ჯანმრთელობარჩევები

ძახველი ჯანმრთელობისა და სილამაზისთვის

ძახველი (ლათ. VIBURNUM, რუსულად – КАЛИНА) ულამაზესი კენკრაა და თან სასარგებლოც. მის ნაყოფში ვიტამინი C 50%-ით მეტია, ვიდრე ლიმონში, ხოლო სისხლის წარმომქმნელი ელემენტის – რკინის შემცველობით ძახველი ასკილს უტოლდება.

უძველესი დროიდან ძახველის წვენს ხველებისას სვამენ, ხოლო კენკრის ნაყენს საჭმლის მონელების დარღვევის, შეშუპებისა და ღვიძლის ტკივილის დროს იყენებენ. ძახველის ფაფა თაფლთან ერთად ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო და გემრიელი ნარევია.

ძახველის ნახარში

გაციებისა და ხველების დროს 2 სუფრის კოვზი კენკრა ემალის ჭურჭელში დასრისეთ, დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, თავსახური დააფარეთ და დაბალ ცეცხლზე 15 წუთი ადუღეთ. ნახარში დოლბანდში გაწურეთ და მიიღეთ 1/3 ჭიქა, შემთბარი, დღეში 3-4-ჯერ ჭამამდე. შეგიძლიათ შაქარი ან თაფლი დაუმატოთ, თქვენი გემოვნებით.

ძახველის წვენი მაღალი არტერიული წნევის დროს

წვენი შეგიძლიათ მიიღოთ ორგვარად: კენკრას შაქარი დააყარეთ – წვენი თავისით გამოვა; ან კენკრა დასრისეთ, გაწურეთ და დაუმატეთ თაფლი, პროპორციით 1:1. მიიღეთ ერთი სუფრის კოვზი 2-3-ჯერ დღეში, ჭამამდე.

ძახველი კოსმეტიკაში

სილამაზის რეცეპტები, რომელთა მთავარი ინგრედიენტიც ძახველია, ჯერ კიდევ უძველეს დროში იყო ცნობილი და პოპულარული. ძახველის წვენი ანთების საწინააღმდეგო ნატურალური საშუალებაა და გამოიყენება ფერიმჭამელებსა და მუწუკებთან საბრძოლველად; კანი თეთრდება, ხოლო ჭორფლი ნაკლებად შესამჩნევი ხდება ან საერთოდ ქრება.

ნიღაბი ცხიმიანი კანისთვის

ერთ სუფრის კოვზ ძახველის წვენს ათქვეფილი კვერცხის გული და ერთი ჩაის კოვზი ლიმონის წვენი შეურიეთ. მიღებული მასა დაიფინეთ სახეზე (თვალის გარშემო ადგილები დატოვეთ), 15 წუთის შემდეგ კი თბილი წყლით ჩამოიბანეთ. ნიღაბი 5 დღეში ერთხელ გაიკეთეთ ერთი თვის განმავლობაში. ის ფორებს ავიწროებს, ცხიმიანობას ამცირებს და კანს ათეთრებს.

ქაფი სხეულისთვის

ნახევარ ჭიქა ძახველის წვენს 2 კვერცხის გული, ერთი სუფრის კოვზი ჟოჟობის ზეთი (ან ზეითუნის ზეთი) შეურიეთ, ნარევი მიქსერით ათქვიფეთ (1-2 წუთი), შემდეგ კი 2 სუფრის კოვზი არაყი დაუმატეთ. წაისვით სხეულზე შხაპის მიღების დროს. კანი რბილი და ელასტიკური გახდება. ქაფი მაცივარში 3-4 დღე ინახება.

მოამზადა თამარ ქავჟარაძემ

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close