დასაქმებაპოლიტიკაპოლიტიკასაბერძნეთისაქართველო

ქართული და ბერძნული მხარეები საქართველოს მოქალაქეების ლეგალური დასაქმების საკითხზე იწყებენ მუშაობას

გუშინ, 13 ნოემბერს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საბერძნეთის რესპუბლიკაში იოსებ ნანობაშვილი საბერძნეთის შრომის, სოციალური უსაფრთხოებისა და სოციალური სოლიდარობის მინისტრს ეფი ახციოღლუს შეხვდა. საუბრის მთავარი თემა იყო საქართველოსა და საბერძნეთს შორის ცირკულარული შრომითი მიგრაციის (ლეგალურად დასაქმების) ორგანიზება.

ქალბატონ მინისტრს გადაეცა მისი ქართველი კოლეგის, დავით სერგეენკოს წერილი, რომლითაც ბერძნულ მხარეს საქართველოს მხარემ შესთავაზა ერთობლივი მუშაობის დაწყება ცირკულარული შრომითი მიგრაციის ხელშეკრულების გასაფორმებლად.

საბერძნეთის შრომის, სოციალური უსაფრთხოებისა და სოციალური სოლიდარობის მინისტრი ქალბატონი ეფი ახციოღლუ დაინტერესდა შეთავაზებით და მზადყოფნა გამოთქვა ერთობლივი მუშაობის დასაწყებად.

პირველ ეტაპზე დაინიშნებიან მეკავშირე ექსპერტები, რომლებიც პირველად კომუნიკაციას დაამყარებენ და აუცილებელ ინფორმაციას გაცვლიან. მომდევნო ეტაპზე პროცესში ორი ქვეყნის შესაბამისი უწყებები ჩაერთვებიან თანამშრომლობის სამართლებრივი ინსტრუმენტის შესაქმნელად.

ქართველმა ელჩმა ბერძენ მინისტრთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების ლეგალურად ცხოვრებისა და დასაქმების პრობლემის გადაჭრა ქართული სახელმწიფოს ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს და რომ ამ სამუშაოებში საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების ყველა შესაბამისი ქვედანაყოფია ჩართული. შეხვედრაზე საბერძნეთში ქართული ემიგრაციისათვის მნიშვნელოვანი სხვა არაერთი საკითხიც განიხილეს.

როგორც საბერძნეთში საქართველოს საელჩო აცხადებს, ამ პროცესის ინიცირებით, ქ. ათენში საქართველოს საელჩომ ბერძნულ მხარესთან კომუნიკაციის ახალი არხი გახსნა, რომელიც ქართული ემიგრაციის პრობლემებზე, მათ შორის, ლეგალურად დასაქმების საკითხზე იმუშავებს.

წყარო: საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ოფიციალური ფეისბუქის გვერდი: https://www.facebook.com/131379307036201/posts/1085170384990417/

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close