ახალი მონაცემები – ემიგრანტების მიერ საქართველოში გადმოგზავნილი თანხა სტაბილურად იზრდება

საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობა ბოლო დროს ზრდის ტენდენციით ხასიათდება. ფულადი გზავნილების მოცულობა იზრდება როგორც ევროპიდან, ამერიკიდან, ისე ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან. მსოფლიო ბანკის განმარტებით, ეს არის პირადი თანხები, რომელსაც მიგრანტები სამშობლოში დარჩენილ ოჯახებსა და ახლობლებს უგზავნიან, შესაბამისად, ზრუნავენ მათ სოციალურ კეთილდღეობაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერი განვითარებადი ქვეყნის მოსახლეობისთვის.

მიმდინარე წლის ცხრა თვის ზუსტი მონაცემები ჯერ არ გამოქვეყნებულა, თუმცა ცალკეული თვეების მაჩვენებლებს თუ გადავხედავთ, მარტივად დავინახავთ, რომ მიგრანტებისგან მოწოდებული „საოჯახო შემოსავლები“ ხელშესახებად იზრდება:
2018 წლის აგვისტოში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 135 მილიონი აშშ დოლარი (343.7 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 11.4 პროცენტით (13.9 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2017 წლის აგვისტოს ანალოგიურ მაჩვენებელზე. ივლისში ეს მაჩვენებელი იყო 144 მილიონი დოლარი, ივნისში – 135 მილიონი, მაისში – 130 მილიონი, აპრილში – 123 მილიონი. ეროვნულმა ბანკმა ახლახან გამოაქვეყნა სექტემბერში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობა, რამაც 131 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ თვეების მიხედვით ყველა ეს მაჩვენებელი 10-15 პროცენტით მეტია 2017 წლის ანალოგიურ მაჩვენებლებზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ზრდის ტენდენცია სტაბილურია.

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 93.8 პროცენტი რამდენიმე დიდ ქვეყანაზე მოდის. მათი ჩამონათვალი, როგორც წესი, სტაბილურად უცვლელია და იმით განისაზღვრება, რამდენად ბევრი მიგრანტია იქ დასაქმებული და რამდენად კეთილგანწყობილად ხვდებიან უცხო ქვეყნიდან ჩასულებს.

ათეული წლებია, პირველ ადგილზეა რუსეთი, რომელზეც საქართველოში გადმორიცხული თანხის ერთი მესამედი მოდის; ციფრებში კი ეს მაჩვენებელი ყოველთვიურად 35-იდან 43 მილიონ აშშ დოლარს შორის მერყეობს. შემდეგ მოდის იტალია – ყოველთვიურად 14-16 მლნ, ამერიკის შეერთებული შტატები – 12-14 მლნ, საბერძნეთი – 13-14 მლნ, ისრაელი – 11-12 მლნ, თურქეთი – 7-9 მლნ, გერმანია – 3 მლნ, ესპანეთი – 3 მლნ, უკრაინა – 2 მლნ აშშ დოლარი.

საინტერესოა, რომ ყველაზე ნაკლები თანხა საქართველოში ფულადი გზავნილების სახით აზიის, აფრიკისა და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებიდან შემოდის – მაგალითად, ბურკინა ფასო, ვანუატუ, ჩრდილოეთ კორეა, ინდოეთი, საიდანაც ყოველთვიურად 100-100 დოლარი ირიცხება. უცნაურია, მაგრამ ფაქტია, რომ ეს გზავნილები არ იცვლება და არ ხასიათდება არც ზრდის და არც შემცირების ტენდენციით.

ნინო ხოშტარია

კომენტარები
Загрузка...