საბერძნეთში ლეგალური მიგრაციის გზამკვლევის პრეზენტაცია ათენში

dav

27 მარტს ათენში, ქართული ემიგრაციული ორგანიზაციებისათვის საბერძნეთში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, საბერძნეთში ლეგალური მიგრაციის გზამკვლევის პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციას ესწრებოდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი გონაძე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორი გიორგი ტაბატაძე, საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზვიად კვაჭანტირაძე და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი რატი ბრეგაძე; ასევე, მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის წარმომადგენელი მაგდა საბადელო. პრეზენტაციას უძღვებოდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში იოსებ ნანობაშვილი.

შეხვედრა ათენის უებსტერის უნივერსიტეტის შენობაში გაიმართა. პრეზენტაციაზე წარმოადგინეს პრაქტიკული გზამკვლევი, რომელიც შეიცავს ყოვლისმომცველ ინფორმაციას საბერძნეთის საიმიგრაციო კანონმდებლობის შესახებ, შესაბამის პრაქტიკულ იურიდიულ განმარტებებთან ერთად. გზამკვლევის მომზადებაში მონაწილეობდნენ საბერძნეთში მომუშავე ქართველი იურისტები, რომლებმაც საბერძნეთის შესაბამისი კანონმდებლობს განმარტეს. პროექტში ჩართულები იყვნენ საბერძნეთის სახალხო დამცველის ოფისი და საბერძნეთის საიმიგრაციო პოლიტიკის სამინისტრო, ასევე, ქართული დიასპორის აქტიური წევრები და საგარეო საქმეთა სამინისტოს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტი.

პროექტი მოამზადა მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრმა (ICMPD) საქართველოს მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიასთან (SCMI) თანამშრომლობით, პროექტის – „მიგრაციის მართვის მდგრადობის ხელშეწყობა საქართველოში (ENIGMA 2)” – ფარგლებში.

გზამკვლევი ქართველ ემიგრანტებს დაეხმარება, სრულად გაეცნონ საბერძნეთის საიმიგრაციო კანონმდებლობას, რათა მათი მდგომარეობის შესაბამისი ბინადრობის მოწმობის მიღება მოახერხონ – თუკი კანონმდებლობა ამის შესაძლებლობას იძლევა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ გზამკვლევი, გარკვეული პერიოდულობით, უსასყიდლოდ გავრცელდება ბეჭდური სახით. საგარეო საქმეთა სამინისტროსა და დიასპორული პორტალების ინტერნეტგვერდებზე კი ხელმისაწვდომი იქნება მისი ელექტრონული ვერსია.

როგორც საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა იოსებ ნანობაშვილმა აღნიშნა, ეს საბერძნეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეთა ლეგალიზაციის ხელშეწყობის პროცესის პირველი ეტაპია. მეორე ეტაპზე მომზადდება საკანონმდებლო ინიციატივები, რომლებმაც ხელი უნდა შეუწყონ საბერძნეთში ბინადრობის ლეგალიზაციის გამარტივებას საქართველოს მოქალაქეთა კონკრეტული ჯგუფებისთვის. აღნიშნული მიზნით დაგეგმილია ბერძნულ მხარესთან შესაბამისი კოორდინაცია.

შეხვედრაზე გაიმართა დისკუსია საბერძნეთის ქართული დიასპორის საჭირბოროტო საკითხებზე. ზვიად კვაჭანტირაძემ აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტში უკვე მომზადებულია საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც სამშობლოში დაბრუნების მსურველი ემიგრანტებისთვის 150 ათასი ლარის ღირებულების პირადი ნივთების საბაჟო გადასახადის გარეშე შემოტანის უფლებას გულისხმობს. ასევე, გამოითქვა მოსაზრება, რომ ჩვეულებრივ ამანათებზე ამჟამად არსებული შეზღუდვა, რაც ერთ პიროვნებაზე მაქსიმუმ 300 ლარის ღირებულების ნივთების გაგზავნის შესაძლებლობას იძლევა, უნდა შეიცვალოს. შესაძლოა, ეს ზღვარი 500 ლარამდე გაიზარდოს. საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს ქართული მართვის მოწმობების ევროკავშირის მიერ აღიარების საკითხზეც.

შეხვედრაზე საპატიო სიგელებით დააჯილდოეს ქართული ემიგრაციის წარმომადგენლები, რომლებმაც აქტიური მონაწილეობა მიიღეს გზამკვლევის მომზადებაში.

გიორგი ჯანელიძე

კომენტარები
Загрузка...