დღის თემალიტერატურა/წიგნებიჩვენი ფავორიტიკულტურა

თბილისი „მაგნუმის“ ფოტოებში რობერტ კაპადან მარტინ პარიმდე – ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე გამოფენა გაიხსნა

„თბილისი მაგნუმის წიგნებში“ – ასე ჰქვია ფოტოგამოფენას, რომელიც დღეს, 10 ოქტომბერს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს პავილიონში გაიხსნა. ექსპოზიციაზე უცხოელი ფოტოგრაფების მიერ თბილისში მოგზაურობის დროს გადაღებული ფოტოებია წარმოდგენილი, რომლებიც 1947 წლიდან 2018 წლამდე პერიოდს მოიცავს.

გამოფენა იწყება რობერტ კაპას მიერ 1947 წელს თბილისში გადაღებული ფოტოებით – მოგეხსენებათ, გენიალურმა უნგრელმა ომის ფოტოგრაფმა ცნობილ ამერიკელ მწერალთან, ჯონ სტაინბეკთან ერთად იმოგზაურა საბჭოთა კავშირში და საქართველოშიც ჩამოვიდა. სწორედ 1947 წელს დააარსა რობერტ კაპამ თავის თანამოაზრეებთან ერთად საერთაშორისო ფოტოგრაფიული სააგენტო Magnum Photos.

რობერტ კაპა, თბილისი, ნარიყალას ციხის ხედი, 1947 წ.
რობერტ კაპა, თბილისი, ნარიყალას ციხის ხედი, 1947 წ.
რობერტ კაპა, თბილისის ბაზარი, 1947 წ.

გამოფენას ქრონოლოგიურად ასევე „მაგნუმის“ წევრის, ცნობილი ბრიტანელი ფოტოგრაფის, მარტინ პარის მიერ 2018 წელს თბილისში გადაღებული ფოტოები ასრულებს.

ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობა 9 ოქტომბერს გაიხსნა და ერთი კვირა გასტანს. ამ ხნის განმავლობაში 20-მდე სცენაზე ქართველი ავტორების ასობით ღონისძიება გაიმართება, საქართველოს პავილიონში მოწყობილ 2 სცენაზე კი 72 ქართველი ავტორი უცხოელ მკითხველს შეხვდება. გამოფენილია ქართული ლიტერატურის 300-მდე უცხოენოვანი თარგმანი.

მოგეხსენებათ, წლეულს საქართველოს საპატიო სტუმრის სტატუსი აქვს. Georgia Made by Characters („ანბანით მოთხრობილი საქართველო“) – ასეთია ქართული პროგრამის კონცეფცია ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე. ეს შესანიშნავი პროექტი, ერთი მხრივ, უნიკალურ ქართულ ანბანს და დამწერლობას აცნობს მნახველს, მეორე მხრივ კი, საქართველოსთვის სახასიათო ამბებს და პერსონაჟებს უჩვენებს.

იხ. ვიდეო „ანბანით მოთხრობილი საქართველო“:

 

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close