ახალგაზრდა ქართველი ემიგრანტი ლონდონის მსხვილი კომპანიის მეწილეა

3124

ირინა გუჯაბიძე  10 წელია ლონდონში ცხოვრობს და ერთ-ერთ მსხვილ კომპანიაში მარკეტინგის და კომუნიკაციების დეპარტამენტს ხელმძღვანელობს. იგი ამავე კომპანიის მეწილეა მას შემდეგ, რაც თავისი პროექტებით მას მოგება მოუტანა. როგორ მოხვდა ქართველი გოგონა ფოთიდან ლონდონში და როგორ მოახერხა თავის დამკვიდრება და წარმატების მიღწევა? ირინა გუჯაბიძეს ჩვენი კორესპონდენტი ესაუბრა.

ირინა, დიდ ბრიტანეთში თავის დამკვიდრება რომ რთულია, ეს ყველამ ვიცით, მაგრამ კონკრეტულად რა სიძნელეების გადალახვა უწევთ ემიგრანტებს?

არა მხოლოდ ბრიტანეთში, არამედ, ვფიქრობ, ნებისმიერ უცხო ქვეყანაში ემიგრანტები ეჯახებიან  პრობლემებს, როგორიცაა: უცხო გარემოსთან შეგუება, აკლიმატიზაცია, გადართვა ადგილობრივ სოციალურ წესრიგზე და თავის დამკვიდრება იქ, სადაც არავინ გიცნობს.

როგორ მოახერხე, რომ ლონდონის ერთ-ერთი მსხვილი კომპანიის მეწილე გახდი?

მუშაობით. სამუშაო საათების დასრულების შემდეგაც ოფისში ვრჩებოდი, რომ დედლაინები მომესწრო, მიუხედავად იმისა, რომ ოვერთაიმებისა და დამატებითი სამუშაოს შესრულებისთვის არავინ არაფერს მიხდიდა. რა თქმა უნდა, ნებისმიერი კომპანიისთვის ღირებულია ისეთი თანამშრომელი, რომელიც მონდომებით ასრულებს დაკისრებულ მოვალეობას.

ამასთანავე, პროექტები, რომლებიც მე წამოვიწყე, მომგებიანი აღმოჩნდა კომპანიისთვის. მათ დაინახეს ჩემში ის, რაც შეიძლება გუნდში მანამდე აკლდათ. როდესაც კომანიის წილი შემომთავაზეს, ვერ ვიჯერებდი, სანამ დოკუმენტურად გაფორმებული არ ვნახე…

10 წელია, რაც ემიგრაციაში იმყოფები. როგორც ვიცი, დაოჯახებული ხარ. ვინ არის  თქვენი მეუღლე?

ჩემი მეუღლე პროფესიით ეკონომისტია. სწორედ მის გამო აღმოვჩნდი ლონდონში. ერთმანეთი ფოთში  გავიცანით, იგი ლონდონში ცხოვრობდა და ფოთში ჩამოვიდა… ყველაფერი გააკეთა, რომ მეც მასთან ერთად წავსულიყავი ბრიტანეთში. ამჟამად ერთად ვმუშაობთ. მე მარკეტინგის და კომუნიკაციების დეპარტამენტს ვუძღვები (პროფესიით იურისტი და მარკეტოლოგი ვარ), ჩემი მეუღლე – ფინანსურს.

ვიცი, რომ აქტიურად მუშაობთ ბრიტანეთის სავაჭრო პალატასან

მარტში დავასრულე დისერტაციის წერა თემაზე: „კულტურული და აზროვნული განსხვავება მაღალი მოდის მარკეტინგში ქართველ და რუს მომხმარებელს შორის“. ჩემდა სასიხარულოდ, თემამ პროფესორების მაღალი შეფასება დაიმსახურა – გარანტირებულად მომცეს პირველი ხარისხის მაგისტრის წოდება ოფიციალურ ცერემონიაზე. ხარისხის გადაცემას ესწრებოდნენ ჩემი მეუღლე, აგრეთვე, კომპანიის დამფუძნებლები და მენეჯმენტის წარმომადგენლები, რომლებიც არა მხოლოდ ჩემი კოლეგები არიან, არამედ ჩემი უახლოესი მეგობრები და თითქმის ოჯახის წევრები გახდნენ.

ამჟამად ძალიან დატვირთული გრაფიკით ვმუშაობ, რადგან კომპანიაში უამრავი პროექტი გვაქვს და თითქმის ყოველ კვირას მიწევს ერთი ქვეყნიდან მეორეში გადაფრენა. ფაქტობრივად, თვითმფრინავებსა და სასტუმროებში მიხდება ცხოვრება. ერთი მხრივ, კარგია, მეორე მხრივ – ცოტა რთული, რადგან ოჯახს ჩემი ყურადღება აკლდება.

რაც შეეხება ბრიტანულ სავაჭრო პალატას, იქ მოვხვდი, როგორც ჩვენი კომპანიის – ერთ-ერთი ინოვაციური, ახალგაზრდა ბრიტანული ორგანიზაციის – წარმომადგენელი. ჩვენი კომპანია Appy Food & Drinks დიდი ხანია სავაჭრო პალატის წევრია და ამიტომ მიწევს საზღვარგარეთ ბევრი მოგზაურობა, რომ ექსპორტის განვითარებას შევუწყოთ ხელი. ალბათ ყველაზე საამაყო მომენტი იყო, როდესაც ბრიტანულ პარლამენტში ვიყავით მიწვეულები ფორუმზე ჩრდილოატლანტიკური და ბრიტანული ბიზნესის განვითარების საკითხზე.

თავისუფალი დრო თუ გრჩებათ და როგორ ატარებ?

ხშირად არ მაქვს, მაგრამ ვცდილობ გამოვნახო დრო ოჯახისა და მეგობრებისთვის. ჩემს კალენდარს რომ ჩახედოთ, საქმიანი შეხვედრების გრაფიკის გარდა აუცილებლად იპოვით მონიშვნებს, რომლებიც ეხება ამა თუ იმ „ივენთს“, სადაც  მეუღლესთან ან მეგობრებთან ერთად მივდივარ და ამ დღეებს არავითარ შემთხვევაში არ ვცვლი. ოჯახური ცხოვრებაც და მეგობრობაც დროს და ყურადღებას კომპანიაში. ეს ორი ფენომენი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

რა არის თქვენი ჰობ და რა გაინტერესებთ ყველაზე მეტად?

მიუხედავად კარიერისა, ასაკით საკმაოდ პატარა ვარ სერიოზული ცხოვრებისთვის, ამიტომ მაქვს ისეთივე ინტერესები და ჰობი, როგორიც ნებისმიერ ჩემი ასაკის ადამიანს: საღამოობით მეუღლესა და მეგობრებთან ერთად ვერთობი, ვესწრებით ახალი რესტორნების ან კაფეების გახსნას, მივდივართ პიკნიკებზე ანდა გალერეებში. თუ 3 ან 4 თავისუფალი დღე გამოგვიჩნდა, ვცდილობთ უფრო მზიან ქვეყნებში წავიდეთ ზღვის სანაპიროზე, ძირითადად, სამხრეთ ევროპაში. ამასთანავე ვცდილობ ყოველ დილით, სამსახურში წასვლამდე 40 წუთით მაინც სავარჯიშოდ ჩავიდე სტუდიაში, რომელიც ჩემი სახლის ქვედა სართულზეა.

რამდენი წელია, რაც დაოჯახებული ხართ და ბავშვის ყოლას თუ გეგმავთ ახლო მომავალში?

9 წელია, რაც დაქორწინებულები ვართ. რა თქმა უნდა, ბავშვის ყოლას ვაპირებთ.

როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

ბევრი გეგმა მაქვს, თუმცა წინასწარ საუბარი არ მინდა, გარდა იმისა, რომ თუ რამეს გავაკეთებ, ვეცდები ჩემი ქვეყანა ყოველთვის პოზიტიურად წარმოვაჩინო. კონკრეტულად ამ მომენტში კი ფოთში ჩასვლასა და ზღვის ნაპირზე გასვლაზე მეტად არაფერი მინდა.

საქართველოში ხომ არ აპირებ საკუთარი ბიზნესის წარმოებას? უცხოეთ მყოფ, ბიზნესის სფეროთი დაინტერესებულ ახალბედებრას ურჩევდით თქვენი გამოცდილებიდან?

გააჩნია პერსპექტივას. ამჟამად ლონდონი საუკეთესო პლატფორმაა ჩემთვის იმ მიზნების მისაღწევად, რომლებიც მაქვს, თუმცა არ გამოვრიცხავ საქართველოში საქმიანობასაც.

რაც შეეხება ახალბედა ქართველ ბიზნესმენებს ბრიტანეთში, მთავარია, იმედი არ დაკარგონ, თუ რაღაც ისე ვერ წავა, როგორც დაისახეს, რადგან აქ მიზნის მიღწევა გაცილებით რთულია, ამიტომ კონკურენტუნარიანები უნდა იყვნენ. აუცილებელია ბაზრის კარგად შესწავლა და მკაფიოდ გამოხატული მიზნების ქონა, რომ სტრატეგიაც შესაბამისად განავითარონ. მახსოვს, საერთაშორისო ბიზნესის ლექციაზე პროფესორმა ჰელერმა გვითხრა: ყველა ბიზნესიდეას აქვს წარმატების შანსი, თუ კარგი გეგმა გაქვს. 80% დაგეგმვას მოახმარეთ და 20% მის ასრულებას, თუ გინდათ, რომ უკიდურესობაში არ გადავრდეთო. მე ამის მჯერა. ყოველ შემთხვევაში, ჩემთან ეს ამართლებს.

რას ეტყვი ქართველ ემიგრანტებს?

წარმატებებს ვუსურვებ მათ. რადგან ამა თუ იმ ქვეყანაში ჩავიდნენ და უკვე ემიგრანტები არიან, ესე იგი შეძლეს ერთი ნაბიჯის გადადგმა მიზნისკენ. ეს იმას ნიშნავს, რომ ასეთივე მონდომებით შეძლებენ სხვა მიზნების ასრულებასაც.

ესაუბრა ქეთი კვირკველია

იხილეთ ვიდეოსიუჟეტი ირინა გუჯაბიძეზე.

 

კომენტარები
Загрузка...