“დაფნელ მოძალადეს” 42 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

დღეს საბერძნეთის სასამართლომ განაჩენი გამოუტანა 53 წლის მანიაკს, რომელსაც სახლში ჰყავდა ჩაკეტილი ოჯახის დამხმარე 23 წლის გოგონა და რამდენიმე დღის განმავლობაში უკუღმართი ფორმით ამყარებდა მასთან ძალადობრივ სექსუალურ კავშირს, თან ვიდეოზე იღებდა ინტერნეტში გასავრცელებლად. მოძალადის სახლში ბავშვთა პორნოგრაფიის შემცველი მასალაც აღმოაჩინეს. ბრალდებულს 42 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

მხედველობადაქვეითებული მამაკაცი, რომელსაც ბერძნულმა მედიამ “დაფნელი მოძალადე” შეარქვა, პოლიციამ 2017 წლის მაისში დააკავა, მას შემდეგ, რაც სტუდენტი გოგონას მშობლებმა განაცხადეს მათი შვილის დაკარგვის თაობაზე. მშობლებმა პოლიციას უთხრეს, რომ მათი ქალიშვილი ბოლო დროს საოჯახო საქმეებში ეხმარებოდა ინვალიდს, რომელიც დაფნიში (ათენის სამხრეთი გარეუბანი, დედაქალაქის ცენტრიდან 4 კმ-ის დაშორებით მდებარე ქალაქი) ცხოვრობს.

პოლიციამ მისი ადგილსამყოფელი ფიჭური კავშირის სიგნალის მეშვეობით დაადგინა. როდესაც პოლიციელები მოძალადის სახლში შეიჭრნენ, შემაძრწუნებელი სურათი დახვდათ: ნახევრად შიშველ გოგონას ხელ-ფეხი ჰქონდა შეკრული და სხეულზე ფიზიკური ძალადობის კვალი აღენიშნებოდა. დაზარალებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც დიდხანს მოუწია მკურნალობა, თუმცა ფსიქიკური ტრამვა ჯერაც არ მოშუშებია.

გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებული კორიდალოსის ციხეში იჯდა სასამართლოს სხდომამდე, რომელზეც მკაცრი განაჩენი გამოუტანეს. სასამართლო მოსმენა დახურული იყო გოგონას მშობლების თხოვნით, დანაშაულის ხასიათიდან გამომდინარე. თავად დამნაშავემ სხდომაზე დასწრება არ მოინდომა. მოსამართლემ დააკმაყოფილა პროკურორის მოთხოვნა (რომელშიც ბრალდებული აღწერილი იყო, როგორც “გარყვნილი და სატანური” – διεστραμμένο και σατανικό), დამნაშავედ ეცნოთ იგი და სათანადო სასჯელი შეეფარდებინათ.

წყარო: www.protothema.gr

კომენტარები
Загрузка...