ქართველები უცხოეთშიინტერვიუსაბერძნეთი

ირმა აროშვილი: „არაერთი ბერძენი მოზარდიც ამიმღერებია ქართულად“

„ჩემს მისიად მიმაჩნია, აქ, საბერძნეთში ემიგრანტ ქართველ ბავშვებს არ გავუნელო ქართული სიმღერისადმი სიყვარული. სხვათა შორის, არაერთი ბერძენი მოზარდიც ამიმღერებია ქართულად“, – ამბობს ირმა აროშვილი, საბერძნეთში მოღვაწე ქართველი მუსიკოსი, რომელმაც ოჯახი საბერძნეთში შექმნა და ახლა თავის ბერძენ მეუღლესა და 3 არაჩვეულებრივ შვილთან ერთად ათენში ცხოვრობს და მოღვაწეობს.

ქალბატონო ირმა, რა მიზნით გაემგზავრეთ საქართველოდან საბერძნეთში?
საქართველოდან, ჩემი აზრით, ყველა ერთი  მიზნით მიდის – გაიუმჯობესოს ცხოვრების პირობები.

რა პროფესიის ხართ და სად მიიღეთ განათლება?

პროფესიით  მუსიკოსი ვარ, ვსწავლობდი საესტრადო ხელოვნების სახელმწიფო სასწავლებელში და შემდეგ – თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტში, ორ ფაკულტეტზე.

ამჟამად რას საქმიანობთ?
ამჟამად სიმღერის ტექნიკას და სხვადასხვა მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრას ვასწავლი ათენში როგორც ქართველ ემინგრატებს, ისე ბერძნებს.

დაოჯახებული ხართ?
კი, ჩემი მეუღლე ბერძენია; გვყავს სამი შვილი – ორი გოგონა და ერთი ბიჭი.

თქვენს შვილებსაც აქვთ მუსიკალური ნიჭი?
დიახ, ჩვენს ოჯახში ყველა მღერის: უფროსი ქალიშვილი – მარი მუსიკალურ კოლეჯში სწავლობს და კოლეჯთან არსებული ჯაზბენდის სოლისტია; იგი უკვე ოთხ ინსტრუმენტს ფლობს. შუათანა – ნანსი წელს მოხვდა მუსიკალურ გიმნაზიაში. ორივეს ძალიან უყვარს სიმღერა, დედასავით.

წლების განმავლობაში ვმუშაობდი მუსიკის და ვოკალის პედაგოგად მუსიკალურ გიმნაზიებსა და სატელევიზიო არხ ANT1-ზე,  FAME STYDIO-ში; ჩემს შვილებთან ერთად ხშირად მიმიღია მონაწილეობა სხვადასხვა ღონისძიებასა და ფესტივალში. არ შეიძლება, არ აღვნიშნო ის ფაქტიც, რომ მარიმ და ნანსიმ  მონაწილეობა მიიღეს სამ ცნობილ მუსკომედიურ სპექტაკლში: ANNIE,  ΜΕΛΩΔΙΑ ΤΗΣ ΕΥΤΙΧΙΑΣ და BILLY ELIOT. ამ სპექტაკლებში მონაწილეობისთვის მათ ქასტინგი გაიარეს და კონკურსში გაიმარჯვეს.

თავისუფალი დრო როგორ ატარებთ?

დამავიწყდა, რას ნიშნავს თავისუფალი დრო.

მიყვარს ჩემი ოჯახის წევრებთან ერთად გასეირნება და დასვენება, მაგრამ ჩვენი გადატვირთული პროგრამა ამის  საშუალებას ხშირად არ გვაძლევს.

როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
სამომავლოდ  ბევრი გეგმა მაქვს. სანამ საბერძნეთში ჩამოვიდოდი, 1990-იდან 1999 წლამდე ფილარმონიასთან არსებულ გოგონათა კვარტეტს, „ხმებს“ ვხელმძღვანელობდი, ამიტომაც ხშირად ჩავდივარ საქართველოში, რომ გოგონებს შევხვდე და განახლებული პროგრამით წარვდგეთ მაყურებლის წინაშე სხვადასხვა ტელეგადაცემაში. აგრეთვე, ჩემს მისიად მიმაჩნია, აქ, საბერძნეთში ემიგრანტ ქართველ მოზარდებს არ გავუნელო ქართული სიმღერისადმი სიყვარული. სხვათა შორის, არაერთი ბერძენი ბავშვიც ამიმღერებია ქართულად.

საქართველოში დაბრუნებას თუ აპირებთ და როდის?

ოჯახი საბერძნეთში შევქმენი. ვცდილობ მეუღლესთან, თოდორისთან და შვილებთან ერთად ხშირად ვესტუმრო საქართველოს, რომ არ გაწყდეს ნათესაური კავშირი – შვილიშვილებს მონატრებულ ბებიასა და პაპასთან ჩახუტება ერთ რამედ ღირს. სამუდამოდ დაბრუნებაზე საუბარი კი, ცოტა არ იყოს, რთულია ჩემთვის.

რას ეტყოდით ქართველ ემიგრანტებს?

ყველას ვუსურვებ სულის მხნეობას, ნოსტალგიის დაძლევას, იმედი არასდროს დაგეკარგოთ! ცხოვრება ბრძოლაა…

ესაუბრა ქეთი კვირკველია

კომენტარები

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close