მსოფლიოპოლიტიკაnews

პირველ იანვარს ევროს 20 წელი შეუსრულდა

2019 წლის პირველ დღეს „ევროზონის“ 19 ქვეყნის ოფიციალური ვალუტა – ევრო თავის 20-წლიან იუბილეს აღნიშნავს.

1999 წლის პირველ იანვარს ევრო უნაღდო ანგარიშსწორებისთვის ოფიციალურად შემოიტანეს ევროკავშირის 11 ქვეყნისთვის (ავსტრია, გერმანია, ბელგია, საფრანგეთი, ირლანდია, ესპანეთი, იტალია, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, პორტუგალია, ფინეთი); დღეს კი ევრო ევროკავშირის 28 სახელმწიფოდან (რომელთა შორის ჯერ კიდევ მოიაზრება დიდი ბრიტანეთი) 19-ის ოფიციალურ ვალუტას წარმოადგენს და 340 მილიონი ევროპელის ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია: 2001 წელს „ევროზონაში“ შევიდა საბერძნეთი, შემდეგ – სლოვენია, კვიპროსი, მალტა, სლოვაკეთი, ესტონეთი, ლატვია და ლიტვა; დაახლოებით 60-მა ქვეყანამ კი თავისი ეროვნული ვალუტა ასე თუ ისე დაუკავშირა ევროს.

ევროკავშირთან დადებული შეთანხმების საფუძველზე ევრო თავის ეროვნულ ვალუტად აირჩიეს, აგრეთვე, ანდორამ, სან-მარინომ, მონაკომ და ვატიკანმა. ეს სახელმწიფოები არ არიან „ევროზონაში“, რადგან არ არიან ევროკავშირის წევრები; აღსანიშნავია, რომ არაოფიციალურად ევრო გამოიყენება ჩერნოგორიაშიც.

თავისი გამოჩენით ევრომ ჩაანაცვლა ეკიუ, რომელიც ევროკავშირის ქვეყნებს შორის უნაღდო ანგარიშსწორებისთვის 1979 წლიდან 1998 წლამდე გამოიყენებოდა.

ევრო ოფიციალურად 1999 წლის 4 იანვარს ჩაერთო ვაჭრობაში და მისი ღირებულება იყო 1,17 დოლარი. ამის შემდეგ ამერიკული ვალუტა ზომიერად ძვირდებოდა ევროსთან მიმართებაში. აღსანიშნავია, რომ იყო დრო, როცა ევრო დოლარზე იაფი ღირდა (2000 წელს 1 ევროს ფასი 0,8 დოლარამდე დაეცა; ამის მიზეზად სხვადასხვა ფაქტორთან ერთად ყოფილ იუგოსლავიის ტერიტორიაზე საომარ მოქმედებებსაც ასახელებდნენ); 2003 წლიდან ევროს ფასმა ისევ გაუსწრო დოლარს და 2008 წლის ივლისში ერთი ევრო 1,6 დოლარიც კი ღირდა. დღეისათვის ერთი ევროს ფასი 1,15 დოლარზე დასტაბილურდა.

„20 წლის შემდეგ დარწმუნებული ვარ, რომ ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც მივიღეთ, რადგან ევრო გახდა ერთიანობის, სუვერენიტეტისა და სტაბილურობის სიმბოლო“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა. ეს უკანასკნელი ჯერ ისევ მოქმედი ერთადერთი პოლიტიკოსია მათგან, რომლებმაც მაასტრიხტის შეთანხმებას მოაწერეს ხელი – სწორედ ამ ხელშეკრულების საფუძველზე შემოიტანეს, ფაქტობრივად, ევრო „ევროზონის“ ერთიან ვალუტად.

ნიკო აბაშიშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close