სავაჭრო ომი ორ სუპერსახელმწიფოს შორის მსოფლიოს ცუდ ამბებს უქადის

1218
„შატერსტოკის“ ფოტო

აშშ-სა და ჩინეთს შორის მიმდინარე „სავაჭრო ომი“ მსოფლიოს „უფრო ღარიბ და საშიშ ადგილად აქცევს“, – ეს განცხადება საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) გააკეთა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

სავალუტო ფონდის მთავარი ეკონომისტის თქმით, სავაჭრო ბარიერები მომავალში ზიანს მოუტანს ეკონომიკის ყველა სფეროს, საყოფაცხოვრებო ნივთების წარმოებით დაწყებული, მსხვილი კორპორაციებით დამთავრებული.

3 ოქტომბერს ჩინეთში აშშ-იდან ნავთობის იმპორტი მთლიანად შეწყდა. ამის შესახებ ნავთობის გადამზიდავი უმსხვილესი კომპანიის, China Merchants Energy Shipping-ის (CMES) პრეზიდენტმა სე ჩუნლინმა განაცხადა ჰონკონგში გამართულ საზღვაოსნო სამიტზე. ქვეყნებს შორის გაჭიანურებული სავაჭრო დაპირისპირების ფონზე ნავთობის ჩინელმა იმპორტიორებმა გადაწყვიტეს, აღარ იყიდონ ეს საწვავი აშშ-ისგან, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი სხვა პროდუქციისგან განსხვავებით, ნავთობი აშშ-ის მხრიდან გაზრდილი ტარიფებით არ იბეგრება. მანამდე აშშ-იდან ჩინეთში ნავთობის საზღვაო გადაზიდვა ინტენსიურად მიმდინარეობდა. სანაცვლოდ ჩინეთი ირანის ნავთობზე აკეთებს აქცენტს.

„სავაჭრო ომი“ ან, იგივე, „ბაჟების ომი“ პეკინსა და ვაშინგტონს შორის 6 ივლისს გაჩაღდა, როდესაც შტატებმა ჩინეთიდან შეტანილ 818 სახეობის საქონელზე 25%-იანი გადასახადი დააწესა. ჩინეთმა ამ ნაბიჯს ანალოგიურადვე უპასუხა და 23 აგვისტოდან აშშ-ის 659 სახეობის პროდუქციაზე, რომლის საერთო ღირებულება 16 მილიარდი დოლარია, 25%-იანი საბაჟო გადასახადი აამოქმედა – ტარიფი, ძირითადად, შეეხო ნავთობს, ლითონის პროდუქციას, მანქანებსა და სამედიცინო აღჭურვილობას.

ამის საპასუხოდ აშშ-ის ხელისუფლებამ კიდევ 279 დასახელების ჩინური პროდუქტის სია (16 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების საქონელი) გამოაქვეყნა, რომელთა მიმართ 23 აგვისტოდან 25%-იანი საბაჟო ტარიფი ამოქმედდა.

როგორც ცნობილია, ტრამპმა მიმდინარე წლის 8 მარტს ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც, ფოლადის იმპორტზე 25, ალუმინის იმპორტზე კი – 10%-იანი საბაჟო გადასახადი დაწესდა. 31 მაისს შეერთებულმა შტატებმა ევროკავშირის ქვეყნებს, კანადასა და მექსიკას ფოლადისა და ალუმინის იმპორტზე ტარიფი დაუწესა. „დიდი შვიდიანის“ ქვეყნების ფინანსთა მინისტრებმა აშშ-ის გადასახადებს „დესტრუქციული“ უწოდეს.

ამ ფონზე ურთიერთობა ჩინეთსა და ამერიკას შორის საკმაოდ დაძაბულია და ის მთელ მსოფლიოზე ახდენს გავლენას. საერთაშორისო სავალუტო ფონდი სწორედ ამ დაპირისპირების გამო ვარაუდობს მთელ მსოფლიოში მოვლენების არასახარბიელო განვითარებას.

კომენტარები
Загрузка...