უშიშროების ყოფილ მინისტრს ავტომობილი დაეჯახა

საბერძნეთის უშიშროების ყოფილი მინისტრი გიორგოს ვულგარაკისი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდა და ოპერაციას საჭიროებს. შემთხვევა 20 მარტს, ნაშუადღევს ზაპიოს საგამოფენო ცენტრთან მოხდა.

ვულგარაკისი ქუჩაზე ფეხით გადადიოდა, როდესაც მას ავტომობილი დაეჯახა. ყოფილმა მინისტრმა ფეხი დაიზიანა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმებმა გამოკვლევის ჩატარების შემდეგ ოპერაციის ჩატარება გადაწყვიტეს.

გიოროს ვულგარაკისი, რომელიც კოსტას კარამანლისის მთავრობაში 2004-2008 წლებში ჯერ უშიშროების, შემდეგ კი კულტურის მინისტრის მოვალეობას ასრულებდა, ორჯერ გადაურჩა თავდასხმას. 2003 წელს მისი სახლი მთლიანდ დაიწვა მძლავრი ასაფეთქებელი მოწყობილობის ამოქმედების შედეგად, ხოლო 2006 წელს საათის მექანიზმიანი ბომბის მეშვეობით შეეცადნენ მინისტრისთვის სიცოცხლის მოსპობას.  მასზე თავდასხმები რადიკალურმა მემარცხენე ორგანიზაციებმა განახორციელეს. ორივე შემთხვევაში ვულგარაკისი უვნებლად გადარჩა. ამჟამინდელმა საგზაო შემთხვევამ კი ყოფილი მინისტრი საოპერაციო მაგიდამდე მიიყვანა.

კომენტარები