დევნილთა რიცხვი დიდი იყოს, არ არსებობს.

ჩვენ გვინდა თავშესაფარი მივანიჭოთ მათ, ვინც მართლა იტანჯება, … მაგრამ საქართველოდან უფრო არა პოლიტიკური დევნილები, არამედ ეკონიმიკური მიგრაციაა, რაც არალეგალურია. ამიტომ ისინი თვითმფრინავით უკან გაიგზავნებიან საქართველოში მათივე ხარჯით და ჩვენ არ გვინდა, რომ ეს პროცესი დაუსრულებლად გრძელდებოდეს, ამიტომ საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად დამატებით ზომებზე ვიმსჯელებთ, როგორ ვებრძოლოთ ამ პრობლემას“.

საინტერესოა, რა შედეგით დასრულდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასთან ზემოჩამოთვლილი ქვეყნების დიპლომატიური წარმომადგენლების შეხვედრა.

წყარო: http://rustavi2.ge/ka/news/123945?fbclid=IwAR0w6sGDL2kRSQ4_WsEnP87jYBMiOewzKxDTfBC1nCxETZiRQ5Upm83eVPE

კომენტარები