ტასოს იორდანიდისი – მსახიობი, რომელმაც ლევან წულაძე ბერძნულ თეატრალურ საზოგადოებას გააცნო

საბერძნეთის ქართველობისთვის კარგადაა ცნობილი, რომ უკვე რამდენიმე წელიწადია ქართველი რეჟისორი ლევან წულაძე წარმატებით თანამშრომლობს ბერძენ მსახიობთან – ტასოს იორდანიდისთან, რომელმაც იგი ბერძნულ თეატრალურ საზოგადოებას გააცნო.

ორი ხელოვანის კავშირი ნამდვილად შედეგიანი გამოდგა, რადგან წარმოდგენები, რომლებიც თეატრ „ანესისში“ დაიდგა, ერთნაირი წარმატებით სარგებლობს როგორც მაყურებელში, ისე თეატრალურ წრეებში.

ტასოს იორდანიდისი 35 წლის მსახიობია, რომელმაც გადაწყვიტა ათენის სცენის მოყვარულები კლასიკური ნაწარმოებებით დაეინტერესებინა, რაც მოახერხა კიდეც. ახალგაზრდა ხელოვანს ამისათვის ბევრი სირთულის გადალახვა მოუწია, მათ შორის, მისთვის უჩვეულო, პროდიუსერის როლის მორგება. ის თავს ღვაწლმოსილი ბერძენი მსახიობისა და რეჟისორის, გიორგოს მიხალაკოპულოსის სულიერ შვილად მიიჩნევს. იორდანიდისმა თავისი შემოქმედებისთვის კლასიკური რეპერტუარი აირჩია და სწორედ ამ არჩევანმა დააკავშირა იგი ლევან წულაძესთან.

მიმდინარე სეზონზე ორმა ხელოვანმა ბერძენ მაყურებელს უილიამ შექსპირის „ჰამლეტი“ შესთავაზა და ამ არჩევანმა ნამდვილად გაამართლა. სეზონი მალე დასრულდება და მაყურებელიც მოუთმენლად ელოდება, თუ რას შემოგვთავაზებს იორდანიდისი-წულაძის ტანდემი მომავალში. თავად მსახიობი აცხადებს, რომ ფიქრობს სამომავლო გეგმებზე და ჯერჯერობით არ გადაუწყვეტია, რას აირჩევს. იმედი ვიქონიოთ, რომ ბერძენი მსახიობი ახალ წარმატებებს კვლავ ქართველ რეჟისორთან ერთად მიაღწევს.

კომენტარები
Загрузка...