ავტოსაგზაო შემთხვევა კავალაში – ექვსი ირანის მოქალაქე დაიღუპა

8 ივნისს, დილით ტრაგიკული ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ჩრდილოეთ საბერძნეთში. ექვსი დაღუპულიდან სამი არასრულწლოვანია.

როგორც ცნობილი გახდა, ირანის თექვსმეტი მოქალაქე, რომლებმაც თურქეთ-საბერძნეთის საზღვარი უკანონოდ გადალახეს, ალექსანდროპოლიდან თესალონიკში ჯიპით გადაჰყავდათ. უცნობი მიზეზით მძღოლმა მანქანის მართვის კონტროლი დაკარგა, ავტობანის საწინააღმდეგო მოძრაობის მხარეს გადავიდა და შემდეგ კლდეს შეეჯახა. შემთხვევა ქალაქ კავალასთან ახლოს მოხდა. ექვსი მგზავრი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო დანარჩენები მძიმე ტრავმებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათ შორის სამი უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია.

ბოლო დროს გაიზარდა თურქეთიდან საბერძნეთში სასაზღვრო რეჟიმის დამრღვევთა რიცხვი, რაც უკავშირდება როგორც ზაფხულის დადგომას, ისე თურქეთის პოლიტიკას. თურქეთს ოფიციალურად ჯერ არ დაუტოვებია ევროკავშირთან დადებული შეთანხმება ლტოლვილების შესახებ, მაგრამ ფაქტობრივად არღვევს ხელშეკრულების პირობებს, რაც იმაში გამოიხატება, რომ საბერძნეთის მიმართულებით ლტოლვილთა გადაადგილებას ხელს არ უშლის.

კომენტარები
Загрузка...