მოდა/სილამაზე

ქართველი მოდელი მსოფლიო სილამაზის კონკურსზე იტალიას წარადგენს

ლამაზ სხეულში ლამაზი სულიაო, სწორედ ქრისტინა კეკუტიაზეა ნათქვამი. 22 წლის ქართველი მოდელი იტალიის სახელით გამოვა მსოფლიო სილამაზის კონკურსზე, რომელიც რამდენიმე დღეში ჩინეთში გაიმართება. ქრისტი უკვე ჩინეთშია და კონკურსისთვის ემზადება.

ქრისტი, მსოფლიო სილამაზის კონკურსზე იტალიის სახელით გამოდიხარ, ეს როგორ მოხდა?

იტალიის მხრიდან მივიღე შემოთავაზება, რაც დიდ პატივად ჩავთვალე და დავთანხმდი. მიყვარს იტალიელები და მათი კულტურა, რომელიც ჩემთვის უცხო არ არის, რადგან ხშირად მიწევს ამ ქვეყანაში ყოფნა.

ალბათ ძალიან საპასუხისმგებლოა შენთვის, არა?

რა თქმა უნდა! ამ კონკურსზე უნდა გამოვიდე არა მარტო, როგორც მოდელი, არამედ უნდა წარმოვაჩინო ინტელექტი და ტალანტი; ჩემთან ერთად იტალიის ელჩიც იქნება. ცოტას ვნერვიულობ, მაგრამ მჯერა, ყველაფერი კარგად ჩაივლის…

უცხოეთში კონკურსებში დიდი ხანია მონაწილეობ?

17 წლიდან დავიწყე უცხოეთში კონკურსებზე გამოსვლა. პირველი კონკურსი, რომელშიც ვმონაწილეობდი, იყო „Miss World Peace“; სამეულში მოვხვდი და ავიღე ტიტული „Perfect Body“.

სერიოზულ პროექტებში გიწვევენ და მოდელობა შენს ძირითად პროფესიად ხომ არ იქცა?

მოდელობა არ არის ჩემთვის პროფესია, მაგრამ სერიოზულ პროექტებზეც არ ვამბობ უარს. ჩემი მიზანია ექიმობა, რომელსაც აუცილებლად მივაღწევ. სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ვსწავლობ, მეხუთე კურსზე ვარ, მინდა ენდოკრინოლოგი გავხდე. რაც მთავარია, მოდელობა და კონკურსებში მონაწილეობა სწავლაში ხელს არ მიშლის.

როგორც ვიცი, კარგად უკრავ ფორტეპიანოზე, მუსიკა შენი ჰობია?

მუსიკა ჩემთვის ჰობიზე მეტია. 5 წლის ასაკიდან ვუკრავ ფორტეპიანოზე, თუმცა კონსერვატორიაში სწავლის გაგრძელებას სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტობა ვამჯობინე… დღემდე ვწერ კომპოზიციებს და თითქმის ყოველდღე ვუკრავ.

შენს თაყვანისმცემლებზე რას გვეტყვი? თავად თუ ხარ შეყვარებული?

თაყვანისმცემლები, რა თქმა უნდა, მყავს, მაგრამ შეყვარებული არ ვარ. საერთოდ, ამ თემას ძალიან სერიოზულად ვეკიდები. ჩემ გვერდით ნამდვილად ღირსეული ადამიანები არიან, მაგრამ საკუთარი ცხოვრება რომ დავუკავშირო, ადამიანს ბოლომდე უნდა ვენდობოდე და ვხედავდე, რომ მისთვის მართლა მნიშვნელოვანი ვარ. ვერ ვიტყვი, რომ ეს ჯერ არავის გაუკეთებია, მაგრამ არის რაღაც უფრო მნიშვნელოვანი, რაც ამ ეტაპზე მაყოვნებს.

უფრო კონკრეტულად? კარიერას ხომ არ ეხება?

ზოგადად, ძალიან პოზიტიური ადამიანი ვარ, მომავალს ოპტიმისტურად ვუყურებ. ძალიან მინდა, კარგი ექიმი ვიყო და ხალხი მენდობოდეს. შრომა არ მეზარება და ჩემს მიზანს აუცილებად მივაღწევ.

რას ეტყოდი ჩვენს მკითხველს?

თქვენს მკითხველს ვეტყოდი, რომ ყველაფერი საუკეთესო ჯერ კიდევ წინ არის, ცხოვრებაში არ არსებობს დაუძლეველი ბარიერი, მთავარია საკუთარი თავის რწმენა გქონდეს.

ქრისტი, წარმატებას გისურვებ მსოფლიო სილამაზის კონკურსზე და, ზოგადად, ცხოვრებაში.

დიდი მადლობა!

ესაუბრა ქეთი კვირკველია

კომენტარები

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close