ბროკოლის ჯანსაღი და გემრიელი კრემსუპი

267

ბროკოლის კრემსუპის ეს ვერსია ყველაზე გემრიელია, თანაც ძალიან სასარგებლო და მსუბუქი; რაც მთავარია, ძალიან ადვილი გასაკეთებელია, სულ რაღაც 30-40 წუთი სჭირდება. შეიტანეთ თქვენი ოჯახის მენიუში კვირაში ერთხელ მაინც და ოჯახის წევრებს ვიტამინებით მოამარაგებთ.

საჭირო პროდუქტი 4 დიდი ულუფისთვის:

300 გ ბროკოლი (უმჯობესია ქორფა, მომცრო ზომის თავები), ერთი ცალი პატარა წითელი ბულგარული წიწაკა (დაახლ. 50 გ; მე პირადად არ მიყვარს ბულგარულის გემო ბროკოლის წვნიანში და ერთი ცალი საშუალო ზომის პომიდვრით ვცვლი; პომიდორს უნდა დაასხათ მდუღარე წყალი და კანი გააცალოთ), ერთი პატარა თავი ხახვი, 100 გ კარტოფილი, ორი ღერი ოხრახუში, ნახევარი სტაფილო (დაახლ. 50 გ), 50 გ ნაღების კარაქი, 60-100 მლ ნაღები (მე ვყიდულობ 10 გ-იან ნაღებებს ყავისთვის და იმას ვიყენებ ხოლმე ამ კრემსუპშიც; თუ არ გაქვთ, ნაღების გარეშეც იოლად გახვალთ), 200 გ ყველი (ნებისმიერი მაგარი სახეობის ყველი შეგიძლიათ გამოიყენოთ, თუმცა ძალიან უხდება პარმეზანი და სულგუნი), მარილი, შავი პილპილი გემოვნებით. შეგიძლიათ უყოთ ცოტაოდენი კოჭაც (თუ გიყვართ, რა თქმა უნდა).

მომზადების წესი: გათალეთ კარტოფილი, გარეცხეთ, დაჭერით და მოხარშეთ ნელ ცეცხლზე, მოხარშვამდე ცოტა ხნით ადრე დაუმატეთ 2-2 ღერი ოხრახუში და კამა. სანამ კარტოფილი იხარშება, დაჭერით ხახვი, სტაფილო, ბულგარული წიწაკა და ნელ ცეცხლზე მოშუშეთ 50 გ კარაქში (პერიოდულად ცოტაოდენი წყალი დაუმატეთ, რომ არ გაგიშავდეთ და მიგეწვათ; სტაფილო კარგად უნდა დარბილდეს მოშუშვისას). სანამ ესენი იშუშება, დადგით ქვაბით წყალი ასადუღებლად; გარეცხეთ ბროკოლი და დაშალეთ ყვავილედებად; ძირიც გათალეთ და დაჭერით კარტოფილივით; ბროკოლის ქორფა ფოთლებიც არ გადაყაროთ, ისინიც სასარგებლოა. წყალი რომ ადუღდება, ჩაყარეთ ზომიერად მარილი და მოწალეთ ბროკოლი (3-4 წუთი საკმარისია; ძირებს და ფოთლებს უფრო მეტი დრო სჭირდება, დაახლ. 5-6 წუთი); აადუღეთ ჩაიდნით წყალი. გადაიტანეთ ბლენდერში მოწალული ბროკოლი (რამდენიმე ყვავილედი დატოვეთ გასალამაზებლად), დაუმატეთ ტაფაზე მოშუშული ბოსტნეული, მოხარშული კარტოფილი და ოხრახუში, კანგაცლილი პომიდორი (თუ პომიდორს გამოიყენებთ ბულგარულის ნაცვლად), დაასხით ცოტა ადუღებული წყალი და დააბლენდერეთ. ერთგვაროვანი კრემოვანი მასა უნდა მიიღოთ, თხელი ფაფის სისქის.

თუ სქელი გამოვიდა, ცოტა ადუღებული წყალი ან რძე დაუმატეთ, ოღონდ ფრთხილად, ძალიან არ გაგითხელდეთ. კარგად დაბლენდერებული მასა გადაიტანეთ ქვაბში და ადუღეთ 1-2 წუთს (სულ ურიეთ ხის კოვზით, თორემ ძირზე მიიკრავს). ბოლოს შეაზავეთ მარილით და შავი პილპილით (შავი პილპილი უშუალოდ ჭამის წინაც შეგიძლიათ დაუმატოთ), აგრეთვე, კოჭათი, სურვილისამებრ.

გახეხეთ მსხვილ სახეხზე ყველი და კრემსუპში ჩაყარეთ უშუალოდ ჭამის წინ, სურვილისამებრ, აგრეთვე, შეგიძლიათ ჩაასხათ 10-20 გ ნაღები, ძალიან უხდება. მიირთვით კრემსუპი პურის პატარა ორცხობილებთან (ე. წ. კრუტონებთან) ერთად, რომელთა მომზადება მარტივად თავადვე შეგიძლიათ წინასწარ: დაჭერით დაახლ. 2-სანტიმეტრიან კუბებად პურის ნაჭრები და აერღუმელში გახუხეთ დაბალ ტემპერატურაზე, ან ტაფაზე დაყარეთ და დაბალ ცეცხლზე გახუხეთ, თან პერიოდულად ურიეთ. მე ტაფაზე ვყრი და ზოგჯერ ცოტაოდენ ზეთს დავაწკაპებ ხოლმე.

კირა კარიაული

კომენტარები
Загрузка...