ესპანეთში ტაქს ფრის თანხის დასაბრუნებლად მინიმალური ზღვარი აღარ არსებობს!

2283
საგრადა ფამილია, ბარსელონა

არაჩვეულებრივი სიახლე მათთვის, ვინც ესპანეთში მოგზაურობას და შოპინგს გეგმავს – მნიშვნელობა არ აქვს შენაძენზე დახარჯულ თანხას, მინიმალური ზღვარი აღარ არსებობს, ნებისმიერ რაოდენობაზე შეგიძლიათ მოითხოვოთ დღგ-ის დაბრუნება. ეს გადაწყვეტილება ესპანეთის სახელმწიფომ ცოტა ხნის წინ მიიღო და ძალაში 2018 წლის ივლისიდან შევიდა. მანამდე ტაქს ფრის ჩეკის შესავსებად ერთ ჯერზე შეძენილი ნივთების საერთო ღირებულება, სულ ცოტა, 90,90 ევრო უნდა ყოფილიყო. ეს ზღვარი უკვე გაუქმებულია.

დღგ-ის სტანდარტული გადასახადი ესპანეთში 21%-ია;

ზოგიერთ კვების პროდუქტსა და ოპტიკურ საქონელზე – 10%;

მედიკამენტები და ფარმაცევტული საქონელი, წიგნები, ჟურნალები, ზოგიერთი კვების პროდუქტი მხოლოდ 4%-ით იბეგრება.

ვის აქვს უფლება, დამატებითი ღირებულების გადასახადის თანხის ნაწილი დაიბრუნოს? მხოლოდ მათ, ვინც მუდმივად ცხოვრობს ევროკავშირის არაწევრ ქვეყანაში, თანაც ნივთების შეძენიდან 3 თვეზე მეტი არ უნდა იყოს გასული.

ტაქს ფრის თანხას იმ შენაძენზე გიბრუნებენ, რომელიც პირადი ბარგის სახით გამოგაქვთ ქვეყნიდან. ამასთან, ეს ნივთები უხმარი უნდა იყოს, იარლიყით. შეიძლება მათი ჩვენება მოგთხოვონ, შეიძლება არა, მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის, მაინც ერთად გქონდეთ, რომ მერე ბარგში ცალ-ცალკე ძებნა არ მოგიწიოთ.

როდესაც რამეს ყიდულობთ, გაარკვიეთ, არის თუ არა მაღაზია ჩართული ტაქს ფრის დაბრუნების სისტემაში. მენეჯერს სთხოვეთ ტაქს ფრის ჩეკის შევსება, რომელსაც უკან გამომგზავრებისას, ქვითრებთან ერთად, მებაჟეს წარუდგენთ, რათა ბეჭედი დაარტყას. შემდეგ უკვე შეგიძლიათ თანხა ხელზე მიიღოთ, ან ანგარიშზე გადმორიცხვა სთხოვოთ.

ტაქს ფრის ფორმის სწრაფად და კომფორტულად შესავსებად ძალიან მოსახერხებელია კომპანია გლობალ ბლუს ტაქს ფრის ბარათზე რეგისტრაცია, რომელიც ამ ლინკზე შეგიძლიათ ძალიან მარტივად:https://members.globalblue.com/registration?_ga=2.80127444.2122599918.1510659539-403940212.1510659539. ამ შემთხვევაში მაღაზიაში მოლარეს უჩვენებთ თქვენს ტაქს ფრი ბარათს (Tax free carte; შეგიძლიათ იმეილი უჩვენოთ, სადაც მოგივათ დადასტურება გლობალ ბლუსგან და თქვენი ბარათის ნომერი, ან გადმოწეროთ ბარათი მეილიდან და ტელეფონში გქონდეთ, ან, თუ ეფლი გაქვთ, ბარათი Apple Wallet-ზე დაამატოთ. ამ შემთხვევაში დაზღვეული ხართ ტაქს ფრის ფორმის არასწორად შევსებისგან თუ მონაცემები არასწორია, მოგეხსენებათ, თანხას ვერ დაიბრუნებთ).

კირა კარიაული

კომენტარები
Загрузка...