ქარის წისქვილების ქვეყანა – 12 ფაქტი ჰოლანდიის შესახებ

ქარის წისქვილი გიაცინტების ველზე

*ჰოლანდიის ოფიციალური სახელწოდებაა „ნიდერლანდების სამეფო“; „ნიდერლანდები“ ითარგმნება, როგორც „დაბლობი მიწები“. ამ ქვეყნის ტერიტორიების მეოთხედი ზღვის დონეზე დაბლაა. წყლისგან გამოტაცებულ ასეთ მიწაზე მდებარეობს, მაგალითად, ამსტერდამის სხიპოლის აეროპორტი – მის ადგილას ოდესღაც ტბა იყო.

*ნიდერლანდების სამეფოს ეროვნული ჰიმნი – „ვილჰელმუსი“ ყველაზე ძველია მსოფლიოში. ის 1568 წელს დაიწერა და შესრულდა.

*ერთ კვადრატულ მეტრზე მუზეუმების რაოდენობით (51 მუზეუმი) ამსტერდამი მსოფლიო ქალაქებს შორის ლიდერია. ამსტერდამის მუზეუმებში რემბრანდტის 22, ხოლო ვან გოგის 206 ნამუშევარი ინახება.

რემბრანდტი, „ღამის გუშაგი“, 1642; რიკსმუზეუმი, ამსტერდამი

*ჰოლანდია ლიბერალური კანონების ქვეყანაა. 2000 წლიდან აქ ლეგალიზებულია პროსტიტუცია, 2001 წელს ერთსქესიანთა ქორწინება დაკანონდა, ხოლო 2009 წლიდან ჰომოსექსუალ წყვილებს შვილის აყვანის ნება დართეს. ნიდერლანდები არის, აგრეთვე, ევთანაზიის ლეგალიზაციის პიონერი (ევთანაზია – ადამიანის სიცოცხლის შეწყვეტა მისივე თხოვნით, როდესაც მას უკურნებელი სენი სჭირს და ტკივილებით იტანჯება). 1984 წელს ქვეყნის უმაღლესმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ნებაყოფლობითი ევთანაზია მისაღებია, ხოლო 2002 წლის 1-ლ აპრილს ნიდერლანდებში, მსოფლიოში პირველად, ევათანაზიის ლეგალიზაცია მოხდა.

*ჰოლანდიაში უცნაური ტრადიციაა – სახლის ან ბინის ფანჯრებზე ფარდები არ კიდია. ეს ჩვეულება ემყარება ძველ პროტესტანტულ რელიგიას, რომლის მიხედვითაც, ჰოლანდიელებს დასამალი არაფერი აქვთ და მათი ცხოვრება ქრისტიანულ მორალს შეესაბამება.

*ჰოლანდიაში, ისევე როგორც ავსტრიასა და გერმანიაში, საზოგადოებრივი აბანოების უმეტესობაში ორივე სქესის წარმომადგენლები ერთად ბანაობენ – ცალკე არ არის ქალების და კაცების განყოფილებები, თანაც აქ მიღებულია სრულიად შიშვლად ყოფნა.

*ამსტერდამის ყველაზე ძველი ნაგებობაა ტაძარი Oude Kerk, რომელიც 1309 წელს აკურთხეს. ის ვალენის რაიონის ცენტრში მდებარეობს.

Oude Kerk

*ჰოლანდიაში 1180 ქარის წისქვილია.

*ამსტერდამი მსოფლიოს 25 ყველაზე უსაფრთხო ქალაქის სიაშია. აქ დანაშაულთა რიცხვი ყველა ევროპული ქალაქის ანალოგიურ მაჩვენებელზე დაბალია.

*ამსტერდამში წყალი პირდაპირ ონკანიდან შეგიძლიათ დალიოთ, ის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხოა, თანაც ყველაზე სუფთაა ევროპაში.

*სექსი და ნარკოტიკები ჰოლანდიის ეკონომიკისთვის ძალზე მნიშვნელოვანია. „წითელი ფანრების“ კვარტლისა და კოფიშოპებიდან შემოსული თანხა 2013 წელს 3.4 მლრდ აშშ დოლარს გაუტოლდა (რაც მშპ-ის 0,4 პროცენტს შეადგენდა) და ყველის წარმოებიდან მიღებულ შემოსავალს გაუსწრო.

*ამსტერდამი ხიდების ქალაქია. აქ 1281 ხიდია – სამჯერ მეტი, ვიდრე ვენეციაში. 80 ხიდი ქალაქის ცენტრში მდებარეობს. ყველაზე ცნობილს „წვრილი ხიდი“ ჰქვია – Magere Brug.

კირა კარიაული

Magere Brug
დაიბრუნეთ ნავაჭრში გადახდილი თანხის ნაწილი: https://goo.gl/ur7sVv
კომენტარები
Загрузка...