ჰოლანდიაში ნავაჭრში გადახდილი თანხის ნაწილის – TAX FREE-ს დაბრუნება

ამსტერდამი და ნიდერლანდები ძალზე პოპულარული ტურისტული მიმართულებაა წლის ნებისმიერ დროს. თუ ამ ქვეყანაში მოგზაურობისას რამის შეძენას გეგმავთ, მაშინ უნდა იცოდეთ, როგორ დაიბრუნოთ ნივთებში გადახდილი თანხის ნაწილი (მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ევროკავშირის წევრი რომელიმე ქვეყნის რეზიდენტი არ ხართ).

ნიდერლანდებში დღგ-ის სტანდარტული გადასახადი 21%-ია, კვების პროდუქტებზე – 6%, თუმცა ტაქს ფრის თანხა (Tax Free, რომელსაც ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებში მუდმივად მცხოვრებ პირებს უბრუნებენ) საშუალოდ 10%-ია.

Tax Free-ს თანხის დაბრუნებას ექვემდებარება ის საქონელი, რომელსაც პირადი ბარგით გამოიტანთ ქვეყნიდან.

კვების პროდუქტები, საკონდიტრო ნაწარმი და მედიკამენტები გაუხსნელ შეფუთვაში უნდა იყოს.

თანხის დაბრუნებას არ ექვემდებარება ფოტოები, რომლებიც სუვენირების სახით არის შექმნილი მწარმოებლის მიერ.

საყიდლებზე წასვლისას უნდა გაითვალისწინოთ, რომ ყველა მაღაზია არ არის ჩართული ტაქს ფრის დაბრუნების სისტემაში. ამის გარკვევა მაღაზიის ფასადზე არსებული სტიკერით შეგიძლიათ; ან პირდაპირ სალაროსთან მიდით და წინასწარ გაიგეთ, აბრუნებენ თუ არა თანხას და რა თანხის ერთჯერად შენაძენზე აბრუნებენ ერთ სავაჭრო ობიექტში.

თანხას ევროკავშირის ტერიტორიის დატოვებისას მიიღებთ.

ამსტერდამში, მაგ., უნივერმაღ Bijenkorf-ში ერთჯერადი შენაძენის თანხა, სულ ცოტა, 50 ევრო უნდა იყოს (როდესაც საჭირო ნივთებს შეიძენთ, ჩეკები მოაგროვეთ და ადით მეხუთე სართულზე, მიდით მენეჯერთან და ის სპეციალურ Refound ჩეკს შეგივსებთ). H&M-ის მაღაზიებში, მაგალითად, შენაძენის თანხა, სულ ცოტა, 100 ევრო უნდა იყოს, რომ tax free-ს ფორმა შეგივსონ. ზოგადად, ყველა მაღაზიას თავისი პირობები აქვს და ადგილზე დააზუსტეთ.

De Bijenkorf

თუ ევროკავშირის ტერიტორიას ამსტერდამიდან ტოვებთ, სხიპოლის აეროპორტში შეგიძლიათ მიიღოთ ნაღდი ფული #3 დარბაზში (Departure 3). მიდით რეგისტრაციის ზონაში, სადაც მარტო მგზავრებს უშვებენ, უთხარით, რომ ტაქს ფრის გაფორმება გინდათ (ან უბრალოდ აჩვენეთ ლოგოტიპიანი ჩეკები) და გაგიშვებენ სპეციალურ ოფისთან. ჩაუარეთ რეგისტრაციის დახლებს და საპასპორტო კონტროლთან არმისული, დაინახავთ ტაქს ფრის დაბრუნების ოფისს. ჩეკები უნდა იყოს სრულყოფილად, უშეცდომოდ შევსებული (თქვენი საპასპორტო მონაცემები, სახლის მისამართი) და მაღაზიის შტამპი უნდა ჰქონდეს. მიაწოდეთ ჩეკები ფანჯარაში, მომსახურე პირი შეამოწმებს მონაცემებს (მზად იყავით, რომ ერთი ან რამდენიმე ნაყიდი ნივთის ჩვენებას მოგთხოვენ) და გკითხავთ, ბარათზე გინდათ თანხის გადმორიცხვა თუ ხელზე მიღება. თუ ნაღდ ფულს აირჩევთ, ჯერ იკითხეთ, რამდენს დაგიქვითავენ ამ შემთხვევაში (შეიძლება საკმაო თანხა დაგიქვითონ). თუ ხელსაყრელი იქნება თქვენთვის იქვე თანხის მიღება, მაშინ ნაღდ ფულს მოგცემენ, თუ არადა, ბარათზე ჩაგირიცხავენ (ვადაც ჰკითხეთ, რა ვადაში ჩაგირიცხავენ ფულს  ბარათზე).

გაითვალისწინეთ, რომ შეძენილი ნივთები ეტიკეტით უნდა იყოს ან გაუხსნელ შეფუთვაში, გააჩნია, რა ნივთია. თუ ნივთი ან აპარატურა ახალი არ ჩანს, შეიძლება უარიც გითხრან თანხის დაბრუნებაზე, ასე რომ, ახალნაყიდი ტანსაცმლის ჩაცმას ან აპარატურის გამოყენებას ჰოლანდიაშივე ნუ იჩქარებთ, სახლში დაბრუნებამდე მოითმინეთ.

ტაქს ფრის ფორმის სწრაფად და კომფორტულად შესავსებად ძალიან მოსახერხებელია კომპანია „გლობალ ბლუს“ ტაქს ფრის ბარათზე რეგისტრაცია, რომელიც ამ ლინკზე შეგიძლიათ ძალიან მარტივად: https://members.globalblue.com/registration?_ga=2.80127444.2122599918.1510659539-403940212.1510659539. ამ შემთხვევაში მაღაზიაში მოლარეს უჩვენებთ თქვენს ტაქს ფრი ბარათს (Tax free carte; შეგიძლიათ იმეილი უჩვენოთ, სადაც მოგივათ დადასტურება „გლობალ ბლუსგან“ და თქვენი ბარათის ნომერი, ან გადმოწეროთ ბარათი მეილიდან და ტელეფონში გქონდეთ, ან, თუ ეფლი გაქვთ, ბარათი Apple Wallet-ზე დაამატოთ. ამ შემთხვევაში დაზღვეული ხართ ტაქს ფრის ფორმის არასწორად შევსებისგან – თუ მონაცემები არასწორია, მოგეხსენებათ, თანხას ვერ დაიბრუნებთ).

კირა კარიაული

გაეცანით  საინტერესო ფაქტებს ჰოლანდიაზე სტატიაში „ქარის წისქვილების ქვეყანა“: https://goo.gl/7k7zHa
კომენტარები
Загрузка...