ისტორიაკულტურასაქართველო

„XVIII-XX საუკუნეების ქართული კოსტიუმი და იარაღი“

„XVIII-XIX  საუკუნეების ქართული მოდის ტენდენციები“ – ასე შეგვიძლია ვუწოდოთ საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიმონ ჯანაშიას სახელობის მუზეუმის ექსპოზიციაში წარმოდგენილ სამოსს.

გამოფენა, სახელწოდებით „XVIII-XX საუკუნეების ქართული კოსტიუმი და იარაღი“, ორნაწილიანია. პირველ დარბაზში წარმოდგენილია ქალისა და მამაკაცის სამოსი საქართველოს ყველა კუთხიდან, რომელიც ძალზე შთამბეჭდავია ქსოვილის, ფერის, შემკულობისა თუ ორნამენტიკის მრავალფეროვნებით და საინტერესოა თავისი განვითარების ისტორიით, იმ პერიოდის პოლიტიკური, საერთაშორისო-სავაჭრო თუ სოციალური ვითარებების საფუძველზე წარმოქმნილი გავლენების ნიშნებით.

დარბაზში შესვლისთანავე  ყურადღებას იპყრობს უმნიშვნელოვანესი ექსპონატი, რომელიც გამოფენის ყველაზე ძველი ნივთია: ეს არის ქართლის მეფე თეიმურაზ მეორის სამეფო სამოსი, რომელიც გასული საუკუნის 80-იან წლებში არქეოლოგებმა მეფის ჩასასვენებლიდან ამოიღეს (მოგეხსენებათ, მეფე თეიმურაზ მეორე, ერეკლეს მამა, ასტრახანშია დაკრძალეს 1762 წელს ვახტანგ მეექვსის გვერდით, მიძინების ტაძარში). გამოფენაზე წარმოდგენილია მეფის დიბის ოქრომკედით ნაქარგი ორი კაბა (ერთი – რომელიც მიცვალებულს ეცვა, მეორე კი – თან ჩატანებული), ორი წყვილი წინდა და, სავარაუდოდ, საწმერთული.

გულიკო კვანტიძე, ეროვნული მუზეუმის უფროსი კურატორი: „საექსპოზიციო სივრცეში გამოფენილი XVIII საუკუნის ქართული ეროვნული სამოსის უმეტესობა შემოსულია, როგორც პირველი ეთნოგრაფიული ექსპონატები კავკასიის მუზეუმში, რომელიც 1852 წელს გაიხსნა. მაგალითად, XVIII საუკუნის ხევსური მამაკაცის ჩაცმულობა, ძველი ხევსურული ჩოხა პერანგით და თავისი აღჭურვილობით იმდროინდელმა მთავარმმართებელმა ჩოლოყაშვილმა გადასცა მუზეუმს.

როგორც ცნობილია, ზოგადად, საქართველოში, კერძოდ კი აღმოსავლეთ საქართველოს მთაში შინამრეწველობა ძალიან კარგად იყო განვითარებული და ქალები თვითონ ამზადებდნენ შალს მატყლისგან, რომელსაც ხევსურეთსა და თუშეთში ტოლს უწოდებდნენ. ამ ქსოვილისგან ქმნიდნენ ისინი ქალისა და მამაკაცის სამოსს და თავსაბურავებს“.

საქართველოს ყველა ისტორიული რეგიონის ქალთა და მამაკაცთა ჩაცმულობა განსხვავებულია თავისი მასალით, ორნამენტებით, ნაქარგობებითა თუ შესამკობლებით და ძალიან საინტერესო ტენდენციების სურათს გვიხატავს.

გულიკო კვანტიძე: „ზოგადად, ორნამენტის თემა მკაფიო ხაზად გასდევს არა მარტო აღმოსავლეთ საქართველოს მთის, არამედ, ზოგადად, ქართულ ტანსაცმელს. ქართული სამოსი 3 ძირითადი ფერისგან შედგება – წითელი, ლურჯი და შავი, მაგრამ მისი მრავალფეროვნება არის მის  დეკორში – ნაქარგობა იქნება თუ ხელით ნაკერი ფერადი ორნამენტები, რომლებიც ბამბის ქსოვილისგან არის შეკერილი და ხევსური მას ნაფთულს უწოდებს (დღევანდელი ტერმინოლოგიით ეს არის აპლიკაცია).

ხევსური ქალის სამოსი უნიკალურია, პირველ რიგში, იმით, რომ ის  არის შინამრეწველობის ნაწარმი – ტოლისგან არის შეკერილი, გაფორმება შესრულებულია ავტორის წარმოდგენებით და ფანტაზიით; ჯვრული ორნამენტი, რომელსაც ხევსურები ხატს უწოდებდნენ, ყველა ხევსურულ სამოსში ფიგურირებს/დომინირებს, თუმცა ყველა კონკრეტულ ნივთში განსხვავებულია, ორი ერთნაირი ორნამენტის მქონე ხევსურული სამოსი ბუნებაში არ არსებობდა. ეს საოცარი ოსტატობით შეხამებული ფერები ყველა ტრადიციული ღებვით არის მიღებული, ბუნებრივი საღებავებით“.

თუშური სამოსი შედარებით სადაა, თუმცა მისი ორნამენტი საოცრად დახვეწილია, რომელსაც მხოლოდ დიდი შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებული ადამიანი თუ შექმნიდა.

საინტერესოა XIX საუკუნის ინგილო ქალის სამოსი, რომელიც თვალნათლივ გვიჩვენებს, რომ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მცხოვრები, ისტორიული ჰერეთის მკვიდრი ქართველების მენტალიტეტში ისევ არის შემონახული ქრისტიანული რელიგიაც, ტრადიციებიც, თუმცა აშკარად იგრძნობა აზერბაიჯანული გავლენა.

ქართლ-კახელი, იმერელი, მეგრელი, აფხაზი ქალის სარტყელ-გულისპირიანი კაბები ოქრომკედით და სირმებით, განსხვავებული ორნამენტებითაა შემკული, აგრეთვე, აჭარელი, ლაზი, სვანი ქალის კაბების სტილისტიკა თვალნათლივ გვიხატავს როგორც წმინდა ქართულ, ისე სხვა ქვეყნების გავლენით შემოსულ ტენდენციებს.

აფხაზი ქალის კაბა

სხვადასხვა კუთხის მამაკაცთა სამოსის განსხვავებაც თვალსაჩინოა როგორც ჩოხის სიგრძის და შემკულობის, ისე თავსაბურავების მხრივ (ბოხოხი, ფაფანაკი, ყაბალახი, დასავლურ-ქართული, კერძოდ, სვანური „აფრიანი“ ქუდი – რომელიც დღევანდელი სვანური ქუდის წინაპარია).

გურული მამაკაცის სამოსი
იმერელი მამაკაცის სამოსი
სვანი მამაკაცის სამოსი და აფრიანი ქუდი

ექსპოზიციაზე იმდროინდელი ყოფაც არის ნაჩვენები: ხევისა და სვანეთის საუფროსო სკამები, ხისა და ლითონის საოჯახო ჭურჭელი, ნახშირის უთო, თეკლა ბატონიშვილის საკერავი მანქანა (XVIII ს. ინგლისი), მუსიკალური საკრავები და სხვა.

ყურადღებას იპყრობს ყარაჩოხელის სადღესასწაულო სამოსი (XIX ს.) თავისი გაფორმებით, ნაქარგობით, გობაკიანი, მოსევადებული ვერცხლის ქამრითა და გულსაკიდით, რომელზეც მფლობელის სტატუსი წერია.

ყარაჩოხელის სამოსი

ქართველ მეფეთა სამოსის (კაბის) ნიმუში – მხრებგანიერი და წელვიწრო თარგი, აგრეთვე, ეროვნულ მოტივებზე შექმნილი ქართველი გვარდიელის სამოსი (XX ს-ნის დასაწყისი) მეორე დარბაზშია გამოფენილი, რომლის ექსპოზიცია გვახსენებს საქართველოს ისტორიულ ყოფას, როდესაც ჩვენს წინაპრებს, როგორც ამბობენ, ცალ ხელში იარაღი ეჭირათ და მეორეში კი – თოხი.

ქართულ-კავკასიური ტექნოლოგიით დამზადებული იარაღ-საჭურველი წარმოდგენილია განვითარების ეტაპების მიხედვით – ამა თუ იმ ნიშნით გამორჩეული 150-ზე მეტი ეთნოლოგიური ექსპონატი – სხვადასხვა სახის შემტევი და თავდასაცავი იარაღები: ხმლები, ხანჯლები, ლახტები, გურზები, ჯაჭვის პერანგები, ფარები, თოფები, კაჟიანი და ფისტონიანი დამბაჩები, კოლტის, ლეფოშეს, გასერის, სმიტ-ვესონისა და ნაგანის სისტემის რევოლვერები, რომლებიც პოპულარობით სარგებლობდა იმ პერიოდის საქართველოში.

მამუკა ქაფიანიძე ეროვნული მუზეუმის უფროსი კურატორი: „სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის იარაღის ფონდის კოლექციაში 3000-ზე მეტი ექსპონატია დაცული. გამოფენაზე გამოსატანად, ძირითადად, XVII-XIX საუკუნეების ქართული იარაღები ავარჩიეთ, მათ შორის, მემორიალური ნიმუშები, რომლებიც ქართველ მეფეებს და წარჩინებულებს ეკუთვნოდათ. ექსპოზიციაზე მხოლოდ ერთი ექსპონატია XVI საუკუნის – სვანური ფარი“.

საგამოფენო დარბაზის ცენტრში გამოფენილია იმერეთის მეფის, ალექსანდრე III-ის ჯაჭვის პერანგი (XVII ს.), რომელიც ერთადერთი ნიმუშია მეფეთა თავდასაცავ აღჭურვილობას შორის.

იმერეთის მეფე ალექსანდრე III-ის ჯაჭვის პერანგი

თითოეულ ნივთს თავისი საინტერესო ისტორია აქვს.

პირველ სტენდზე პოპულარული ხმლები იპყრობს ყურადღებას – დავით ფერული, კალდიმი, გორდა – დასავლური ხმლების ქართული მინაბაძები.

მამუკა ქაფიანიძე: „სტენდზე პირველი ნიმუში არის ძალიან ცნობილი და პოპულარული ხმალი – დავით ფერული, რომელიც, როგორც ცნობილი ეთნოგრაფი სერგი მაკალათია ამბობს, 25 ძროხა ღირდა; მასალა არის ფოლადი, ოქროზარნიშით შემკული, ვერცხლი, ხე და ხავერდი. ამ ხმალს ზოგიერთი მკვლევარი დავით აღმაშენებელს უკავშირებდა, მაგრამ ამის რეალური დადასტურება შუასაუკუნეების იარაღში არ გვაქვს. არის მეორე ვერსია, რომელიც უფრო რეალურად გამოიყურება: იტალიელი ძმების – ანდრია და ჯანდონატო ფერარების მიერ დამზადებული ხმლის პირები ძალიან აქტიურად შემოდიოდა კავკასიაში და დიდი პოპულარობა მოიპოვა. ამ ხმლის პირების მინაბაძებს აკეთებდნენ უკვე შემდეგ ჩვენი ოსტატები. და უფრო გვიანდელი ეთნოგრაფიული მონაცემებით დასტურდება, რომ ხმალს ფერარის წარწერით დავით ფერულს ეძახიან.

იმერული კაბიანი ხმალი ერთ-ერთი პოპულარული და სახასიათო იარაღია. ეს არის ცხენზე დასაკრავი ხმალი. რადგან ქარქაში ადვილად იცვითებოდა, იოლად გამოსაცვლელი რომ ყოფილიყო, უკან ღილები აქვს.

სულხან-საბა ორბელიანი წერს, რომ ქართველები გორდას და კალდიმს იყენებენო. კალდიმი ერთ-ერთი საყვარელი ხმალია ქართველებისთვის, რომლის დამღას წარმოადგენს სფერო ჯვრით, როგორც ქრისტიანული დედამიწა, უკანა მხარეს კი ე. წ. მორბენალი მგელია გამოსახული. ამ ხმალსაც ევროპული ფესვები აქვს, XIV საუკუნის პასაოელი (გერმანია) ხელოსნები ამზადებდნენ. შემდეგ ეს ხმლებიც აქტიურად შემოდის კავკასიაში და კავკასიელი რომ აკეთებს, უფრო სტილიზებულია. ეს ნივთი სამეფო ინსიგნიაა და მგელიც უფრო „ნამდვილია“, ბალნით, კბილებით, იმ დროს, როცა გერმანული მგელი მხოლოდ 9, მაქსიმუმ 11 შტრიხით არის გამოსახული. მასალა არის ადგილობრივი, ქართული ფოლადი, აქვს თითბრის საცვეთები და სალტეები, ძალიან სახასიათო ხევსურული მორთულობა – ეს არის ხევსურული ხმალი, რომელსაც მსოფლიო საიარაღო ისტორიაში ცალკე ნიში უჭირავს. არავის არ ერევა არასდროს სხვა ხმალში, მას ყველა კატალოგში თავისი ადგილი უკავია.

ხევსურული კალდიმი

მეორე ხმალი, რომელიც სულხან-საბას თქმით, ასევე ძალიან პოპულარულია, არის გორდა. მას აქვს დამღა – ორი ნახევარრკალი და შუაში წარწერა „გენუა“. გენუელ ვაჭრებს შავი ზღვით შემოჰქონდათ და ძალიან აქტიურად ვაჭრობდნენ ამ ხმლის პირებით. გორდა იმდენად პოპულარული ხდება, რომ უკვე ადგილობრივი ოსტატები იწყებენ მინაბაძების გაკეთებას და თავიანთი ცვლილებები და შესწორებები შეაქვთ. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი ხმალი ქართულია.

უვადაჯრო ხმალი ჩვენში ცნობილია „ლეკურის“ სახელწოდებით; ასეთი ტიპის ხმალს ხშირად „ჭოლაურს“ ვუწოდებთ ხოლმე. ჩოხოსნები, ფაქტობრივად, ყველა ხმარობდა ამგვარ შაშკის ტიპის ხმალს, XIX-XX საუკუნეებში პიკს აღწევს მათი პოპულარობა. გამოფენაზე წარმოდგენილია თბილისური ხმალი თავისი ოქროზარნიშით და შესრულების ძალიან მაღალი დონით“.

ერთ-ერთ სტენდზე გამოფენილია თავდასაცავი იარაღი, რომლის კომპლექტში შედის თითქმის სრული ეკიპირება: ჩაჩქანი, ჯაჭვის პერანგი, ხელნავები, საფუხრე (რომელიც მტევანს იცავს) და საქონე, ჯაჭვის შარვალი ხევსურეთიდან, ხევსურული ფარი.

მამუკა ქაფიანიძე: „ჯაჭვის პერანგებს წაწალი უქსოვდა თავის სწორფერს; ქალები უქსოვდნენ მამებს, ძმებს, ჩართულები იყვნენ მტრისგან თავდაცვაში თავიდან ბოლომდე. ერთი პერანგის მოქსოვას დაახლოებით ერთ წელს უნდებოდნენ“.

სატყორცნ, საძგერებელ და დასარტყამ იარაღებს შორის წარმოდგენილი, XIX საუკუნით დათარიღებული შურდული უნებლიეთ დავითის და გოლიათის ბიბლიურ ამბავს გახსენებს. ცეცხლსასროლი იარაღი რომ შემოვიდა, მიზანში ვერ ისროდნენ. წყაროებში წერია, რომ „მეშურდულე უფრო ზუსტად ისროდა ქვას, ვიდრე მეთოფე – ტყვიას“. მეფე ერეკლესაც ჰყავდა მეშურდულეთა რაზმი.

ფარების კოლექციაში წარმოდგენილ ნიმუშებს შორისაა ექსპოზიციის იარაღებიდან ყველაზე ძველი ექსპონატი – XVI საუკუნის სვანური ფარი. ხევსურები XIX საუკუნეშიც აქტიურად იყენებდნენ ფარ-ხმალს. ხევსური ორ ფარს ხმარობდა: ერთს (პატარას) – გულის დასაცავად და მეორეს – საბრძოლოდ. უბის ფარი ხევსურული ფენომენია.

ცეცხლსასროლი იარაღის განვითარების ისტორიას თოფები გვიამბობენ – დაწყებული XVI საუკუნის ფითილიანი თოფიდან, ბერდენკით დამთავრებული.

აღსანიშნავია, რომ იარაღის ფუნქციური დატვირთვის გარდა ძალზე შთამბეჭდავია ცნობილი ხელოსნების მიერ ხელით შესრულებული მორთულობა – ოქროს და ვერცხლის ორნამენტები, სევადა, ცვარა, ზარნიში; ფოლადი, ხე, თითბერი, ტყავი, ოქრო, ვერცხლი, სადაფი, სპილოსა და ზღვის ლომის ძვალი – ამ მასალებს იყენებდნენ, ძირითადად, იმდროინდელი სახელგანთქმული ოსტატები.

მნახველის ყურადღებას იპყრობს ერეკლე მეორისა და თეიმურაზ მეორის ბრინჯაოს ზარბაზნები, რომელთა შორის არის 2014 წელს თბილისში, მეიდანზე ეკლესიის რესტავრაციის დროს ქვევრში ნაპოვნი 192 სმ სიგრძის ბრინჯაოს ზარბაზანი. ისტორიული წყაროებიდან ცნობილია, რომ კრწანისის ბრძოლის დროს დავით ბატონიშვილმა ზარბაზნები წყლიან ხევში გადაყარა – „გადამალა“, რათა მტერს ხელში არ ჩავარდნოდა. სავარაუდოა, რომ აღნიშნული ექსპონატიც ამ დროს უნდა იყოს ქვევრში გადამალული.

ერეკლე მეორის ზარბაზანი

სხვა ნიმუშებს შორის ფართო საზოგადოების წინაშე პირველად გამოიფინა XVIII-XIX საუკუნეების საიმპერატორო მეიარაღის, გიორგი ელიზარაშვილის და მთელ კავკასიაში ცნობილი ცივი იარაღის ოსტატის – იდრისის ნახელავი ხანჯლები.

ნინო ლურსმანაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close