დონალდ ტრამპი მექსიკასთან საზღვრის დაკეტვით იმუქრება ცენტრალური ამერიკიდან მიგრანტთა ნაკადის შესაჩერებლად

„როიტერის“ ფოტო

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იმუქრება, რომ სამხედროების მეშვეობით დაკეტავს თავის სამხრეთ საზღვარს მექსიკასთან, თუ ცენტრალური ამერიკის ქვეყნები მიგრანტთა ნაკადის შესაჩერებლად ზომებს არ მიიღებენ.

მისი თქმით, დემოკრატიული პარტიის ქმედებებმა ქვეყანა იქამდე მიიყვანა, რომ გვატემალის, ჰონდურასისა და სალვადორის მხრიდან შეერთებული შტატების საზღვრების „შტურმი“ მიმდინარეობს. ტრამპმა აღნიშნა, რომ ამ ქვეყნების ლიდერები არაფერს აკეთებენ, რათა გააჩერონ აშშ-ში მექსიკის გავლით ადამიანთა მოზღვავება, რომელთა შორის ბევრი კრიმინალია.
„დახმარების შეჩერების გარდა ამ ქვეყნებისთვის, რომლებიც, როგორც ეტყობა, პრაქტიკულად არ აკონტროლებენ თავიანთ მოსახლეობას, ყველაზე მკაცრად უნდა მოვთხოვო მექსიკას, შეაჩეროს ნაკადის მოწოლა და თუ ასე არ მოხდება, მაშინ მივმართავ შეიარაღებულ ძალებს და ჩვენს სამხრეთ საზღვარს დავკეტავ“, – განაცხადა ტრამპმა.


2 დღით ადრე შტატების მთავრობამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მექსიკის გავლით შტატებისკენ მიგრანტთა „ქარავანი“ მოემართება, რომელიც 4 ათასამდე ადამიანს ითვლის.

კომენტარები
Загрузка...