არზაყან ემუხვარი – ქართულ-აფხაზური ერთიანობის სიმბოლო

„საჭიროა და აუცილებელია საქართველო-აფხაზეთის შედუღება და ყოველანაირი მათი განცალკევების საბაბის ძირშივე მოსპობა… ამისათვის საქართველოს მოღვაწეებმა უნდა დიდი სიფრთხილით მოეპყრონ აფხაზეთს, რომელიც საქართველოს დასავლეთის დიდი მნიშვნელოვანი კარია…“

ეს სიტყვები აფხაზეთის მთავრობის პირველ თავმჯდომარეს, საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრ დიმიტრი (არზაყან) ემუხვარს ეკუთვნის, რომელიც სამშობლოს დაკარგული თავისუფლების აღსადგენად თავდადებით იბრძოდა. მისი დიდი დამსახურებაა იმაში, რომ აფხაზეთი საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის შემადგენლობაში შევიდა, როგორც მისი ავტონომიური ერთეული. ქართული და აფხაზური ერთიანობის სულისკვეთებით ანთებული ჭეშმარიტი აფხაზი მამულიშვილის მიზანი ყოველთვის იყო აფხაზეთის კეთილდღეობის მიღწევა საქართველოს შემადგენლობაში, რადგან იცოდა, რომ აფხაზეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია და მის გარეშე მომავალი არ აქვს.

სამწუხაროდ, ფართო საზოგადოებისთვის ბევრი რამ უცნობია არზაყან ემუხვარის შესახებ, რომლის იდეებიც დღემდე არ კარგავს აქტუალურობას.

„მე არ მიცდია მისი პოლიტიკური მოღვაწეობის შეფასება, ეს მეცნიერ-ისტორიკოსთა, პოლიტოლოგთა შესწავლის საგანია. ვფიქრობ, დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის წვლილი ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში დავიწყებას არ უნდა მიეცეს, ვინაიდან მან საკუთარი თავი მთლიანად მიუძღვნა მისთვის უსაზღვროდ ძვირფასი სამშობლოს მსახურებას, ამ ორ ხალხს, რომელიც არასოდეს მდგარა ბარიკადის სხვადასხვა მხარეს, 1992-93 წწ. ომის გამოკლებით.

არ ვიცი, რას იტყოდა ან რას იფიქრებდა აფხაზეთის მთავრობის პირველი თავმჯდომარე არზაყან ემუხვარი დღევანდელ ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებზე, მაგრამ, ვფიქრობ, უთუოდ დაღონდებოდა: ნუთუ მე და ჩემმა მეგობრებმა იმისთვის გავწირეთ თავი, რომ ქართველები და აფხაზები დღეს ასე დაშორდებოდნენ ერთმანეთს?!“ – ამბობს არზაყან ემუხვარის ოჯახის ერთ-ერთი მემკვიდრე, ქალბატონი ნატო მარშანია. 2012 წელს გამოცემული მისი ნაშრომი – „ქედუხრელი რაინდი“ მოგონებებზე, არქივებსა და დოკუმენტებში მოძიებულ მასალებზე დაყრდნობით არის შექმნილი და დაინტერესებული მკითხველი ბევრ მნიშვნელოვან ინფორმაციას გაიგებს არზაყან ემუხვარსა და მის თანამედროვე ეპოქაზე.

როგორც ცნობილია, კონსტანტინე გამსახურდიას „მთვარის მოტაცების“ ერთ-ერთი მთავარი გმირის – თარაშ ემხვარის პროტოტიპი სწორედ არზაყან ემუხვარია. ეს თავად კონსტანტინე გამსახურდიას წერილიდან ირკვევა, რომელიც ფართო საზოგადოებისთვის 2003 წელს გახდა ცნობილი. წერილი კონსტანტინე გამსახურდიამ არზაყან ემუხვარის შვილს, ვლადიმერ (კუჭიკო) ემუხვარს მისწერა. მწერალი პატიებას სთხოვს მას, რომ მამამისი ენგურის ზვირთებთან ბრძოლაში დაამარცხა…

„ჩემო პატარა ემხვარო!

ჩემს ნაწარმოებში „მთვარის მოტაცებაში“ შენი მამის პროტოტიპად მთავარი გმირი რომელშიდაც მე ჩემი სიყრმის მეგობარი კეთილი აფხაზი არძაყან იგივე დიმიტრი ემხვარი გამოვხატე, რომელთანაც გავატარე პარიზში ჩემი ცხოვრების ყველაზე ტკბილი დღენი.
ენგურის დიდ ზვირთებთან ბრძოლაში დავამარცხე, ვინაიდან მისი მიზნების განხორციელება არ ძალმიძდა. გიჟი ენგურის ზვირთებთან შეკაჟება ეს მისი იდეების შებრძოლება იყო მის იდეალისა და არსებული მიმდინარეობისა. მომიტევეთ…
კ. გამსახურდია

გთხოვთ დამდოთ პატივი და ამ ამბავს ჩემს სიკვდილამდე პუბლიკაციას ნუ მისცემთ.

თქვენი კ. გამსახურდია 1934 წ. თბილისი“

არზაყან ემუხვარი ერთ-ერთი ყველაზე კეთილშობილი რაინდი იყო ქართულ-აფხაზურ ისტორიაში. როგორც აღვნიშნეთ, მისი ძალისხმევით მოხერხდა ავტონომიის სახით აფხაზეთის საქართველოს ფარგლებში მოქცევა. 1921 წელს იგი საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობასთან ერთად ემიგრაციაში გაემგზავრა; ჯერ ორი წელი სტამბოლში ცხოვრობდა, მერე ნოე ჟორდანიას დავალებით, ვინაიდან სოციალ-დემოკრატი იყო, პრაღაში გაგზავნეს და იქ ცხოვრობდა და მოღვაწეობდა.

არზაყან ემუხვარმა ემიგრაციაში ოჯახის წაყვანა ვერ შეძლო, რადგან მისი მეუღლე, მარიამ ჩიკვაიძე მალარიით იყო დაავადებული და გემზე ვერ აიყვანდა, თან უმცროსი შვილი – გივი ჯერ მხოლოდ 8 დღის იყო, უფროსი კი – 12 წლის. არზაყანმა ქუთაისის სასულიერო სემინარია დაამთავრა, მარიამს იქ შეხვდა, ერთმანეთი შეუყვარდათ და დაქორწინდნენ. ემიგრაციაში წასასვლელად გამზადებულ არზაყანს უმცროსი ვაჟისთვის ცხვირზე წამოურტყამს ხელი და უთქვამს: შენ ვინ დაიბადე, კომუნისტების მეფეხუროო…

გივი ემუხვარი

ვლადიმერ ემუხვარი – ეს გამორჩეულად კეთილშობილი, არაჩვეულებრივი ადამიანური თვისებებით შემკული, ფართო განათლების მქონე და იშვიათი ნიჭით დაჯილდოებული პიროვნება 1937 წელს დააპატიმრეს და 1938 წლის მარტში ერთადერთი ბრალდებით დახვრიტეს – რადგან არზაყან ემუხვარის შვილი იყო!

ვლადიმერ (კუჭიკო) ემუხვარი

არზაყან ემუხვარი მეგობრებმა – ისეთმა ცნობილმა პიროვნებებმა, როგორებიც იყვნენ საგარეო საქმეთა მინისტრი აკაკი ჩხენკელი და ფინანსთა მინისტრი კონსტანტინე კანდელაკი – მისი პოლიტიკაში დაბრუნება გადაწყვიტეს (ერთგული პიროვნებები უნდოდათ გვერდით) და 1939 წელს 59 წლის ასაკში პარიზში მიიწვიეს. არზაყანი პარიზში ჩავიდა, სადაც იგი მეექვსე დღეს (24 მარტს) სისხლის მოწამვლისგან გარდაიცვალა. ერთ-ერთი ვერსიით, ეს ყველაფერი ბერიამ სტალინის დავალებით პარიზში განახორციელა. რატომ მაინცდამაინც პარიზში, სადაც უახლოესი მეგობრები დახვდნენ? ჩხენკელი, კანდელაკი, ურატაძე… უამრავი ხალხი, რომლებთანაც ძალიან ახლო ურთიერთობა ჰქონდა და არა პრაღაში, სადაც ყოველთვის დაძაბული ვითარება და ურთიერთობები იყო?

„მითხრეს, რომ აგენტები ყოველთვის ახლო წრეში ახორციელებდნენ მკვლელობას, რათა ეჭვი არ გაჩენილიყო. ვეცადე, პარიზის საავადმყოფოდან მომეძია მასალა, საიდანაც მხოლოდ სიკვდილის დასკვნა გამომიგზავნეს, რომ გარდაიცვალა სტაფილოკოკისგან“, – იხსენებს ქალბატონი ნატო, რომელიც არზაყანის დის – ანას შვილიშვილია. ანა მშობიარობას გადაჰყვა, მისი ახალდაბადებული შვილი – შოთა მარშანია (ქალბატონი ნატოს მამა) კი არზაყანმა და მისმა ძმამ, ივამ იშვილეს.

სხვათა შორის, არზაყანს შვილიშვილი ჰყავს, რომელიც სანკტ-პეტერბურგში ცხოვრობს, თუმცა იგი ჩრდილში ყოფნას ამჯობინებს და წარსულით არ ინტერესდება.

დიმიტრი (არზაყან) ემუხვარი, „ქედუხრელი რაინდი“, საფრანგეთში, ლევილის ქართველთა სასაფლაოზე განისვენებს.

თამარ ოთიაშვილი

კომენტარები
Загрузка...