კინო/ფილმებიხელოვნება

კახი კავსაძე – ჩვენი დროის გმირი

წლების წინათ ამერიკის შეერთებულ შტატებში, სანტა-მონიკას კინობაზრობაზე ქართველი მსახიობებიც იმყოფებოდნენ. კინემატოგრაფისტთა მიერ გამართულ მიღებაზე ჟურნალისტებმა დაინახეს თუ არა ჩვენი უსაყვარლესი მსახიობი, განუმეორებელი კახი კავსაძე, გასაქანი არ მისცეს… მცირე ხნის საუბრის შემდეგ ერთმა უცხოელმა ჟურნალისტმა ხმამაღლა განაცხადა, ეს მსახიობი ამერიკაში რომ დაბადებულიყო, არანაკლები აღიარება ხვდებოდა წილად, ვიდრე დიდ ჩაპლინსო.

მეორე საინტერესო შემთხვევა კანის ფესტივალზე მოხდა, რომლის კონკურსგარეშე პროგრამაშიც „თავადი სერებრიანი“ იყო შეტანილი. ამ ფილმში კახი კავსაძე ივანე მრისხანეს როლს ასრულებს. ჩვენების დასრულების შემდეგ შესანიშნავი რუსი მსახიობი სტანისლავ ლიუბშინი კახის მიუახლოვდა, უთხრა, უდიდესი მსახიობი ხარო და მის წინ მუხლებზე დაემხო…

მსგავსი ფაქტების შესახებ თავად ბატონი კახისგან ვერ გაიგებთ. ამაზე მისივე მეგობრები ჰყვებიან. „არტისტი ვარ და ჩემი ცხოვრება, ასე თუ ისე, ჩანს, თორემ რამდენი კარგი მეუღლე, კარგი მეგობარი, კარგი მამა და ბაბუაა ამქვეყნად“, – ამბობს ბატონი კახი, რომელიც დღეს, 5 ივნისს, იუბილარია.

ოფიციალური ჩანაწერით, კახი კავსაძე 1935 წლის 9 ოქტომბერსაა დაბადებული, თუმცა დაბადების დღეს 5 ივნისს აღნიშნავს და ამბობს: „მე რომ დავიბადე თბილისში, სამშობიაროში, დედაჩემი და მამაჩემი რამდენიმე დღეში ტყიბულში წავიდნენ სამუშაოდ. დედაჩემი, როგორც ახალგაზრდა ექიმი, სწორედ იქ გაანაწილეს, მამაჩემს კი გუნდი ჰყავდა ტყიბულში. მოკლედ, 5 ივნისს დავიბადე, მაგრამ მხოლოდ ცხრა ოქტომბერს „გამაფორმეს“, ამიტომაც, დაბადების მოწმობაში მიწერია 1935 წლის 9 ოქტომბერი, ქალაქი ტყიბული“.

Nostal.ge  ულოცავს დაბადების დღეს ბატონ კახის, კვლავაც დიდხანს სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ვუსურვებთ და აქვე ზოგიერთ დეტალს გავიხსენებთ მისი შემოქმედებითი თუ პირადი ცხოვრებიდან.

ჩვენი დროის გმირი!

კახი კავსაძე მაყურებელს არა მარტო ნიჭიერებითა და მაღალი პროფესიონალიზმით, არამედ, უპირველეს ყოვლისა, შესანიშნავი ადამიანური თვისებებით ხილავს. როგორც თეატრმცოდნე ელენე საყვარელიძე წერს: „მასში ჰარმონიულადაა შერწყმული ხალასი იუმორი ღრმა სევდასთან, უკიდურესი სარკაზმი – უსაზღვრო სიფაქიზესთან, ხმაურიანი შფოთიანობა – ჩუმ სათნოებასთან“.

მის პიროვნებად ჩამოყალიბებაში, როგორც თავად მსახიობი ხშირად აღნიშნავს, ოჯახურმა გარემომ დიდი როლი ითამაშა. ბატონი კახი და მისი ძმა – ოპერის სოლისტი, რესპუბლიკის დამსახურებული არტისტი იმერ კავსაძე – ცნობილი მუსიკოსების ოჯახში გაიზარდნენ. ცნობილი ლოტბარი სანდრო კავსაძე მათი პაპა იყო, დავით (დათაშკა) კავსაძე კი – მამა. მიუხედავად იმისა, რომ ბატონი კახი მუსიკას მთელი არსებით გრძნობს, ცხოვრების გზად მაინც თეატრი და კინო აირჩია. ალბათ არც შემცდარა. ფაქტია, რომ ქართველ ხალხსაც გაუმართლა – მისი სახით ჩვენს თეატრსა და კინოს უბადლო ოსტატი ჰყავს. „ჩვენი დროის გმირი!“ – ასე მოიხსენიეს ერთხელ ჩემთან ჩვეულებრივი საუბრისას თეატრალებმა ბატონი კახი.

ნამდვილად ასეა: კახი კავსაძე ჩვენი დროის გმირია!

კახი კავსაძის ოჯახში დღემდე რელიკვიად ინახება მისი პაპისთვის სტალინის მიერ ნაჩუქარი ჩიბუხი. „ბელადი“ თავის დროზე სანდრო კავსაძის გუნდში მღეროდა და როცა მისი ყოფილი მასწავლებელი კრემლის საავადმყოფოში იწვა, სტალინმა წერილი მისწერა და დახმარება შესთავაზა. ბატონი კახის პირად არქივში ეს წერილიც ინახება.

სხვათა შორის, დიდი პაპა, სანდრო კავსაძის მამა – გრიგოლი, მღვდელი ყოფილა, ბებია კი – დედის დედა – რობაქიძის ქალი. „ბავშვები რომ წამოვიზარდეთ და დავინტერესდით, ბები, ბები, გრიგოლ რობაქიძე ვინ იყო შენიო? – ვკითხავდით ხოლმე. „არ ვიცი, არა“, – შეეშინდებოდა ბებიას. არადა, თურმე მისი მკვიდრი ბიძაშვილი ყოფილა“, – იხსენებს კახი კავსაძე.

სანდრო კავსაძეს კი ციციშვილის ქალი ჰყოლია ცოლად, ნამდვილი „კნიაჟნა“, იგი უცხოეთიდან შემოსულ დეპეშებს თარგმნიდა თურმე…

ექვსი წლის იყო ბატონი კახი, მამამისი ფრონტზე რომ წაიყვანეს 1941 წელს. იგი სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლს ხელმძღვანელობდა, „ჯავშანი“ ჰქონდა და, წესით, ომში არ უნდა გაეწვიათ, მაგრამ… დედა – ცაგარეიშვილის ქალი, მაშინ 27 წლის იყო, ძმა, იმერი – 4-ის. დათაშკა კავსაძე ტყვედ ჩავარდა, საკონცენტრაციო ბანაკიდან ქართველმა ემიგრანტებმა დაიხსნეს და პარიზში წაიყვანეს, სადაც მან მომღერალთა გუნდი შექმნა  და საკონცენტრაციო ბანაკიდან ათავისუფლებდა ქართველებს ამ გუნდისთვის. სწორედ ეს გახდა იმის საფუძველი, რომ 1945 წლის სექტემბერში, ომის დამთავრების შემდეგ, მოსკოვიდან რომ ბრუნდებოდა მატარებლით, გზაში დააპატიმრეს (მან თავად არჩია სამშობლოში დაბრუნება, რაც სიცოცხლის ფასად დაუჯდა). ამის შემდეგ პატარა კახიმ მამა ნახა, როცა „კაგებეს“ იზოლატორში მოუწყვეს შეხვედრა მას, მის ძმას და დედას, შემდეგ კი – ორთაჭალის ციხეში, საიდანაც იგი ციმბირში გადაასახლეს და უკან აღარ დაბრუნებულა. ცნობილი ლოტბარი 1952 წელს დაიღუპა, უცნობია მისი საფლავი… „მამაჩემი ყოველთვის იყო გონიერების, სიძლიერის, ნიჭიერების, სილამაზის განსახიერება… ვამაყობდი მისით“, – იხსენებს კახი კავსაძე.

პატარა კახი ძმასა და დედასთან ერთად (სწორედ ამ ფოტომ გადაარჩინა კახის მამა დახვრეტას საკონცენტრაციო ბანაკში)

ახლა უკვე ბატონი კახის შვილები, შვილიშვილები და შვილთაშვილი ამაყობენ სახელოვანი პაპით. ნებისმიერი ქართველი ამაყობს… მე, როგორც ჟურნალისტი, ხომ ვამაყობ და ვამაყობ, რომ ბატონ კახის პირადად ვიცნობ და, საბედნიეროდ, რამდენჯერმე მქონდა მასთან შეხვედრისა და საუბრის საშუალება. წარმოუდგენელად თავმდაბალი და კეთილშობილი ადამიანია. სხვა რა ვთქვა?! – სიტყვებიც არ მყოფნის მისი ღირსებების ჩამოსათვლელად…

გვიყვარხართ, ბატონო კახი!

ბედნიერების მწვერვალზე

მასაც უყვარდა… სიგიჟემდე იყო შეყვარებული ბელა მირიანაშვილზე, სულ მხედველობის არეში ჰყავდა, სულ ეჭვიანობდა, მთელ სამყაროზე ეჭვიანობდა. ახლაც უყვარს და ეჭვიანობს – ლეგენდად იქცა მათი ისტორია…

„ბელას სამსახიობო კარიერა ბუმით დაიწყო. მე ვერც მამჩნევდა. ამოდენა კაცი ვიდექი და… მაგრამ არც მინდოდა, შევემჩნიე – გადავარდნილი ვიყავი!.. ახლა რაღაც რომ მოხდება ჩემს ცხოვრებაში, ვფიქრობ, წავალ, მოვუყვები, გავახარებ!!!.. ხანდახან მავიწყდება, რომ აღარ არის, ვცდილობ, რაღაცებით შევივსო სიცარიელე, მაგრამ… ბელა სულ ცხრა წელი იყო სცენაზე, ხუთ ფილმში გადაიღეს, 23 წელი იავადმყოფა და მაინც მუდმივად აკითხავდნენ კორესპონდენტები. უკვირდა. მეც ვეუბნებოდი, მაგარი ხარ-მეთქი!

ბელამ დიდი როლი ითამაშა ჩემს პროფესიონალად ჩამოყალიბებაში. ყველა პირობას მიქმნიდა და ჩემში როგორღაც ჩამოაყალიბა პასუხისმგებლობის განსაკუთრებული გრძნობა, მინდოდა, მის გვერდით ღირსეული კაცი ვყოფილიყავი. თვითონ ყველა საკითხში ღირსეული იყო: ოჯახი, სახლ-კარი, შვილები, მეგობრები, ახლობლები, ურთიერთობა – არაფერი ეშლებოდა. მიუხედავად იმისა, რომ 23 წელი ავად იყო, ბედნიერები ვიყავით. ხშირად უთქვამს: აბა, რა გგონია, ყველაფერში ბედნიერები ხომ არ ვიქნებითო?! ჩვეულებრივად ცხოვრობდა, ხასიათიც კი არ შესცვლია. სახლში მისვლა მიმიხაროდა. ვიცოდი, დამხვდებოდა მომღიმარი, ბედნიერი და კეთილგანწყობილი. მეც ისე ვიქცეოდი, თითქოს ეს ჩვეულებრივი მოვლენა იყო.

ბელა რომ გარდაიცვალა, თურმე ერთ ფრაზას ვიმეორებდი სულ: „რა ვქნა ახლა?!  რა მეშველება?!..“ მოვიდა ჩემთან მერაბ კოკოჩაშვილი და მითხრა: „ამ საკითხს სხვანაირად უნდა შეხედო, შენი და ბელას ურთიერთობაზე წიგნი დაწერე“. ვერ შევძლებ-მეთქი, ვუთხარი. „ხომ იყავი 26 წელი ბედნიერი კაცი და სხვამ რა ქნას, თავის საყვარელ ადამიანთან ერთი წელიც რომ არ ყოფილა ბედნიერი?!“ – ამ ფრაზამ იმოქმედა, გონზე მომიყვანა…“

როგორც ბატონი კახი იხსნებს, ბელას ბოლო სიტყვები იყო: „Оставь меня в покое, не лишай блаженства!“ („დამტოვე მარტო, ნუ მიშლი ნეტარებას!“). ირაკლიზე ხუთი თვის ფეხმძიმეს, 40 გრადუსი სიცხით სპექტაკლი რომ არ ეთამაშა, დღეს ალბათ ბელა მირიანაშვილზე წარსულ დროში საუბარი არ მოგვიწევდა, ბატონი კახის ბედნიერებას კი საზღვარი არ ექნებოდა…

განგების ნება

კახი კავსაძის მკვეთრი ინდივიდუალობა, თვითმყოფადობა და უსაზღვრო მომხიბვლელობა კინოში 100-ზე მეტ და თეატრში 80-მდე როლს ამშვენებს. მიუხედავად იმისა, რომ უცხოეთში რამდენიმე რთული ოპერაცია გაიკეთა, ვერც სცენაზე და ვერც პირად ურიერთობებში ვერ შეატყობთ, რომ ვერაგმა სენმა შეაწუხა. „როგორ ბრძანდებით?“ – მოიკითხავთ და აუცილებლად ერთადერთ პასუხს მიიღებთ: „ფანტა-სსს-ტიკურად!“ – აბა, თავისი პრობლემებით სხვას ხომ არ შეაწუხებს!.. სხვათა შორის, ერთ-ერთი ოპერაციის წინ უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დალოცა და ექიმებიც რომ არ ელოდნენ, ისე კარგად დამთავრდა ყველაფერი.

ამ თემაზე და არც სხვა როლებზე საუბარს აღარ გავაგრძელებთ, უბრალოდ, აღვნიშნავთ, რომ დონ-კიხოტის როლისთვის წონაში საგანგებოდ დაიკლო 23 კილო. ამერიკაში დადგმულ „სტუმარ-მასპინძელში“ მუსას როლის შესასრულებლად კი თავისი პერსონაჟის მონოლოგები ინგლისურ ენაზე ისე დაიზეპირა, მგონი, თვითონ ამერიკელები ვერ საუბრობენ მშობლიურ ენაზე ასე კარგად.

მის შემოქმედებით ბიოგრაფიას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი უკავშირდება: „ქალამბია ფიქჩერსის“ პროდიუსერმა მსახიობი ჰოლივუდში გადაღებებზე მიიწვია. წინასწარი საუბრისას, როცა შეიტყო, რომ ინგლისური არ იცოდა, გაუკვირდა: „სულ არ იცით?“ – „არა, ბატონო, ეგღა მაკლია ინგლისური ვიცოდე, – მიიღო პასუხი კახი კავსაძისგან, – არც ვისწავლი“. ამ გადაწყვეტილებას მამას დღემდე ვერ პატიობს მსახიობი ირაკლი კავსაძე, რომელიც უკვე რამდენიმე წელია ამერიკაში ცხოვრობს და მოღვაწეობს. რომ არა ეს ფაქტი, ქართველი ხალხის (და არა მარტო) საყვარელი მსახიობი დღეს ალბათ მსოფლიო ვარსკვლავი იქნებოდა.

ვფიქრობთ, ყველაფერი მაინც განგების ნებაა. მიუხედავად იმისა, რომ ბატონი კახის ბავშვობამ იმ სახლში გაიარა, სადაც ცხოვრობდნენ თამარ ჭავჭავაძე, გრიგოლ აფხაიძე, ალექსანდრე და ცეცილია წუწუნავები, აკაკი ვასაძე, აკაკი ხორავა, თავიდან მსახიობობაზე სულაც არ უფიქრია – პოლიტექნიკურ ინსტიტუტში აპირებდა სწავლის გაგრძელებას. ალბათ ასეც იქნებოდა, რომ არა სინჯები ფილმისთვის „ისინი ჩამოვიდნენ მთიდან“. მათემატიკური სკოლის მოსწავლისთვის ეს ფაქტი პროფესიული არჩევანის გასაკეთებლად გადამწყვეტი აღმოჩნდა. როლზე უკვე დამტკიცებული იყო, მაგრამ 16 წლის კახი კავსაძემ მაშინ მოულოდნელად სერიოზული ტრავმა მიიღო (ნეკნები ჩაიმტვრია) და ფილმში ვეღარ გადაიღეს. სურვილი აუსრულებელი დარჩა. ჰოდა, ამიტომ განგებამაც მომავალი დიდი მსახიობის არჩევანი თეატრალური ინსტიტუტისკენ შემოაბრუნა.

კინო და თეატრი კახი კავსაძის შემოქმედებაში არაჩვეულებრივად ავსებს ერთმანეთს. მაინც რომელს ანიჭებს უპირატესობას? – ამ შეკითხვაზე ბატონი კახის პასუხი ასეთია: „ფილმში კარგად რომ ვითამაშო, აუცილებლად უნდა ვიყო თეატრში. სცენა ჩემი ლაბორატორიაა. აქ ხდება იმპროვიზაციის შინაგანი პროცესი. თუ სცენას დავთმობ, შემოქმედი ვერ ვიქნები, ვიქნები არტისტი-გამომგონებელი და დავიწყებ „თამაშს“, ეს კი კინემატოგრაფის მტერია“.

კახი კავსაძე მაყურებელმა, თეატრისა და კინოს პარალელურად, ესტრადაზეც იხილა: „პირველად ესტრადაზე რომ გამოვედი, ისეთი გრძნობა გამიჩნდა, თითქოს აბსოლუტურად შიშველი ვიყავი. კინოში და თეატრში მაინც ვიღაცის ქერქქვეშ ხარ… იქაც კი ხარ „ატვეჩაი“, მაგრამ აქ „ნამეტანი ატვეჩაი“ ხარ – შენი თავისა და სიტყვის ამარა. რთული სამუშაოა“, – ამბობს ბატონი კახი, რომლის შემოქმედებაზეც უსასრულოდ შეიძლება საუბარი, ისევე როგორც თავად მასზე, პიროვნებაზე, რომლის მიზანია, რაც შეიძლება მეტი სიხარული და ბედნიერება მოუტანოს ადამიანებს: „ჩემი პროფესია ამის საშუალებას მაძლევს. მე არტისტი ვარ!“

აბდულა, „უდაბნოს თეთრი მზე“

ნეტავი იქ თეატრი არის?

რამდენიმე წლის წინათ ფართო საზოგადოებამ იხილა რეჟისორ ნანა ჯანელიძის 52-წუთიანი მხატვრულ-დოკუმენტური ფილმი „ნეტავი იქ თეატრი არის?“ ბატონი კახი ფილმში იმ დეტალებს ჰყვება, რომელიც მის ოჯახსა და ყოფილი საბჭოთა კავშირის პერიოდს უკავშირდება; იმ წერილსაც კითხულობს, სადაც შვიდი წლის კახი სტალინს მამამისის ადგილსამყოფელის გაგებს სთხოვს.

ფილმის ნახვის შემდეგ გულგრილი არავინ დარჩენილა არც საქართველოში და არც უცხოეთში: კანადაში, საფრანგეთში, ინდოეთში, მოსკოვში, ბელარუსში… – ფილმმა ყველაგან მთავარი პრიზი აიღო.

უფრო ადრე კახი კავსაძის ცხოვრებისა და შემოქმედებისადმი მიძღვნილი წიგნი – „სახალხო არტისტი“ დაიბეჭდა. ძალიან გამიხარდა, როდესაც მასში ჩემ მიერ გადაღებული ფოტოც აღმოვაჩინე.

ჩვენს დღევანდელ წერილს ბატონი კახი კავსაძის გულწრფელი სურვილით დავასრულებთ და ამ სურვილის უახლეს მომავალში ასრულებას ვუსურვებთ მასაც და თითოეულ ჩვენგანსაც:

ისეთი ცხოვრება დაგვდგომოდეს, რომ ჩვენი ნიჭით, საქმით, სიმამაცითა და გამბედაობით დაგვეცვას ის, რაც მამა-პაპამ დაგვიტოვასაქართველოს მომავალ ძლიერებას გაუმარჯოს!

თამარ ოთიაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close