ყაჩაღობა კიფისიაში – ეჭვმიტანილები ქართველები არიან?

EUROKINISSI

უკვე ვწერდით, რომ 2 აპრილს, დილის ხუთ საათზე ყაჩაღობა მოხდა ათენში, კიფისიაში. ორი უცნობი პიროვნება ბიზნესმენის სახლში შეიჭრა და იარაღის მუქარით ფული და ძვირფასეულობა მოითხოვა. სახლის მეპატრონემ, ალექსანდროს სტამატიადისმა მძარცველებს წინააღმდეგობა გაუწია და თავდამსხმელებმა ის მძიმედ დაჭრეს.

პოლიცია ინტენსიურად ეძებს დამნაშავეებს და, როგორც ცნობილი ხდება, მათ კრიმინალური დაჯგუფების კვალს მიაგნეს. აღნიშნულმა ჯგუფმა, საბერძნეთის პოლიციის მონაცემებით, სულ ცოტა, ექვსი ყაჩაღური თავდასხმა განახორციელა. ექვსივე შემთხვევაში თავდამსხმელები შეიარაღებულები იყვნენ და აგრესიულად მოქმედებდნენ.

პოლიცია მათ „მოგზაურ ემიგრანტებად” მოიხსენიებს. მართალია, ჯგუფის წევრების ეროვნება ჯერ არ სახელდება, მაგრამ უკვე რამდენიმე დღეა ბერძნული პრესა, პოლიციაზე დაყრდნობით, ქვეყანაში მოქმედ ქართულ კრიმინალურ დაჯგუფებებს სწორედ „მოგზაურებს” უწოდებს. ამდენად, არსებობს ვარაუდი, რომ კიფისიაში მომხდარი სისხლიანი დანაშაული ქართველი კრიმინალების ნამოქმედარი აღმოჩნდეს.

დაზარალებულის მდგომარეობა მძიმეა. რამდენიმე ოპერაციის შემდეგ ალექსანდროს სტამატიადისი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა კრიტიკულია, მაგრამ ექიმები მდგომარეობის მცირე გაუმჯობესებაზე საუბრობენ.

კომენტარები
Загрузка...