რას არ გაიგებ/ფაქტებისაზოგადოებასაბერძნეთი

ჭარბწონიან ტურისტებს სანტორინზე ვირით გადაადგილება აუკრძალეს

როგორც ბრიტანული გამოცემა DAILY MAIL-ი იტყობინება, საბერძნეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ტურისტებს, რომლებიც 100 კგ-ზე მეტს იწონიან, ადგილობრივი სასაპალნე ტრანსპორტით – ვირებით მგზავრობა აუკრძალა.

სამინისტროს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ცხოველთა უფლებების დაცვას ემსახურება. უწყებას არაერთხელ მიმართეს ცხოველთა დამცველმა აქტივისტებმა და „ცხოველთა მიმართ სასტიკი მოპყრობის“ ფაქტები წარუდგინეს. ჭარბწონიანი ადამიანების გადაყვანის შედეგად, როდესაც იძულებულნი იყვნენ საათობით ეტარებინათ ზურგით მსუქანი ტურისტები, ვირებს შეუხორცებელი ჭრილობები უჩნდებოდათ და ხერხემალი უზიანდებოდათ.

ასე რომ, სანტორინელ ვირუკებს 100 კგ-ზე მძიმე ტვირთის ტარება აეკრძალათ (ერთი მსუქანი ან 2 გამხდარი ადამიანი, მაგალითად) და თან მათმა მფლობელებმა მარტო ცხოველების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე კი არ უნდა იზრუნონ, აგრეთვე, საკმარისი საკვები და წყალიც უნდა მიაწოდონ ექსპლუატაციის თუ ზონაში ლოდინის დროს.

„გეთიიმიჯის“ ფოტო

სამინისტროს დადგენილებაში დაზუსტებულია, რომ ავადმყოფი, დაჭრილი, აგრეთვე, მაკე ვირების გამოყენება გადაადგილების საშუალებად მკაცრად აკრძალულია.

ბრიტანული საიტი, აგრეთვე, იხსენებს, რომ კუნძულზე ბევრი ვირი ნამდვილი წამების მსხვერპლი იყო – კერძოდ, ისინი მთელი ზაფხულის განმავლობაში იძულებულნი იყვნენ დღეში უამრავჯერ გაევლოთ 20 წუთის გზა პორტიდან კუნძულის დედაქალაქ ფირამდე და უკან – ანუ ეტარებინათ ტურისტები პაპანაქება სიცხეში ყოველდღე 10 საათის განმავლობაში.

ცხოველთა დაცვის საზოგადოების აქტივისტების თქმით, ისინი სამინისტროს გადაწყვეტილებით კმაყოფილები არიან, თუმცა მხოლოდ ნაწილობრივ, რადგან მათ „საბოლოო მიზანს „მონების“ ცხოვრების გაუმჯობესება კი არა, მათი მთლიანი გათავისუფლება წარმოადგენს“.

ნინო ბაჯელიძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close