სალვინის ბრძანებულებას რეჯო დი კალაბრიაში მყოფი მიგრანტების სხვა ადგილას გადაყვანის თაობაზე ოპოზიცია „დეპორტაციად“ აფასებს

იტალიის მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ცნობით, 9 ოქტომბერს მატეო სალვინიმ გამოსცა ბრძანებულება იმის თაობაზე, რომ საჯარო სამუშაოების პროექტები მიგრანტების მისაღებად იტალიის სამხრეთში მდებარე რიასის მუნიციპალიტეტში, ქალაქ რეჯო დი კალაბრიაში, უნდა შეწყდეს, ხოლო ასობით მიგრანტი ამ ადგილიდან სხვაგან უნდა გადაიყვანონ.

ოპოზიციურმა დემოკრატიულმა პარტიამ ამ ბრძანებულებას „დეპორტაცია“ უწოდა, სალვინიმ კი თავის Twitter-ის გვერდზე დაწერა, რომ სახელმწიფო სახსრების მიზნობრივად ხარჯვის თაობაზე გამოძიება რიასში ჯერ კიდევ წინა მთავრობის დროს დაიწყო, როცა ხელისუფლებაში დემოკრატები იყვნენ.

მინისტრის თქმით, ამ ბრძანებულების გამოცემა აუცილებელი იყო, რათა შეწყდეს სახელმწიფო სახსრების ბოროტად გამოყენება, რომელიც წინა მთავრობამ გამოუყო ქალაქს საცხოვრებელი ბინების მშენებლობისა და ინტეგრაციის პროექტებისთვის:

„ჩვენ ვერ შევეგუებით დარღვევებს სახელმწიფო ფულის ხარჯვასთან დაკავშირებით, თუნდაც მიგრანტების დახმარების საბაბით“, – განაცხადა სალვინიმ.

რიასის მერი დომენიკო ლუჩანო 2 ოქტომბრიდან შინაპატიმრობაშია. პროკურორმა მას არალეგალური იმიგრაციის ხელშეწყობაში დასდო ბრალი.

დომენიკო ლუჩანო 1998 წლიდან ახორციელებს იტალიაში ერთობლივი თანაცხოვრების და მიგრანტთა ინტეგრაციის პროექტს. მიგრანტები და დევნილები, პრაქტიკულად, დამკვიდრნენ რეჯო დი კალაბრიაში და, მერის თქმით, გამოაცოცხლეს ჩამკვდარი ქალაქი.

დიუსელდორფში გამართულ ქურთების მიტინგზე გასული წლის სექტემბერში ლუჩანომ წერილი გაგზავნა, რომელშიც წერდა:
„2016 წლის 20 სექტემბერს რიასის მუნიციპალიტეტმა, რომელსაც მე ვხელმძღვანელობ, ერთსულოვნად დააჯილდოვა აბდულა ოჯალანი საპატიო მოქალაქის წოდებით, რათა მისი გათავისუფლების კამპანიისთვის დაეჭირა მხარი. 1998 წლის პირველ ივლისს კალაბრიის ნაპირს პირველი გემი მოადგა, რომელზეც ქურთი დევნილები იმყოფებოდნენ. ჩვენს პატარა ქალაქში ბევრი ცარიელი სახლი იყო, რადგან ადგილობრივი მცხოვრებნი იძულებულნი იყვნენ, სხვაგან გადასახლებულიყვნენ; პირველივე გემის შემდეგ ბევრმა დევნილმა დაიწყო ჩამოსვლა ჩვენს ქალაქში. ქურთების წყალობით რიასმა აღდგენა დაიწყო და იტალიას და მთელ ევროპას აჩვენა, რომ მიგრანტების შემოსვლა არ წარმოადგენს პრობლემას, არამედ ღირებული რესურსია ერთობლივი განვითარებისთვის“.

მერმა, აგრეთვე, ხაზი გაუსვა, რომ „დემოკრატიული კონფედერალიზმი და გათავისუფლებულ ქურთისტანის რეგიონებში სოციალური თვითორგანიზების გამოცდილება ფასეული მაგალითია მათთვის, ვისაც ევროპაში რასისტული და ფაშისტური ბარბაროსობის გავრცელების წინააღმდეგ სურს ბრძოლა“.

რიასის მერი დომენიკო ლუჩანო მიმდინარე წლის 2 ოქტომბრიდან შინაპატიმრობაშია ნახევარი მილონი ევროს ოდენობის სახელმწიფო სახსრების ხარჯვის მიზნობრიობის გამოძიებასთან დაკავშირებით, რომელიც მერმა დევნილებისა და თავშესაფრის მაძიებელი პირების მიღებისთვის დახარჯა.

დომენიკო ლუჩანო არალეგალური იმიგრაციის ხელშეწყობის ბრალდებას უარყოფს. დემოკრატები სალვინის მიგრაციულ პოლიტიკას და ე. წ. „სალვინის დეკრეტს“ მთელი ქვეყნის მასშტაბით აპროტესტებენ და მას რასიზმში სდებენ ბრალს.

ცნობისათვის: რეჯო დი კალაბრია (იტალ. Reggio di Calabria, სიცილ. Riggiu Calabbria), ქალაქი იტალიაში, კალაბრიის რეგიონში; ამავე სახელწოდების პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი, მდებარეობს აპენინის ნახევარკუნძულის უკიდურეს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, სიცილიის ქალაქ მესინის მოპირდაპირედ (ამ ორ ქალაქს მესინის სრუტე ყოფს და მათ შორის ბორანი მოძრაობს). 2015 წლის 30 სექტემბრის მონაცემებით, ქალაქის მოსახლეობა 200 330 კაცს (2009 წელს იყო 186,8 ათასი) შეადგენს. სხვათა შორის, ქალაქი ხალკიდელმა ბერძნებმა დააარსეს ძველი წელთაღრიცხვის 720 წელს.

ნიკო აბაშიშვილი

კომენტარები
Загрузка...