დღის თემამსოფლიოტექნოლოგიები

WI-FI დედამიწის ნებისმიერ წერტილში უფასოდ – ხვალ, თბილისის დროით 18:17 საათზე რევოლუციური პროექტი იწყება

რამდენიმე წელია, მილიარდერი ინჟინერი და გამომგონებელი ილონ მასკი (ELON MUSK) საუბრობს თავისი პროექტების შესახებ დაბალორბიტული თანამგზავრების ქსელის გაშვების თაობაზე, რომელსაც შეუძლია მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა მთელ დედამიწაზე. და თუმცა ამ პროექტის დეტალები ჯერაც საიდუმლოა, თანამგზავრების პირველი პროტოტიპები უკვე მზადაა გასაშვებად , – ამის თაობაზე ENGADJET-ი წერს.

„გეთი იმიჯის“ ფოტო

გასულ წელს SpaceX-ის ვიცე-პრეზიდენტი, რომელიც ამ მიმართულებით მიმდინარე სამუშაოებს ხელმძღვანელობს, ამბობდა, რომ პირველ სატესტო აპარატებს 2017-2018 წლის მიჯნაზე გაუშვებდნენ და პირველი მუშა თანამგზავრების ორბიტაზე გაშვება 2019 წელს დაიწყებოდა.

ახლახან კომპანიამ წერილი გაუგზავნა აშშ-ის კავშირგაბმულობის ფედერალურ კომისიას და აცნობა, რომ ორ ექსპერიმენტულ თანამგზავრს – Microsat-2a-ს და Microsat-2b-ს ორბიტაზე Falcon 9-ის მოდელის რაკეტის მეშვეობით გაუშვებენ; რაკეტა ორბიტაზე ასევე გაიყვანს რადიოლოკაციური დაკვირვების თანამგზავრს – Paz-ს, რომელიც ესპანეთის მთავრობას ეკუთვის. რაკეტის გაშვება ხვალ, 17 თებერვალს იგეგმება, თბილისის დროით 18:17 სთ-ზე, ვანდენბერგის სამხედრო-საჰაერო ბაზის ტერიტორიიდან.

ამგვარი პროექტების შესაძლო შეფერხების მიუხედავად SpaceX-ი იმედოვნებს, რომ თანამგზავრების მთელ ქსელს (4 425 სატელიტი) გაუშვებს, რაც 2024 წლისთვის ჩვენი პლანეტის ნებისმიერ წერტილში მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის გარანტირებულ ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს. პროექტის ღირებულება 10 მილიარდი აშშ დოლარია, მაგრამ ილონ მასკი ვარაუდობს, რომ შემოსავალი ამ ხარჯებს გადააჭარბებს და მოგება უფრო მასშტაბური პროექტის განხორციელებას მოხმარდება – იგი მარსზე გაფრენას და იქ დასახლების დაფუძნებას გეგმავს.

ცნობისათვის: 46 წლის ილონ მასკი კანადელ-ამერიკელი ინჟინერი, გამომგონებელი, ინვესტორი და მეწარმეა, მილიარდერი („ფორბსის“ რეიტინგით – 20 მლრდ აშშ დოლარი, 2017 წ.), კომპანია PayPal-ს დამფუძნებელი, კომპანია SpaceX-ის თანამფლობელი, დამფუძნებელი, გენერალური დირექტორი და ინჟინერი, კომპანია „ტესლას“ გენერალური დირექტორი და მთავარი იდეური სულისჩამდგმელი (Chief Product Architect).

კომენტარები

Tags

Related Articles

Back to top button
გაზიარება
Close