ქართველები უცხოეთშიხელოვნებაინტერვიუ

ეკა ფერაძე – მხატვარი და მრავალშვილიანი დედა, რომელმაც მეორე სამშობლო გერმანიაში იპოვა

„ბუნებით მშვიდი ადამიანი ვარ და გერმანიაში წასვლა ამიტომ გადავწყვიტე – წყნარ და დალაგებულ, კანონმორჩილ ქვეყანაში; 1995 წლიდან ბერლინში ვცხოვრობ. როცა საქართველო დავტოვე, არასტაბილური მდგომარეობა იყო, ჩემი შემოქმედების განვითარებისთვის ასე ვარჩიე, ჩემი ქვეყნისთვისაც უცხოეთიდან უფრო გამოსადეგი ვიქნებოდი, რასაც დღეს აქტიურად ვცდილობ. ნამდვილად არ ვნანობ ამ ნაბიჯს, რადგანაც დიდი გამოცდილება მივიღე გერმანიაში და ეს ქვეყანა ჩემი მეორე სამშობლო გახდა“, – ამბობს ეკა ფერაძე, ბერლინში მცხოვრები ქართველი მხატვარი, 5-შვილიანი ოჯახის დედა.

ეკა, როგორ ფიქრობთ, საქართველოში რომ დარჩენილიყავით, ვერ მიაღწევდით თქვენს მიზანს და თქვენს ადგილს ვერ იპოვიდით?

როცა წავედი, ამის არანაირი პირობა არ არსებობდა, სამწუხაროდ. შესაძლოა ბევრმა თქვას: „ჩვენ თუ გავუძელით?!“ – ყველა ადამიანი თვითონ ირჩევს საკუთარი ცხოვრების გზას და ეს ჩემი არჩევანი იყო. მეც გავუძელი სრულიად პატარამ ბევრ რამეს: უშუქობას, ტალონებზე პურს, ნავთის სუნში ცხოვრებას; 14 წლიდან ვმუშაობდი, მაგრამ ცუდი არ იქნებოდა, იქ მეცხოვრა, სადაც ბავშვებს ბავშვობა აქვთ. პატარა ვიყავი, როცა მამა დამეღუპა, გულით ავადმყოფი დედა მყავდა და უცხოეთიდან უფრო შევძლებდი დახმარებას. ერთ-ერთი მიზეზი იყო, ასევე, ჩემი ოჯახის დიდი სიყვარული – მინდოდა, ჩემს შვილებს წყნარი ცხოვრება ჰქონოდათ და არა ისეთი, როცა 14 წლის ბავშვი სამუშაოს ეძებს. 14 წლის ბავშვმა განათლება უნდა მიიღოს! სამწუხაროდ, დღეს კიდევ ტოვებენ ადამიანები საქართველოს…

პროფესიით მხატვარი ხართ?

დიახ, პროფესიით მხატვარი ვარ. სიმართლე გითხრათ, ცხოვრებამ უფრო გამიღვიძა სურვილი, ხატვა გამეგრძელებინა. წლები გავიდა, მიტოვებული მქონდა ხატვა, მაგრამ ყოველდღე იზრდებოდა სურვილი… შესაძლოა არც დამეწყო, რომ არა ჩემი მეუღლის ხელშეწყობა. ადამიანმა ის უნდა აკეთოს, რაც აბედნიერებს. და ეს მე მაბედნიერებს დღეს, თან ინახავს არა მარტო ჩემს ოჯახს, არამედ ძალიან ბევრ ადამიანს…

რა არის თქვენი შთაგონების წყარო?

ჩემი ოჯახი. მსურს ვიყო განსხვავებული და მუდამ მაგალითი ვიყო ჩემი შვილებისთვის. ჩემს ცხოვრებას ჩემს ოჯახს ვჩუქნი.

ძირითადად, ით ხატავთ?

ადრე ზეთის საღებავებით ვხატავდი, მაგრამ მერე აკრილი ვამჯობინე – უფრო სუფთა სამუშაოა ჩემთვის. აგრეთვე, დროსაც ვიგებ აკრილით მუშაობის დროს, რადგან მალე შრება.

ყოველთვის წინასწარ იცით, რა უნდა დახატოთ, თუ ეს ყველაფერი განწყობას უკავშირდება?

ბევრისგან მსმენია, რომ რამის შესაქმნელად განწყობა, მუზაა საჭირო. მე ამ აზრს არ ვეთანხმები. ყველაფერი ჩემშია. ადრე 4 წელი ველოდე მუზას, მაგრამ თურმე სხვაგვარად არის საქმე. განწყობას მუზისთვის მე თვითონ ვქმნი და ეს შესაძლებელია. წინასწარ ვგეგმავ, რისი დახატვაც მსურს, კარგად დავინახავ და შემდეგ ტილოზე გადავიტან, მაგრამ არასდროს ვხატავ მარტო ჩემი თვალით დანახულს, მაქსიმალურად ვცდილობ, სხვა ადამიანების თვალითაც დავინახო, იმ ადამიანების თვალით, რომლებსაც სილამაზის შეგრძნება აქვთ. ამიტომაცაა, რომ ჩემს ხელოვნებას ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავს – ამას დარწმუნებით ვიძახი იმიტომ, რომ საკმაოდ ბევრი ადამიანი აგროვებს ჩემს ნამუშევრებს.

დიდ დროს ანდომებთ ხატვას?

არ მიყვარს ერთი ნამუშევრის დიდხანს ხატვა, ამიტომ გადავედი აკრილის საღებავებზე. ერთი სული მაქვს, ჩემი თვალით დანახული თემა დროულად დავხატო; პრინციპში, ნახატი უკვე დახატული მაქვს თავში და ტილოზე გადატანა ოსტატობაზეა დამოკიდებული, რაც ჩემთვის ადვილია. საკმაოდ ბევრი ნახატი მიტრიალებს თავში და ყველა მინდა ტილოზე გადმოვიტანო. უნდა გავთავისუფლდე, თორემ ნახატი სანამ არ გადმოვა ჩემი თავიდან ტილოზე, არ მასვენებს და დეპრესია შეიძლება დამემართოს. დავხატავ თუ არა, თავისუფალი ვარ. სულ მინდა ხატვა, ყოველ წუთს და ამაში ჩემი ოჯახის ყველა წევრი ხელს მიწყობს – დიდი მადლობა მათ და მადლობა უფალს ასეთი ოჯახისთვის.

გაქვთ ისეთი ნახატი, რომელიც გამორჩეულად მოგწონთ და, მისი ისტორიიდან გამომდინარე, თქვენთვის უფრო ძვირფასია, ვიდრე სხვა დანარჩენი?

დიახ მაქვს, ის ჩემს პირად კოლექციაში ინახება და სამუდამოდ იქ დარჩება. ეს არის დელფინი ჩარჩოდან, სახელად დადუ – პირველი 3D, რომელმაც სრულიად შეცვალა ჩემი ცხოვრება. ამ დელფინმა გახსნა 3D ხედვა ჩემში. ძალიან ბევრი 3D ნამუშევარი მაქვს შექმნილი, მაგრამ ვთვლი, რომ მაგაზე ძლიერი ჯერ ვერ შევქმენი. ეტყობა ძალიან მიყვარს.

როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

ჩემი მიზანია, ისეთი რამ შევქმნა, რომ ჩემი სახელი ყველამ იცოდეს; ვაპირებ გამოფენებში მონაწილეობას… ჩემი სახელი რომ ცნობილი გახდება, კიდევ ბევრ ადამიანს დავუდგები გვერდში, გზას ვასწავლი. ეს არის ჩემი გეგმები. კიდევ მნიშვნელოვანი გეგმაა ჩემი ოჯახის გამრავლება. 🙂

ვიცი, რომ მრავალშვილიანი დედა ხართ, გაგვაცანით თქვენი ოჯახის წევრები…

როცა ადამიანი იტყვის, ისეთი ბედნიერი ვარ, დღესვე რომ წავიდე ამ სამყროდან, მზად ვარ, გული არ დამწყდებაო (ეს სიტყვები ჩემს მეუღლეს ეკუთვნის)… მიხარია, რომ ასეთი ოჯახი შევქმენით.

5 შვილი გვყავს: 4 ბიჭი და ოცნების ქალიშვილი. ჯაბა საქართველოში დაიბადა 27 წლის წინ, პროგრამისტია; გიორგი საქართველოში დაიბადა 24 წლის წინ, დღეს NIKE-ი უწევს სპონსორობას სკეიტბორდში და NIKE-ისთვის გადაღებულ ვიდეორგოლებში მონაწილეობს. შესაძლოა 2020 წელს საქართველოს სახელით გავიდეს ოლიმპიადაზე – უკვე თითქმის გადაწყვეტილია.

დავითი ბერლინში დაიბადა, 18 წლის გახდა, მე-12 კლასში სწავლობს. ამადეუს-სალვადორეც ბერლინში დაიბადა, ჯერ 5 წლისაა და საბავშვო ბაღში დადის; ჩემი ნანატრი ქალბატონი მატილდა, რომელსაც 25 წელი ველოდებოდი, 1 წლის გახდა – ისიც ბერლინში დაიბადა.

ბედნიერი ვარ და დიდ მადლობას ვუხდი უფალს.

რას ეტყოდით ჩვენს მკითხველს და თქვენი შემოქმედების თაყვანისმცემლებს?

მე საკმაო ცხოვრებისეული ცოდნა შევიძინე და შემიძლია ვთქვა, რომ არაფერს აქვს მნიშვნელობა – მხოლოდ იმ დროს, იმ წამს, რა დროშიც იმყოფებით. იმ წამში იყავით ბედნიერი. ჩემი რჩევაა, იპოვეთ  საკუთარი ბედნიერი წუთი და იქ იცხოვრეთ, დროს ნუ დაკარგავთ სხვა რამეში, საკუთარი ბედნიერებისთვის გამოიყენეთ!

ყველა ქართველს, მსოფლიოს ყველა ადამიანს მშვიდობიან ცას და ჯანმრთელობას ვუსურვებ.

ყველა მიყვარხართ.

ესაუბრა ქეთი კვირკველია

ეკა ფერაძის შემოქმედების გაცნობა შეგიძლიათ მის ფეისბუქგვერდზე: https://www.facebook.com/pg/EkaPeradzeART/photos/?ref=page_internal

კომენტარები

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close