კინო/ფილმებისაზოგადოებაკულტურასაქართველო

იტალიელი დრამატურგის ოჯახში დოდო ჭიჭინაძის სურათი ღვთისმშობლის ხატი ეგონათ

დოდო ჭიჭინაძე… ეს სახელი და გვარი ქართველთათვის სილამაზის, სათნოების და კეთილშობილების სინონიმია. საქართველოს არასდროს აკლდა ულამაზეს ქალთა ბრწყინვალება, თუმცა დოდო ჭიჭინაძე ყველასგან გამორჩეული იყო თავისი უკიდურესად ქართული მშვენიერებით. ეს რომის პაპმა იოანე XXIII-მაც აღნიშნა, როდესაც დოდო ჭიჭინაძის ფოტო იხილა: ეს სახე, მგონი, მართლაც ქართულიაო, უთქვამს მსახიობის სილამაზით მოხიბლულ პონტიფიკოსს…

დოდო ჭიჭინაძის ღვთაებრივი სილამაზის შესახებ მსახიობი ლეილა აბაშიძე ასეთ ფაქტს იხსენებდა: „იტალიაში ერთ დრამატურგთან მიგვიწვიეს. ოთახში, სადაც სუფრა იყო გაშლილი, ხატების კუთხე ჰქონდათ. ღვთისმშობლის ხატთან ერთად დოდო ჭიჭინაძის სურათი მოეთავსებინათ – ისიც ღვთისმშობლის ხატად აღექვათ. როცა ჩვენს მასპინძელს ვუთხარი, რომ ეს ჩვენი მსახიობის, დოდო ჭიჭინაძის სურათი იყო, კატეგორიულად იუარა: არა, ეს მარიამ ღვთისმშობლის სახეაო. შევეშვი, რაკი ასე ძალიან სურთ, დაე, დოდოშკას სურათზე ილოცონ-მეთქი“.

***

დოდო ჭიჭინაძეს მშობლებიც ულამაზესები ჰყავდა. დედა, ანა ახვლედიანი წარმოშობით ლეჩხუმიდან ყოფილა, შეძლებული ოჯახის შვილი. ერთი პერიოდი ქუთაისში ცხოვრობდა თურმე, ბიძის – ლევან ჩიქოვანის სახლში. სწორედ ქუთაისში შეხვედრია თხემით ტერფამდე ქართველ ვაჟკაცს ვასილ ეფრემის ძე ჭიჭინაძეს და მის გულში ჩასახლებულა. ჭიჭინაძეების ძირი იმერეთშია, სოფელ ჭოლევში, ძლიერი აზნაურები ყოფილან წინაპრები. დიდი ელექტროსადგურები აუგიათ საქართველოში და ამის გამო მათთვის გაშარჟებული ლექსიც კი მიუძღვნიათ, რომელსაც შემდგომში ქალბატონი დოდო ღიმილით იხსენებდა:

„ჭიჭინაძე, შენ გაგიქრეს ეგ თავიო, /რად გინდოდა ეგ ზაგესი ნეტავიო, /არშიყობას რომ დაგვიშლის ქუჩაშიო, /ელექტრონი ჩაგვანათებს ტუჩებშიო“.

ვასილ ჭიჭინაძე 1924 წლის აჯანყების მონაწილე ყოფილა, კარგად იცნობდა თურმე ქაქუცა ჩოლოყაშვილს. როცა მასობრივი დახვრეტა დაიწყო, ისიც სხვებთან ერთად, შორაპანთან ჩამოყენებულ ვაგონში შეაგდეს. მაშინ ცოლი ახალშერთული ჰყავდა, რომელიც ორსულად იყო პატარა თამარზე. რამდენიმე დღე ამყოფებდნენ ხალხს ამ ვაგონში. მერე გამოიყვანდნენ და იქვე ხვრეტდნენ ხოლმე. ვასილი დახვრეტას სკოლის მეგობარმა, კომუნისტმა სიმონ ჯუღელმა გადაარჩინა და რადგან კახეთი უკვე ქარიშხალგადავლილი იყო, მასაც იქ წასვლა ურჩიეს. ასე დასახლდა იგი ოჯახთან ერთად ყვარელში, სოფელ შილდაში. მერე კი რაიონში მეუღლესთან ერთად აფთიაქი გახსნა და პროვიზორად დაიწყო მუშაობა.

მომავალი ვარსკვლავი სწორედ შილდაში დაიბადა და გაიზარდა. სახელად თამარი დაარქვეს, მაგრამ ბავშვობიდან ყველა მოფერებით დოდოშკას ეძახდა და ასე შერჩა ეს სახელი სიცოცხლის ბოლომდე. სხვათა შორის, დოდო ძველი ქართული სახელია, თანაც სვანური – ერთ-ერთი თავადის, დადეშქელიანის ცოლს რქმევია თურმე…

აი, როგორ იხსენებდა ქალბატონი დოდო თავისი ბავშვობის წლებს ჩემთან ინტერვიუში გარდაცვალებამდე რამდენიმე წლით ადრე: „ნორმალურად ვცხოვრობდით, შეიძლება ითქვას, საკმაოდ კარგადაც კი, თუმცა მშობლები არც მე და არც ჩემს ძმას არასოდეს გვანებივრებდნენ. ერთი მოსამსახურე  ქალი გვყავდა – „ტოტია ფროსია“. დედა და მამა რაიონში მუშაობდნენ და ჩვენ მთელი დღე ამ ქალთან ვიყავით. მისგან ვისწავლეთ რუსული ენა. შემდეგ, როცა უკვე წამოვიზარდეთ და სკოლაში წასვლის დრომ მოგვიწია, თბილისში ჩამოგვიყვანეს, სადაც გერმანელ ბიცოლასთან ვცხოვრობდით, რომელსაც „ტანტე ლილის“ ვეძახდით – ჩვენი აღზრდა მან ითავა. მე უზომოდ მადლობელი ვარ ამ ქალის, სწორედ მან ჩამინერგა საოცარი პასუხისმგებლობისა და შრომისმოყვარეობის გრძნობა. ბავშვებს ზედმეტად არასოდეს მოგვეფერებოდა და სულ გვეუბნებოდა, რომ უქმად გატარებული ერთი წუთიც კი უპატიებელი შეცდომაა ადამიანისთვის, რომ შრომა ყველაზე დიდი ნიჭია! ამიტომ ვარ მე ასეთი, როგორიც ვარ: ყველაფრის გაკეთება ვიცი, მეხერხება და რანაირიც უნდა იყოს, შრომა სამარცხვინოდ არ მიმაჩნია!

მე შრომამ მაქცია მსახიობად… ეს ერთი. მეორეც, მთელ ზაფხულს შილდაში ვატარებდით. მახსოვს, მამიდას მივყავდით ხოლმე მატარებლით. მატარებელი ზოზინით მიდიოდა და მთელი გზა ფანჯარასთან ვიყავი ატუზული, რადგან ძალიან მენატრებოდა მშობლები – ერთი სული მქონდა, სოფელში როდის ჩავიდოდი. ერთხელ, ფანჯრიდან ყურებისას, ჩოჩორს მოვკარი თვალი, გამეხარდა და გადავწყვიტე სიხარული მამიდისთვის გამეზიარებინა, მაგრამ არ ვიცოდი, პატარა ვირს რა ერქვა, და მოვრთე ყვირილი: „მამიდა, ვირიშვილი! ვირიშვილი!..“ მთელი მატარებელი ჩემს ნათქვამზე იცინოდა, მე კი სიცილს მიზეზს ვერ ვხვდებოდი…

შილდაში ერთი არაჩვეულებრივი მომღერალი ჰყავდათ, „დედას ლევანას“ ეძახდნენ. რატომ? ხალხი ამბობდა, ასეთი ხმა იმიტომ აქვს, რვა წლამდე ძუძუს წოვდაო… სოფელში ახალგაზრდები ხშირად მართავდნენ წარმოდგენებს. როცა პატარა ვიყავი, თუ საჭირო იყო, ამ წარმოდგენებში მეც ვმონაწილეობდი… საერთოდ, შილდაში ხელოვნების მოყვარული ხალხი ცხოვრობდა და, რაც მთავარია, წარმოუდგენლად დიდი ინტელიგენცია ჰყავდა. სხვა რომ არაფერი, 17-18 პროფესორი ამ სოფლის წარმომადგენელი იყო. როცა ზაფხულობით ყველანი მშობლიურ სოფელში იყრიდნენ თავს, იყო ერთი ქეიფი და დროსტარება… მამაჩემს უბრწყინვალესი განათლება ჰქონდა. იგი ძალიან საჭირო კაცი იყო ყვარელში. ილიასა და კოტე მარჯანიშვილის სამშობლოში უამრავი ხალხი ჩამოდიოდა, მათ შორის, უცხოელებიც. მაშინდელმა რაიკომის მდივანმა კი ორი სიტყვა არ იცოდა რუსულად. მამას ხშირად უწევდა ამ სტუმრების მიღება და მათთვის პასუხის გაცემა. როგორც იცით, ამ დროს ეკლესიაში შესვლაც კი იკრძალებოდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ბავშვებს ყველა ნათლავდა. სხვათა შორის, რაიკომის მდივნის შვილები მამაჩემს ჰყავდა მონათლული, ოღონდ ისე, ვითომ „იმან“ (რაიკომის მდივანმა) არ იცოდა“.

თავად ქალბატონ დოდოს ორი ნათლია ჰყავდა – ერთი რეჟისორ ვახტანგ ტაბლიაშვილის მამა იყო, არაჩვეულებრივი კაცი, ყვარლის მთავარი ეკლესიის მღვდელი, მეორე კი – გაბო მდივანი, გურული ვაჟკაცი, რომელიც ყვარელში მუშაობდა და სამ მცირეწლოვან ბავშვს თავად ზრდიდა, რადგან ცოლი ადრე დაეღუპა,  სხვა ქალი კი არაფრით შეირთო, ბავშვებს დედინაცვალს ვერ მოვუყვანო…

ექიმის ნაცვლად – მსახიობი

მსახიობობა დოდო ჭიჭინაძეს გენებში ჰქონდა. მამიდამისი – ხათუნა ჭიჭინაძე, რომელიც 1937 წელს დახვრიტეს, მსახიობი იყო. ძალიან კარგი მსახიობი ყოფილა ბიძა, პეტრე ჭიჭინაძეც… მიუხედავად ამისა, ჭიჭინაძეების ოჯახში ვერ წარმოედგინათ, რომ პატარა თამარი (დოდოშკა) ექიმი არ „გამოვიდოდა“. ექიმობა დოდოსაც სურდა და სკოლის წარჩინებით დასრულების შემდეგ უგამოცდოდ ჩაირიცხა სამედიცინო ინსტიტუტში, თუმცა მისი გასაოცარი სილამაზე შეუმჩნეველი არ დარჩენია რეჟისორ ნიკოლოზ სანიშვილის დედას, რომელმაც იგი ერთ მშვენიერ დღეს ვერის ბაზარში ნახა მამიდასთან ერთად. იმხანად კინოსტუდიაში „დავით გურამიშვილის“ გადაღებას აპირებდნენ და ქეთევანის როლის შემსრულებელს ეძებდნენ. ეს იცოდა ნიკოლოზ სანიშვილის დედამ და მაშინვე სწორად შეაფასა, რომ ბაზარში ნანახი უმშვენიერესი გოგონა ამ როლისთვის ზუსტად შესაფერისი იყო.

თავიდან მამიდამ თავი შორს დაიჭირა, რადგან იცოდა, რომ მისი ძმა სასტიკი წინააღმდეგი იქნებოდა, მაგრამ რეჟისორებისა და ფილმის დირექტორის დაჟინებულმა თხოვნამ რამდენიმე დღის შემდეგ მაინც გაჭრა.

როდესაც გასინჯვაზე მისული დოდო დაინახეს, ფილმის შემქმნელებმა თვალებს არ დაუჯერეს: იგი გაჭრილი ვაშლივით ჰგავდა ფილმის მხატვრის, თამარ აბაკელიას მიერ კარგა ხნით ადრე შექმნილ ქეთევანის სავარაუდო პორტრეტს. თავად მხატვარიც კი გაკვირვებული დარჩა.

ასე აღმოჩნდა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის მეორეკურსელი სტუდენტი, ცხრამეტი წლის დოდო ჭიჭინაძე კინოში. მისმა მეტყველმა თვალებმა, სინაზემ, უშუალობამ და ღრმა განცდის უნარმა დაატყვევა მაყურებელი, ნიჭიერ გოგონას კი წარმატება მოუტანა როგორც კინოში, ისე თეატრში.

როდესაც ქალბატონი დოდო ფილმზე მუშაობის პროცესს იხსენებდა, ყოველთვის მადლიერების გრძნობით აღნიშნავდა, ჩემი წარმატება „დავით გურამიშვილში“ ჩემი სათაყვანო ადამიანების, უზომოდ ნიჭიერი მსახიობების – შალვა ღამბაშიძისა და გიორგი შავგულიძის პარტნიორობამ განაპირობაო. მეტიც, ამ ფილმმა და სწორედ ასეთ მსახიობებთან ურთიერთობამ განსაზღვრა დოდო ჭიჭინაძის ცხოვრების შემდგომი გზა. მან სამედიცინო ინსტიტუტი მიატოვა და სწავლა საქართველოს კინოსტუდიასთან არსებულ სამსახიობო სკოლაში დაიწყო. შვილის ამგვარმა გადაწყვეტილებამ ძალიან გაანაწყენა ვასილ ჭიჭინაძე. თურმე კარგა ხანს ხმას არ სცემდა ქალიშვილს, ვერაფრით ურიგდებოდა მის მსახიობობას.

კადრი ფილმიდან „დავით გურამიშვილი“ (1946 წ.)

„მამასთვის წარმოუდგენელი იყო, რომ მისი შვილი მსახიობი, ესე იგი, „საეჭვო პროფესიის“ ქალი გამხდარიყო. ალბათ მიმიხვდით, ვაჟი რომ ვყოფილიყავი, ამას უფრო იოლად შეეგუებოდა, თუმცა გაეხარდებოდაო, ვერც ასეთ შემთხვევაში ვიტყოდი. მსახიობობა მიუღებელი პროფესია იყო. სამწუხაროდ, მაშინდელ საზოგადოებაში ასეთი აზრი ტრიალებდა. სხვათა შორის, როდესაც სამედიცინო ინსტიტუტის რექტორთან, ბატონ კოწია ერისთავთან მივედი და ჩემი გადაწყვეტილების შესახებ ვუთხარი, მკითხა: „რაო, რაო, სად მიდიხარ?“ „კინოში, ფილმში მიღებენ-მეთქი“, – ვუპასუხე. „შენ იცი, როგორ სჭირდება ექიმს, რომ ლამაზი იყოს?“ – მითხრა. ვიცოდი, მაგრამ…

მერე უკვე ქალბატონი ვერიკო ანჯაფარიძისა და შალვა ღამბაშიძის დამსახურებაა ჩემი თეატრში მისვლა. „შენი ადგილი თეატრშია, ეს არის შენი მოწოდება, – მითხრა ქალბატონმა ვერიკომ და მე მივხვდი, რომ სიმართლეს მეუბნებოდა“, – იხსენებდა შემდგომში დოდო ჭიჭინაძე, რომელსაც მართლაც უჭკნობი სილამაზე ჰქონდა. იგი თავისი ქალური მშვენიერებით და ნიჭიერებით ქართული თეატრისა და კინოს ვარსკვლავად, ქართველთა უსაყვარლეს მსახიობად იქცა.

* * *

„დავით გურამიშვილს“ „ბედნიერი შეხვედრა“ (ეთერი) მოჰყვა, მერე იყო „ჭრიჭინა“ (თინა), „ცისკარა“ (მზია), „ნინო“ (ეთერი), „შეწყვეტილი სიმღერა“ და კიდევ არაერთი საინტერესო როლი. ქალბატონი დოდო ყველგან განუმეორებელია. სხვათა შორის, თურმე „ბაში-აჩუკში“ ძალიან არ უნდოდა თავადის ასულ ნინოს როლის თამაში, გლეხის ქალი უნდოდა განესახიერებინა, „მაგრამ რა ვქნა, ამ ტანსცმელშიც კი გლეხის ქალს არ ჰგავხარო, რეჟისორმა მითხრა. მერე ის როლი მედეა ჩახავამ ითამაშა. იცით, რა ხდებოდა საქართველოში, როცა „ბაში-აჩუკი“ ეკრანებზე გამოვიდა? 4-5-ჯერ ნახულობდა ხალხი. რატომ? იმიტომ, რომ ფილმი მიძინებულ ნაციონალურ გრძნობას აღვიძებდა. თეატრშიც ყველა ჩემი სპექტაკლი ამ გრძნობის შენარჩუნებას ემსახურებოდა. ამ სურათმა ბევრი რამ მომცა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მარტო ის რად ღირდა, რომ პირველივე ფილმში პარტნიორად გიორგი შავგულიძე შემხვდა. უდიდესი, ხალასი ნიჭის პატრონი იყო ჟორა! ის იყო მსახიობი, რომელსაც ამპლუა არ ჰქონდა – ყველაფერს გენიალურად თამაშობდა.

კადრი ფილმიდან „ბედნიერი შეხვედრა“ (1949 წ.)

მახსოვს, პეტერბურგში, ერმიტაჟში გვქონდა გადაღებები. აპრილის შუა რიცხვები იყო, მაგრამ საშინლად ციოდა. მზემ გამოიხედა თუ არა, შესვენებაზე ნევის სანაპიროზე გავედით. მსახიობმა აკუნევსკაიამ (იგი ელიზავეტა პეტროვნას როლს თამაშობდა, უზომოდ შეყვარებული იყო ჟორაზე და სულ ეპრანჭებოდა) უცებ წამოიძახა: აი, ის იქნება ვაჟკაცი, ვინც ამ მდინარეს გადაცურავსო. სიტყვის თქმა დამთავრებული არ ჰქონდა, რომ შავგულიძე ნევაში აღმოჩნდა. საშინელი პანიკა ატყდა, მაგრამ ტყუილად! – რიონისპირელმა ჭაბუკმა ნევასაც აჯობა. როდესაც ნაპირზე გამოვიდა, ყველანი გაოცებულები უყურებდნენ, შავგულიძე კი, სიცივისგან გათოშილი, კმაყოფილი იღიმებოდა“.

პირადი ცხოვრება

დოდო ჭიჭინაძეს თაყვანისმცემლები არასოდეს აკლდა, ბევრი ეტრფოდა, მაგრამ პირად ცხოვრებაში თავიდან არ გაუმართლა. ოცი წლისამ იქორწინა. მისი მეუღლე პროფესიით დრამატურგი იყო, დოდოზე გაცილებით უფროსი. ერთმანეთს მალე დაშორდნენ. ოჯახის შექმნაზე აღარც კი ფიქრობდა, მაგრამ ბიძაშვილი – დათო ჭიჭინაძე შეუჩნდა, ჩემს მეგობარს ძალიან უყვარხარ, შენ გარდა არავინ უნდა, როდემდე უნდა იცხოვრო მარტოო და ალექსი ბუზოღლი გააცნო. ერთმანეთისადმი თავიდანვე სიმპათიით განიმსჭვალნენ, დროთა განმავლობაში გრძნობაც გაჩნდა და დაოჯახდნენ.

„ჩემი მეუღლე უბრწყინვალესი პიროვნება, ჭეშმარიტი ინტელიგენტი და მართალაც გამორჩეული ვაჟკაცი გახლდათ. პროფესიით ინჟინერი იყო, უდიდესი სპეციალისტი. უამრავი ფაბრიკა-ქარხანა აქვს აშენებული. უნიჭიერესი ადამიანი იყო, ექვსი ენა იცოდა, მთელ მსოფლიოში მოგზაურობდა და მხოლოდ იმიტომ, რომ ცხოვრება ენახა, ეგრძნო ეს ცხოვრება… მოგზაურობისას მეც თან დავყავდი, უამრავ ქვეყანაში ვარ ნამყოფი. მის გვერდით მართლაც ბედნიერი ქალი ვიყავი“.

ალექსის დედა აბაშიძის ქალი ყოფილა, მამა – მიხეილ ბუზოღლი საქვეყნოდ ცნობილი ადამიანი. მას გაუყვანია ბაქო-ბათუმის ნავთობსადენი. ნობელთან ხელშეკრულებაც ჰქონია დადებული (მაშინ ბაქოს ნავთობი ნობელებს ეკუთვნოდათ), რომლის თანახმადაც, მშენებლობაში მილიონ-ნახევარი დოლარი უნდა მიეღო, მაგრამ საბჭოთა მთავრობამ ეს თანხა დაუკარგა. დოდო ჭიჭინაძის ახლობლების გადმოცემით, ალექსი ბუზოღლი საოცრად მომხიბლავი მამაკაცი იყო როგორც ფიზიკურად, ისე ურთიერთობებში. როგორც კი საუბარს დაიწყებდა, იმწუთას იქცევდა ყველას ყურადღებას. დოდო მის შვილიშვილს (პირველი ქორწინებიდან), პაპის მოსახელეს, ბოლომდე ბებიობას უწევდა.

უმშვენიერეს მსხიობს, სამწუხაროდ, საკუთარი შვილი არ ჰყავდა, მაგრამ სხვისი შვილების საკუთარივით შეყვარება შეეძლო. ძალიან ხშირად საოცარი გულისტკივილით საუბრობდა მოზარდების პრობლემებზე და უპატრონო ბავშვებზე: „მე რომ ფული მქონდეს, ერთ დიდ ლამაზ სახლს ავაშენებდი გარეუბანში, მივიყვანდი უპატრონო ბავშვებს და იქ ვიცხოვრებდი, ჩავაცმევდი და ძალიან კარგად გამოვკვებავდი. საუკეთესო განათლებას მივცემდი, არაფერს მოვაკლებდი“.

საქართველოში ბოლო წლებში განვითარებულ მოვლენებს ძალიან განიცდიდა, ამა თუ იმ საკითხზე საკუთარ შეხედულებას დაუფარავად გამოხატავდა. სახლის კარი სულ ღია ჰქონდა. გასული საუკუნის 90-იან წლებში, როდესაც საქართველოში ყველაფერი აირ-დაირია, ხან ტყვიებს გამორიდებულ ხალხს იფარებდა, ხანაც ლტოლვილებს… უზომოდ კეთილი იყო, ანგარიში და თვლა ურთიერთობებში არ იცოდა.

ქეთევან წამებულის როლის შესრულებაზე ოცნებობდა. თეატრიდან თავისუფალ დროს წიგნის კითხვაში ატარებდა და ამბობდა, მსახიობი რომ არ ვყოფილიყავი, აუცილებლად საბავშვო მწერალი გავხდებოდიო.

„საქართველოს მშფოთვარე ჭირისუფალი“

„მე ლამაზი და ბედნიერი საქართველო მინდა, სადაც ყველა სიკეთის კეთებით იქნება დაკავებული და ვერსად დაინახავ მშიერ და ხელგაწვდილ ბავშვებს… მე ცოტა „გიჟი“ ქართველი ვარ, რაღაც ავადმყოფურად მიყვარს საქართველო და მჯერა, რაც გადაგვარჩენს, ეს ჩვენი რწმენაა…“ – ამ რწმენით წავიდა დოდო ჭიჭინაძე ამ ქვეყნიდან  85 წლის ასაკში. უწმინდესმა და უნეტარესმა, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მას „საქართველოს მშფოთვარე ჭირისუფალი“ უწოდა, ქართველმა ხალხმა კი საყვარელ მსახიობს, მადლიერების ნიშნად, გარდაცვალებამდე (2009 წლის 3 ნოემბერი) ცოტა ხნით ადრე, 2009 წლის 2 ოქტომბერს, კინოთეატრ „რუსთაველის“ წინ ვარსკვლავი გაუხსნა.

 თამარ ოთიაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close