ეკატერინე სააკაძე ამერიკაში მცხოვრებ ქართველებს საქართველოდან ეხმარება ენის ბარიერის დაძლევაში

7180

„ამერიკის საელჩოს ორგზის უარის მიუხედავად მტკიცედ მაქვს გადაწყვეტილი შტატებში გამგზავრება და მჯერა, რომ ოცნებას ავისრულებ. როგორც გაბრიელ გარსია მარკესი ამბობს: „ნუ გამოავლენ ესოდენ ძალისხმევას, ყველაფერი საუკეთესო მოულოდნელად ხდება“. ჰოდა, მეც ამის იმედი მაქვს“, – ამბობს ეკატერინე სააკაძე.

რომელი უნივერსიტეტი დაამთავრეთ?
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი, ინგლისურენოვანი.

რატომ გადაწყვიტეთ დახმარებოდით ქართველ ემიგრანტებს ენის დისტანციურად შესწავლაში?
დაახლოებით ორი წლის წინ დავიწყე თბილისში მუშაობა ერთ-ერთ კერძო სასწავლებელში. პარალელურად ავიყვანე მოსწავლე დისტანციურად და ამის შემდეგ გადავწყვიტე ამ საქმის გაფართოება. დავუკავშირდი ამერიკაში მცხოვრებ ემიგრანტებს, გავაცანი ჩემი თავი, გავუზიარე სურვილი და ასე დაიწყო ყველაფერი.

ეს თქვენი დამატებითი შემოსავლის წყაროა?
კი, მაგრამ უფასოდაც ვატარებ გაკვეთილებს სხვადასხვა ჯგუფში. ვცდილობ დავეხმარო ემიგრანტებს ენის ბარიერის დაძლევაში.

როგორია თქვენი დღის რეჟიმი და უქმე დღეებში რით ხართ დაკავებული?
სამი თვის წინ გავხსენი სასწავლო ცენტრი. სწავლება ამერიკის დროით ღამის 2 საათზე იწყება, ანუ ჩვენი დროით დილის 6 საათზე და მთელი დღე გაკვეთილებს ვატარებ. ფაქტობრივად, მეორე დილის 9.30-მდე ვმუშაობ. მხოლოდ მაშინ ვისვენებ, როცა ვიღაცას არ სცალია. რაც შეეხება უქმეებს, ასეთი დრო არც მაქვს. იშვიათად თუ ვერთობი მეგობრებთან ერთად.

ინგლისური ენის სწავლების გარდა რით ხართ დაინტერესებული?
ფილოლოგობა ჩემი მოწოდებაა. ჰობის და ინტერესს რაც შეეხება, ძალიან მიყვარს ხატვა.

რამე შემთხვევას ხომ ვერ გაიხსენედით ემიგრანტ მოსწავლეებთან ურთიერთობისას?
თავიდან ამ საქმის პარალელურად თბილისის მე-11 საჯარო სკოლაში ვმუშაობდი ინგლისური ენის მასწავლებლად. საკმაოდ დატვირთული გრაფიკით მიწევდა მუშაობა, მახსოვს, საღამოს ამერიკაში მცხოვრებ ბიჭს ინტერნეტით ვუტარებდი გაკვეთილს, უნებლიეთ შუა კითხვის დროს ჩამთვლიმა და, ალბათ სკოლის გაკვეთილები მქონდა ჩარჩენილი გონებაში, ჩემივე სიტყვებმა გამომაფხიზლა, ვამბობდი: დაჯექი, კარგი გოგო ხარ-მეთქი; ახლაც მეცინება, კიდევ კარგი, ვერ გაიგონა.

როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
დიდი სურვილი მაქვს, ჩემი სკოლა იყოს პოპულარული და რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა იცოდეს, რომ ბევრ სხვა სასწავლებელთან ერთად არსებობს Ketrin’s English School-იც. აგრეთვე, საელჩოს ორგზის უარის მიუხედავად, ვგეგმავ ამერიკის მონახულებას.

რას ეტყვით ქართველ ემიგრანტებს?
ვუსურვებ გამძლეობას, ნათელ და ღირსეულ მომავალს, სურვილების ასრულებას და მიზნების განხორციელებას და კეთილდღეობას.

ესაუბრა ქეთი კვირკველია

კომენტარები
გაზიარება