საზოგადოებაჩვენი ფავორიტისაქართველო

როგორ აქცია ჰოლანდიიდან საქართველოში დაბრუნებულმა გოგონამ პაპისეული ეზო ტურისტულ ცენტრად

თიკა დუღაშვილი პროფესიით ჟურნალისტი და მუსიკისმცოდნეა. დიდი საქმეების დასაწყებად ძალიან ახალგაზრდაა, თუმცა ასაკი კი არა, მონდომება და შრომისმოყვარეობაა მთავარი. თიკამ უცხოეთში იცხოვრა რამდენიმე თვე და საქართველოში დაბრუნდა ერთი სურვილით – ისეთი რამე ეკეთებინა, რომ ევროპაში შეძენილი მეგობრები და ახლობლები საქართველოში ჩამოეყვანა, ეჩვენებინა, რა ლამაზი ქვეყანა აქვს, სადაც კიდევ უფრო ლამაზი ხალხი ცხოვრობს.

ერთი წლის წინ თიკამ ძველ პროფესიებზე უარი თქვა და მოულოდნელად ისეთი საქმე წამოიწყო, რომ ოჯახიც გაკვირვებული დარჩა: სოფელში პაპის ძველი მარანი გააცოცხლა და ტურისტულ ობიექტად აქცია. დღეს ყვარლის რაიონში, სოფელ ახალსოფელში ყველა მიგასწავლით „ღვინის ეზო N1-ს“, რომელიც ტურისტული ობიექტია და აერთიანებს ოჯახური ტიპის მარანს, ეზოს, სახლს. თიკას წინაპრები მეღვინეები იყვნენ. მის პაპას მარანიც კი აუშენებია სახლთან ახლოს. წლების შემდეგ თიკამ გადაწყვიტა მამაპაპისეული ტრადიცია აღედგინა და უცხოელი სტუმრებისთვის გაეცნო. აქედან გაჩნდა „ღვინის ეზო N1-ის“ შექმნის იდეა. ერთი წლის თავზე უკვე შეიძლება იმის თქმა, რომ ეს ეზო ტურისტებისთვის უსაყვარლესი ადგილია.

– პაპა რომ ცოცხალი იყო, ამ ეზოში სიცოცხლე ჩქეფდა და საქმე არ მთავრდებოდა. ის თითქმის სულ მარანში იყო, უვლიდა და ეფერებოდა ღვინოს, საჭმელსაც კი იქვე მიირთმევდა. მარანში გვაქვს ზედაშეები – ეს სალოცავი ქვევრებია. ბებო ყოველ შაბათს ქვევრზე სანთელს ანთებდა, ეს ჩვენი ოჯახის რიტუალია, რომელსაც დღეს უკვე ტურისტებს ვაჩვენებთ. დღევანდელი გადმოსახედიდან, ვფიქრობ, პაპა ყველაზე კარგი ბიზნესმენი იყო. არც ინტერნეტი ჰქონდა, არც ფეისბუქის გვერდი, მაგრამ მისი ღვინო დაღესტანში იყიდებოდა. ჩვენი სოფელი დაღესტნის საზღვართან მდებარეობს და, ძირითადად, რუსეთში ყიდდა ღვინოს. უფრო ხშირად ლეკები მოდიოდნენ, თანამედროვე ენაზე რომ ვთქვათ, დისტრიბუტორები, რომლებსაც ღვინო და არაყი მიჰქონდათ.

„ღვინის ეზო N1-ის“ შექმნის იდეა რამდენიმე წლის წინ საზღვარგარეთ ყოფნისას გამიჩნდა. ჩემთვის ტურიზმი ყოველთვის არის ის ნამდვილი ცხოვრება, რომელიც კარგად შეფუთული „ინფრასტრუქტურული ფასადის“ მიღმა იმალება. ჰოლანდიაში რამდენიმე თვე ვიცხოვრე. ამ ქვეყანაზე სულ სხვანაირი წარმოდგენა მქონდა, მაგრამ მალე მივხვდი, რომ სინამდვილე აბსოლუტურად განსხვავდებოდა ჩემი ამ ქვეყანაზე შექმნილი სტერეოტიპისგან. ვცხოვრობდი ერთ პატარა ოკეანისპირა ქალაქში, ხშირად ვსტუმრობდი ადგილობრივ ოჯახებს, ისინი მიყვებოდნენ თავიანთი ოჯახისა და საქმიანობის შესახებ, ეს ძალიან საინტერესო აღმოჩნდა ჩემთვის… ჩავილაგებდი საგზალს და ჩემი ველოსიპედით ვსტუმრობდი პატარა ქალაქებს. უამრავი მეგობარი შევიძინე. ხშირად მეპატიჟებოდნენ სახლში და ადგილობრივი კერძებით, ტკბილეულით მიმასპინძლდებოდნენ. ვხვდებოდი მეთევზეებს, მხატვრებს, მათზე ვწერდი და ვაქვეყნებდი ჟურნალებში. მოკლედ, ეს იყო სულ სხვა თვალით დანახული ჰოლანდია და ცხოვრების წესი, განსხვავებული, პოპულარული Red light district-ისგან. ვიფიქრე, რატომ არ შეიძლება გავაკეთო ისეთი ტურისტული ობიექტი, რომელიც ჩვენს რეალურ ყოფა-ცხოვრებას ასახავს, ეს ხომ უფრო საინტერესოა?! საქართველოში რომ დავბრუნდი, მომინდა იგივე გამეკეთებინა ჩემს ქვეყანაში, მით უმეტეს, ჩემს ოჯახს აქვს მეღვნეობის ტრადიცია“.


***
თიკა დუღაშვილი ამ ოჯახის ერთ-ერთი წარმომადგენელია, რომელსაც „ღვინის ეზო N1-ის“ შექმნის იდეა პირველს გაუჩნდა, თუმცა მან მალევე დაითანხმა ოჯახის სხვა წევრებიც – დები, თამუნა და მაკა დუღაშვილები, მშობლები და ძმა. მათ ერთობლივი ძალებით ძველ სტილში მოაპირკეთეს ინტერიერი, მოაგროვეს და სტუმრებისთვის თვალსაჩინოდ გამოფინეს ოჯახის საყოფაცხოვრებო ნივთები. როგორც ისინი აცხადებენ, მეღვინეობა მათი ოჯახის უძველესი საქმიანობა იყო და ამიტომ, გადაწყვიტეს, რომ ტრადიცია ამ ფორმით გაეგრძელებინათ.

დები დუღაშვილები
თიკა

„ჩვენ არ ვთამაშობთ, უბრალოდ, ვაჩვენებთ აქ მოსულ სტუმრებს, როგორია ერთი ქართული, კახური, ტრადიციული ოჯახი, თავისი ყოფა-ცხოვრებით, წესებით და გვიხარია, რომ მათ ეს ყველაფერი ძალიან მოსწონთ. გვკოცნიან, გვეფერებიან, გვპირდებიან, რომ ისევ დაბრუნდებიან. რა მოსწონთ ჩვენთან? სითბო და ადამიანური ურთიერთობები. უამრავი რესტორანია, სადაც შეიძლება მიირთვან, მაგრამ თბილისიდან 160 კილომეტრს გადიან იმიტომ, რომ ნახონ რეალური ცხოვრება, მოამზადონ საჭმელი ჩვენთან ერთად, ღვინო გადაიღონ. რამდენიმე დღის წინ ჩემმა ერთმა ტურისტმა მთხოვა, ერთი სურვილი მაქვს, – მინდა რომ ვნახო სახლში რა წიგნები გაქვთო. ავიდა მეორე სართულზე და ერთი საათი არ ჩამოსულა, კითხულობდა… ეს არის ჩვენი მიზანიც – თავი იგრძნონ შინ…“

ეს ერთი ეზო მთელ საქართველოს იტევს და აქ მოსული სტუმარი თავს მართლა შინ გრძნობს. ამიტომაც წელიწადის ნებისმიერ დროს ამ ეზოს სტუმარი არ აკლია.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close