სროლა საბერძნეთ-თურქეთის საზღვარზე: დაკავებულია თურქეთის მოქალაქე

ორშაბათს, 19 მარტს, საღამოს საათებში ინციდენტი მოხდა საბერძნეთ-თურქეთის საზღვარზე სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ კასტანიესზე – სწორედ იქ, სადაც 20 დღის წინ თურქებმა ორი ბერძენი მესაზღვრე საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის დააკავეს.

ინციდენტი ერთი მოქალაქის საქციელმა განაპირობა, რომელმაც გვერდი აუარა თურქულ მხარეს არსებულ სასაზღვრო-გამშვებ პუნქტს და საბერძნეთის მხარეს გაიქცა. თურქი მესაზღვრეები მას გამოედევნენ. რამდენადაც მოქალაე მათ არ დაემორჩილა, მესაზღვრეებმა ჰაერში გამაფრთხილებელი სროლა დაიწყეს, თუმცა საზღვრის დამრღვევის გაჩერება ვერ მოახერხეს. ბერძნულ მხარეს გადასული პიროვნება ჯარისკაცებს ჩაბარდა, რომლებმაც ის პოლიციას გადასცეს.

საზღვრის დამრღვევი ქურთული წარმოშობის თურქეთის მოქალაქე აღმოჩნდა. მას თან ჰქონდა შესაბამისი პასპორტი. როგორც ბერძენმა მესაზღვრეებმა დაადგინეს, 41 წლის თურქეთის მოქალაქე ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. არაორდინარული საქციელის ჩამდენი პიროვნება დაკავებულია და მის ბედს სასამართლო გადაწყვეტს. ქურთი, სავარაუდოდ, საბერძნეთისგან პოლიტიკური დევნილის სტატუსის მინიჭებას მოითხოვს.

კომენტარები
Загрузка...