რა იცით ძილის და სიზმრების შესახებ?

2008 წლიდან, „ძილის მედიცინის მსოფლიო ასოციაციის ინიციატივით“ (World Association of Sleep Medicine – WASM ), „ძილის საერთაშორისო დღე“ აღინიშნება. ეს დღე ყოველწლიურად მარტის სრული კვირის მეორე პარასკევია, რომელიც წელს 16 მარტს დაემთხვა.

ამ თემის ირგვლივ ამჯერად მხოლოდ ციფრებსა და ფაქტებს გთავაზობთ:

მოზრდილ ადამიანს დღე-ღამეში საშუალოდ 8 საათი სძინავს. გამოთვლები ცხადყოფს, რომ ერთი თვის მანძილზე ძილისთვის 240 საათს ვხარჯავთ, რაც წელიწადში 2880 საათს ანუ 120 დღეს შეადგენს! მამაკაცი, საშუალოდ, მთელი ცხოვრების განმავლობაში ძილში 8640 დღეს, ანუ 24 წელიწადს ატარებს, ქალი კი – 9600 დღეს, რაც 27 წელს უდრის.

მაღალორგანიზებული ნერვული სისტემის მქონე ცხოველთა უმეტესი ნაწილის ძილი პოლიფაზური ხასიათისაა ანუ წყვეტილია. ისინი დღე-ღამეში დროის მცირე მონაკვეთებით რამდენჯერმე იძინებენ.

პირველყოფილი ადამიანის ძილიც უეჭველად პოლიფაზური უნდა ყოფილიყო და მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გახდა მონოფაზური ანუ ღამის პერიოდის.

გუსტავ კლიმტი, „მძინარე დედა და ბავშვები“

ძილის ხანგრძლივობა თითოეულ ადამიანისთვის ინდივიდუალურია და ამას გენეტიკური მიზეზები განაპირობებს. მისი ხანგრძლივობის შეცვლა საკმაოდ ძნელია, რადგან შეიძლება ფსიქიკას სერიოზული ზიანი მიაყენოს. არიან ადამიანები, რომელთაც მაქსიმუმ ექვსი საათი ძილი ჰყოფნით. მათი რიცხვი პლანეტის მოსახლეობის 5-6 პროცენტია. ისინი, ძირითადად, „სუპერაქტიური“ ადამიანები არიან, რომელთა შორის ბევრი პოლიტიკური მოღვაწე და მეწარმეა. ადამიანების უმეტეს ნაწილს საშუალოდ 8 საათი სძინავს. მსოფლიო მოსახლეობის 10-15 პროცენტს კი უფრო ხანგრძლივად – 9,5 საათს უყვარს მორფევსის მკლავებში ნებივრობა.

აქვე დავძენთ, რომ, კვლევების თანახმად, ძილის ხანგრძლივობა არანაირად არ მოქმედებს ინტელექტზე.

იტალიელი მეცნიერი კლაუდიო სტამპი უფრო ღრმად და საფუძვლიანად იკვლევდა მარტო მოცურავე იახტსმენების ძილს მასშტაბური საერთაშორისო შეჯიბრებების პერიოდში და გაარკვია, რომ შეჯიბრის დროს, როგორც წესი, მათაც წყვეტილად სძინავთ – 10-20 წუთიდან ორ საათამდე თითო ჯერზე, რაც საერთო ჯამში დღე-ღამეში ხუთი საათი გამოდის (რეგატის ხანგრძლივობა 14-20 დღეა). ზოგიერთ მონაწილეს სულაც სამი საათი ეძინა, 30-წუთიანი მონაკვეთებით.

მთელ მსოფლიოში ცნობილმა ზოგიერთმა მოღვაწემ ძილის პერიოდი მინიმუმამდე დაიყვანა, რათა უფრო მეტი დრო დარჩენოდა სამუშაოდ. გოეთეს, შილერს, ჰუმბოლდტს, მირაბოს, ბეხტერევს, ნაპოლეონს მხოლოდ ხუთი საათი ეძინათ. ნაპოლეონს ჩვეულებად ჰქონდა ძილი ღამის 10-12 საათიდან ორამდე, მერე ნაყოფიერად მუშაობდა და კვლავ იძინებდა დილის 5-იდან 7 საათამდე. მას თვითონაც ცოტა ეძინა, ძილი არც უყვარდა – ენანებოდა მასზე „დახარჯული“ დრო. მისი პრინციპები ღამის დასვენებასთან დაკავშირებით უბრალო და მკაფიო იყო: „ოთხი საათი – მამაკაცებისთვის, ხუთი – ქალებისა და ექვსი – იდიოტებისთვის“. „მხოლოდ ყეყეჩებსა და ინვალიდებს სჭირდებათ უფრო ხანგრძლივი დროით ძილი“, – ამბობდა ნაპოლეონი.

ლეონარდო და ვინჩიმ ძილის საკუთარი ფორმულა გამოიმუშავა: 15 წუთი ყოველ ოთხ საათში ერთხელ, ამ დროს დღე-ღამის ძილი 8 საათიდან 1,5 საათამდე შემცირდა, დროის „ეკონომიამ“ კი 81 პროცენტი შეადგინა.

ყველაზე „უძინარი“ ადამიანი ედისონი იყო – მას სულ 2-3 საათის ძილი ჰყოფნიდა. აინშტაინი კი, პირიქით, ნამდვილი ძილისგუდა იყო – 10-12 საათს ეძლეოდა ტკბილ ძილს.

პოლ ბრეგი იწმუნებოდა, რომ ადამიანმა საკმაოდ ბევრი უნდა იძინოს, თან აუცილებლად დღისითაც. „პრეზიდენტი რომ ვიყო, სპეციალური განკარგულებით დავაკანონებდი სადილის შემდეგ ძილს“, – აცხადებდა ბრეგი.

ამერიკელმა მეცნიერებმა ექვსწლიანი კვლევების შედეგად მილიონამდე თანამემამულე შეამოწმეს ძილის ხანგრძლივობასთან დაკავშირებით. გაირკვა, რომ იმ ადამიანებში, რომლებსაც ღამეში ოთხ საათზე ნაკლები ეძინათ, სიკვდილიანობა ორჯერ უფრო მაღალი იყო, ვიდრე მათში, ვისაც დღე-ღამეში 7-8 საათი ეძინა.

სიზმრები თითქმის ყველა ხერხემლიან ცხოველს ახასიათებს, თუმცა მეცნიერებმა ვერ გაარკვიეს, ხედავენ თუ არა სიზმრებს თევზები, ამფიბიები და ქვეწარმავლები. მაგალითად, ქათამი თურმე, საერთო ჯამში, 25 წუთის განმავლობაში ხედავს სიზმრებს, მაიმუნის სიზმრები 60 წუთს გრძელდება, კატისა კი – 200 წუთს.

ცხოველებისათვის სიზმრებს ერთგვარი ბიოლოგიური მნიშვნელობა აქვს, თუმცა მათთვის საფრთხესაც წარმოადგენს, რადგან როცა სიზმარს ხედავენ, გარე სამყაროდან ვერანაირ სიგნალს ვეღარ აღიქვამენ. თუმცა დადგინდა, რომ „ჩქარი“ ძილის ფაზის ბოლოში ძუძუმწოვრებს მცირე ხნით ეღვიძებათ, რითაც ცოცხლად გადარჩენის შანსი უჩნდებათ.

ვერც კი ვაცნობიერებთ, რომ თითოეულ ჩვენგანს ყოველღამ 4-6 სიზმარი გვეწვევა ხოლმე. 60 წლის ადამიანს თავისი ცხოვრების ხუთი წელი სიზმრების სამყაროში აქვს გატარებული.

მოამზადა თამთა გურულმა

კომენტარები
Загрузка...