როგორ დავიცვათ სისუფთავე სახლში ჯანმრთელობისთვის ზიანის მიუყენებლად

დროდადრო ბინაში გენერალურ დალაგება-დასუფთავებას ყველანი ვატარებთ სხვადასხვა ქიმიური საშუალების გამოყენებით. რამდენად ტოქსიკური ხდება ჩვენი სახლი ამ პროცედურის შემდეგ? და საერთოდ, რამდენად უსაფრთხოა ჩვენი სახლი ჩვენივე ჯანმრთელობისთვის?

ქვემოთ მოყვანილი 4 კითხვა საშუალებას მოგცემთ, ეს დაადგინოთ და შემდეგში შესაბამისად მოიქცეთ:

  1. ძირფესვიანი დალაგება-დასუფთავების შემდეგ რის სუნი დგას თქვენს ბინაში?

არაფრის – 0 ქულა; სარეცხი საშუალებების არომატები – 6 ქულა; ამიაკის ან ქლორის – 12 ქულა.

კომენტარი: ყველაზე  სახიფათო  სუნები  ქლორის და ამიაკისაა. სწორედ ქლორი შედის საწმენდი საშუალებების ძალიან დიდ ნაწილში, ხოლო ამიაკს ფანჯრის საწმენდ საშუალებებს უმატებენ. ამიაკი და ქლორი ძალზე ადვილად ორთქლდება და ჩვენც მაშინვე შევისუნთქავთ მათ. ეს ნივთიერებები იმდენად ტოქსიკურია, რომ ფილტვების ქსოვილს აზიანებენ.

გამოსავალი ისაა, რომ ავირჩიოთ ისეთი საშუალებები, რომლებიც არ შეიცავს სწრაფად აორთქლებად მავნე ნივთიერებებს. საგნებს ათეთრებს ლიმონი, ასევე ათეთრებს და წმენდს სოდა, ბოლოს და ბოლოს, საპონი და წყალი. ამიტომ, ჯობია, ამიაკის და ქლორის შემცველ სარეცხ და საწმენდ საშუალებებს მოვერიდოთ.

  1. გაცვიათ თუ არა ხელთათმანები სახლის დასუფთავების დროს?

არა – 8 ქულა; დიახ – 0 ქულა.

კომენტარი: ყველა  ტოქსიკური  ნივთიერება  დაზიანებული ფრჩხილებიდან პირდაპირ სისხლში ხვდება, რადგანაც ფრჩხილის რქოვანი ფირფიტის  ქვეშ  უამრავი  სისხლძარღვია. ფრჩხილი ფოროვანია, ამიტომ ხელთათმანების გარეშე ნურაფერს გააკეთებთ. ხოლო თუკი რეზინის ხელთათმანების ქვეშ ბამბის ქსოვილის (მაგ., მიტკლის) ხელთათმანებს ჩაიცვამთ, კიდევ უკეთესი – ხელებს ჩახურებისა და გამოშრობისგან დაიცავთ. ასეთი ხელთათმანები იყიდება, თუმცა თავადაც შეგიძლიათ მარტივად შეკეროთ.

  1. სახლის ფეხსაცმელი შიშველ ფეხზე გაცვიათ?

დიახ – 8 ქულა; არა – 0 ქულა.

კომენტარი: სახლის ფეხსაცმელს იშვიათად რეცხავენ, ამიტომ სახლის ჩუსტები – ეს არის საგანი, რომელშიც სოკოვანი ინფექცია სწრაფად იბუდებს. და თუ ოჯახის წევრები ერთი და იმავე ჩუსტებს ხმარობენ, სოკოვანი ინფექცია ყველას ემუქრება. ამიტომ უმჯობესია, სახლის ფეხსაცმელი წინდაზე ჩაიცვათ და წინდები ხშირ-ხშირად რეცხოთ. ხოლო თუ მაინც შიშველ ფეხზე ჩაცმას აპირებთ, მაშინ ჩუსტები კვირაში ერთხელ მაინც უნდა დაამუშაოთ (გარეცხოთ).

  1. რამდენად ხშირად იყენებთ ჰაერის და ტანსაცმლის გამწმენდ საშუალებას?

არასოდეს – 0 ქულა; ყოველთვიურად – 2 ქულა; ყოველკვირეულად – 6 ქულა; ყოველდღიურად – 10 ქულა.

კომენტარი: ჰაერის გამწმენდი საშუალებები ნავთობპროდუქტებისგან მზადდება, ისინი ტოქსიკური და კანცეროგენულია. გამწმენდი სპრეის გამოყენების შემდეგ ჰაერს რომ შეისუნთქავთ, თქვენს ორგანიზმში ხვდება ფორმალდეჰიდები და ფტალატები – ნივთიერებები, რომლებიც უარყოფითად მოქმედებს ფილტვებსა და ნერვულ სისტემაზე. ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოდ რომ უზრუნველყოთ ჰაერის სასიამოვნო სურნელი, გამოიყენეთ პაკეტები ყავის მარცვლებით. ყავის მარცვლები ცუდ სუნს მშვენივრად შთანთქავს. ამას გარდა, შეგიძლიათ პატარა ტომსიკებში ჩადოთ ციტრუსების გამხმარი ქერქები ან გამხმარი ყვავილები.

ტესტის შედეგი

თუ 15 ქულა დააგროვეთ, საკუთარ სახლს ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოდ უვლით. თუ 16-იდან 30 ქულამდე გაქვთ, აუცილებლად უნდა გადახედოთ იმ საშუალებებს, რომლებსაც დალაგება-დასუფთავების დროს იყენებთ და მავნებლებზე უარი თქვათ. ის კი, ვინც 31 ქულაზე მეტი დააგროვა, სისუფთავეზე კი ზრუნავს, მაგრამ საკუთარ ჯანმრთელობაზე – არა და მას მნიშვნელოვან ზიანს აყენებს.

კირა კარიაული

კომენტარები